თავი - 22
Previous1დაიძრნენ ისრაელიანები და დაბანაკდნენ მოაბის ველზე, იორდანეს გაღმა, იერიქონს ქვემოთ.
2დაინახა ბალაკ ციფორის ძემ ყველაფერი, რაც ისრაელმა უყო ამორეველებს.
3დიდად შეეშინდა მოაბს ამ ხალხისა, რადგან ბევრნი იყვნენ და დაფრთხა მოაბი ისრაელიანთა წინაშე.
4უთხრა მოაბმა მიდიანის უხუცესებს: ახლა გადაჭამს ეს ურდო ყველაფერს ჩვენს გარშემო, როგორც ნახირი გადაჭამს ხოლმე მინდვრის ბალახს. ბალაკ ციფორის ძე იყო იმხანად მოაბის მეფე.
5გაუგზავნა მოციქულები ბალაამ ბეყორის ძეს ფეთორში, რომელიც მდინარის პირას მდებარეობს, მისი ხალხის ქვეყანაში, და დააბარა, რომ ეთქვათ: აჰა, ერთი ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. აჰა, დაფარა მან მიწის პირი და ჩემს ახლოს დასახლდა.
6ახლა, მოდი და დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერია იგი. იქნებ მაშინ შევძლო მისი დამარცხება და ქვეყნიდან განდევნა, რადგან ვიცი, ვისაც შენ ლოცავ, დალოცვილია, და ვისაც სწყევლი, დაწყევლილია.
7წავიდნენ მოაბის უხუცესები და მიდიანის უხეცესები, და სამისნო ძღვენით ხელში მივიდნენ ბალაამთან. უთხრეს მას ბალაკის დანაბარები.
8მიუგო მათ: აქ გაათიეთ ეს ღამე და გეტყვით პასუხს, რასაც უფალი გამომიცხადებს. დარჩნენ მოაბის თავკაცები ბალაამთან.
9გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და უთხრა: ეს ვინ კაცებია შენთან?
10მიუგო ბალაამმა ღმერთს: ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს, გამოუგზავნია ჩემთან.
11აჰა, ერთი ხალხი გამოვიდაო ეგვიპტიდან, და მიწის პირი დაფარაო. ახლა მოდი და შემიჩვენეო იგი, იქნებ შევძლოთ მათთან შებრძოლება და მათი განდევნა.
12უთხრა ღმერთმა ბალაამს: ნუ წაჰყვები მათ, ნუ დასწყევლი მაგ ხალხს, რადგან კურთხეულია იგი.
13ადგა ბალაამი დილით და უთხრა ბალაკის თავკაცებს: წადით თქვენს ქვეყანაში, რადგან არ უნდა უფალს, რომ გამოგყვეთ.
14ადგნენ მოაბის თავკაცები და დაბრუნდნენ მოაბთან, უთხრეს: არ მოინდომა ბალაამმა ჩვენთან წამოსვლა.
15ისევ გააგზავნა ბალაკმა თავკაცები, მათზე უფრო დიდებულნი და პატივსაცემნი.
16მივიდნენ ბალაამთან და უთხრეს: ასე ამბობს ბალაკ ციფორის ძე: უარს ნუ ამბობ ჩემთან მოსვლაზე.
17რადგან დიდ პატივს მოგაგებ და რასაც მეტყვი, ყველაფერს გაგიკეთებ. მოდი, შემიჩვენე ეს ხალხი.
18მიუგო ბალაამმა ბალაკის მსახურებს: თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას, ვერც მცირეს რასმე გავაკეთებ, ვერც დიდს.
19თქვენ ახლა დარჩით აქ ამაღამ და გავიგებ, კიდევ რას მეტყვის უფალი.
20მივიდა ღმერთი ბალაამთან ღამით და უთხრა: თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და წაჰყევი მათ. ოღონდ როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი.
21ადგა ბალაამი დილით, შეკაზმა სახედარი და წაჰყვა მოაბის თავკაცებს.
