Eleos

Contents

თავი - 23

Previous
1უთხრა ბალაამმა ბალაკს: ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და გამიმზადე აქ შვიდი ხბო და შვიდი ცხვარი.
2შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და ბალაკმა და ბალაამმა აღავლინეს თითო ხბო და თითო ცხვარი სამსხვერპლოზე.
3უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი შენს მსხვერპლს, მე კი წავალ, იქნებ შემომხვდეს უფალი და, რასაც გამომიცხადებს, შეგატყობინებ. და წავიდა წყნარად.
4შეხვდა ღმერთი ბალაამს და უთხრა მას ბალაამმა: შვიდი სამსხვერპლო გავაწყვე და თითო ხბო და თითო ცხვარი აღვავლინე თითო სამსხვერპლოზე.
5ჩაუდო უფალმა სიტყვა ბალაამს ბაგეში და უთხრა: დაბრუნდი ბალაკთან და ასე და ასე ელაპარაკე.
6დაბრუნდა მასთან და, აჰა, უდგას თავის მსხვერპლს მოაბელ თავკაცებთან ერთად.
7წარმოთქვა თავისი იგავი: არამიდან მომიყვანა ბალაკმა, მოაბის მეფემ, აღმოსავლეთის მთებიდან: მოდი, დამიწყევლე იაკობი, მოდი, შემიჩვენე ისრაელი.
8როგორ დაგიწყევლო? ღმერთს არ დაუწყევლია. როგორ შევაჩვენო? უფალს არ შეუჩვენებია.
9რადგან კლდის თავიდან ვხედავ მას და გორაკებიდან ვუყურებ მას: აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხებში არ ირიცხება.
10ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ისრაელის მეოთხედის სათვალავს? მოვკვდე მართალთა სიკვდილით და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი!
11უთხრა ბალაკმა ბალაამს: რას მიშვრები? ჩემი მტრების დასაწყევლად წამოგიყვანე, შენ კი აქ ლოცავ მათ.
12მიუგო პასუხად: განა რაც უფალმა ჩამიდო ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო?
13უთხრა მას ბალაკმა: წამომყევი სხვა ადგილას, საიდანაც დაინახავ მას, ოღონდ მის ნაწილს დაინახავ, მთელს კი - ვერა. იქიდან დამიწყევლე ის.
14წაიყვანა იგი მოთვალთვალეთა ადგილსამყოფელში, ფისგას წვერზე, ააგო შვიდი სამსხვერპლო და აღავლინა თითო ხბო და თითო ცხვარი თითოეულ სამსხვერპლოზე.
15უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი აქ შენს მსხვერპლს, მე კი იქ წავალ შესახვედრად.
16შეხვდა უფალი ბალაამს და ჩაუდო სიტყვა ბაგეებში და უთხრა: აბრუნდი ბალაკთან და ასე და ასე ელაპრაკე.
17მივიდა მასთან და, აჰა, უდგას თავის მსხვერპლს მოაბელ თავკაცებთან ერთად. უთხრა ბალაკმა: რა ილაპარაკა უფალმა?
18წარმოთქვა თავისი იგავი: ადექი, ბალაკ, და გაიგონე, ყური მიგდე, ციფორის ძევ!
19ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს?
20აჰა, დალოცვა მებრძანა. მან დალოცა და მე ვერ გადავთქვამ.
21არ არის სიცრუე იაკობში და არ ჩანს მზაკვრობა ისრაელში. უფალი მათი ღმერთია მასთან და სამეუფო ბუკის ხმაა მასში.
22ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა იგი მისთვის.
23არ არის გრძნეულება იაკობში და არ არის ჯადოქრობა ისრაელში. თავის დროზე გამოეცხადება იაკობს და ისრაელს, რა მოიმოქმედა ღმერთმა.
24აჰა, ხალხი ძუ ლომივით იმართება და ხვადი ლომივით ტორებზე დგება; არ დაწვება, ვიდრე ნანადირევს არ შეჭამს და მოკლულთა სისხლს არ შესვამს.
25უთხრა ბალაკმა ბალაამს: ნურც შეაჩვენებ მას და ნურც დალოცავ.
26მიუგო ბალაამმა და უთხრა ბალაკს: ხომ გითხარი, რასაც უფალი მეტყვის, იმას ვიზამ-მეთქი?
27უთხრა ბალაკმა ბალაამს: წამოდი, სხვა ადგილას წაგიყვან. იქნებ ინებოს ღმერთმა, რომ იქიდან დამიწყევლო იგი.
28აიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეგორის თავზე, რომელიც უდაბნოს გადაჰყურებდა.
29უთხრა ბალაამმა ბალაკს: ააგე აქ შვიდი სამსხვერპლო და გამიმზადე შვიდი ხბო და შვიდი ცხვარი.
30შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და აღავლინა თითო ხბო და თითო ცხვარი თითოეულ სამსხვერპლოზე.
Next