22აინთო ღვთის რისხვა მისი წასვლის გამო და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად. ის კი შემჯდარიყო თავის სახედარზე და მიდიოდა ორი მსახური ბიჭის თანხლებით.
23დაინახა სახედარმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში, გადაუხვია გზიდან და წავიდა ყანებზე, მინდვრებზე. დაუწყო ცემა ბალაამმა სახედარს, რომ მოებრუნებინა გზისკენ.
24დადგა უფლის ანგელოზი ბილიკზე ვენახებს შორის, ერთ მხარესაც ღობე იყო, მეორე მხარესაც ღობე.
25დაინახა თუ არა სახედარმა უფლის ანგელოზი, აეკრა კედელს და ბალაამის ფეხიც მიაჭყლიტა ზედ. ისევ დაუწყო ცემა ბალაამმა.
26ისევ დაიძრა უფლის ანგელოზი და ჩადგა ვიწროში, საიდანაც არც მარჯვნივ იყო გასახვევი გზა და არც მარცხნივ.
27დაინახა სახედარმა უფლის ანგელოზი და ჩაიკეცა ბალაამის ქვეშ. გაბრაზდა ბალაამი და ჯოხი დასცხო სახედარს.
28გაუხსნა ბაგე უფალმა სახედარს და უთხრა სახედარმა ბალაამს: რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედ მცემ?
29უთხრა ბალაამმა სახედარს: რა და, მასხრად ამიგდე. მახვილი რომ მქონდეს ხელში, ახლავე მოგკლავდი.
30უთხრა სახედარმა ბალაამს: განა შენი სახედარი არა ვარ, რომლითაც დადიხარ უკვე რა ხანია დღემდე? ოდესმე თუ მოგქცევივარ ასე? მიუგო: არა.
31აუხილა უფალმა თვალი ბალაამს და დაინახა ბალაამმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში. თაყვანისცა და პირქვე დაემხო.
32უთხრა მას უფლის ანგელოზმა: რისთვის სცემ შენს სახედარს უკვე მესამეჯერ? აჰა, შენს დასაბრკოლებლად გამოვედი, რადგან უკუღმართია შენი გზა ჩემს თვალში.
33დამინახა სახედარმა და უკვე მესამეჯერ გადაუხვია ჩემგან. რომ არ გადაეხვია, შენ მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი.
34უთხრა ბალაამმა უფლის ანგელოზს: შევცოდე, რადგან არ ვიცოდი, რომ შენ იყავი ჩემს გზაზე გადამდგარი. ახლა კი, თუ ეს ბოროტებაა შენს თვალში, უკან გავბრუნდები ჩემთვის.
35უთხრა უფლის ანგელოზმა ბალაამს: წაჰყევი ამ ხალხს, ოღონდ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი. წაყვა ბალაამი ბალაკის თავკაცებს.
36გაიგო ბალაკმა, რომ მოდის ბალაამი, და გამოვიდა მის შესახვედრად მოაბის ქალაქისკენ, რომელი არნონის საზღვართან მდებარეობს, ზედ საზღვარზე.
37უთხრა ბალაკმა ბალაამს: ხომ გამოვგზავნე ხალხი შენს დასაძახებლად? რატომ არ მოდიოდი ჩემთან? ნუთუ მართლა ვერ შევძლებ შენს პატივისცემას?
38უთხრა ბალაამმა ბალაკს: აჰა, მოვედი შენთან. განა შემიძლია ახლა რაიმეს თქმა? რასაც ღმერთი ჩამიდებს ბაგეებში, იმას ვიტყვი.
39გაჰყვა ბალაამი ბალაკს და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში.
40დაკლა ბალაკმა ხარები და ცხვრები და გაუგზავნა ბალაამს და მის თანმხლებ თავკაცებს.
41მეორე დილით ადგა ბალაკი და ბაალის გორაკებზე აიყვანა ბალაამი. დაინახა იქიდან ბალაამმა ხალხის ნაწილი.
Next