Eleos

Contents

თავი - 21

Previous
1გაიგო ქანაანელმა, ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ ათარიმის გზით მოდიოდა ისრაელი, შეებრძოლა ისრაელს და მოსტაცა ტყვეები.
2აღთქმა მისცა ისრაელმა უფალს და თქვა: თუ ხელში ჩამაგდებინებ ამ ხალხს, დავარისხებ მათ ქალაქებს.
3უსმინა უფალმა ისრაელის ხმას და ხელში ჩაუგდო ქანაანელნი. მათაც დაარისხეს ისინი და მათი ქალაქები. უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა (ნარისხალი).
4დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვის გზით, რომ შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში.
5საყვედურით დაუწყო ხალხმა ლაპარაკი უფალს და მოსეს: რისთვის ამოგვიყვანე ეგვიპტიდან მოსაკლავად ამ უდაბნოში. რადგან არ არის პური და არც წყალი, შეგვაღონა უყუათო საჭმელმა.
6მიუსია უფალმა ხალხს შხამიანი გველები და მათ დაკბინეს ხალხი. ბევრი გაწყდა ისრაელში.
7მივიდა ხალხი მოსესთან და თქვეს: ვცოდეთ, რომ გისაყვედურეთ უფალს და შენ. ილოცე უფლისდმი, რომ მოგცილდეს გველი. ილოცა მოსემ ხალხისათვის.
8უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე. შეხედავს თუ არა მას ნაკბენი, განიკურნება.
9გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე. როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა.
10დაიძრნენ ისრაელიანები და ობოთში დაბანაკდნენ.
11დაიძრნენ ობოთიდან და დაბანაკდნენ ყიე-ყაბარიმში, უდაბნოში, მოაბის გასწვრივ რომ არის, მზის აღმოსავლეთისკენ.
12დაიძრნენ იქიდან და ზარედის ხევში დაბანაკდნენ.
13დაიძრნენ იქიდან და დაბანაკდნენ არნონთან, უდაბნოში, სადაც არნონი ამორეველთა საზღვრიდან გამოდის, რადგან იგი მოაბისა და ამორეველთა საზღვარია.
14ამიტომაც არის ნათქვამი საუფლო ბრძოლების წიგნში: ვაჰები ქარიშხალში და არნონის ღვარები.
15ეშვება ღვარები და უხვევს, რომ დამდოვრდეს ყართან და მიადგეს მოაბის საზღვარს.
16იქიდან ბეერში. ეს ის ბეერია (ჭა), რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: შეკრიბე ხალხი და მე მივცემ მათ წყალს.
17მაშინ იმღერა ისრაელმა ეს სიმღერა: აივსე, ჭაო! უმღერეთ მას!
18ჭა, რომელიც ამოიღეს მთავრებმა, ამოთხარეს ერის თავკაცებმა კვერთხით - თავიანთი არგნებით. უდაბნოდან მათანისკენ.
19მათანიდან ნახალიელში, ნახალიელიდან ბამოთში.
20ბამოთიდან გავიდნენ დაბლობზე, მოაბის ველზე რომ არის, ფისგას მთასთან, უდაბნოსკენ რომ იყურება.
21გაუგზავნა მოციქულები ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს და შეუთვალა:
22გამატარე შენს ქვეყანაზე; არ შევალთ ყანებში და ვენახებში, არ დავლევთ ჭის წყალს; სამეფო გზაზე ვივლით, ვიდრე შენი საზღვრიდან არ გავალთ.
23არ დაანება სიხონმა თავის საზღვარზე გავლა; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ჯარი და გავიდა ისრაელის დასახვედრად უდაბნოში; მივიდა იაჰელაში და შეებრძოლა ისრაელს.
24მოსრა იგი ისრაელმა მახვილით და დაეპატრონა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ქვეყანამდე, რადგან გამაგრებული იყო ყამონელთა საზღვარი.
25აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დაიწყო ისრაელმა ცხოვრება ამორეველთა ყველა ამ ქალაქში, ხეშბონში და მთელს მის დაბა-სოფლებში.
26რადგან ხეშბონი ამორეველთა მეფის, სიხონის ქალაქი იყო. მან ბრძოლა გაუმართა მოაბის წინანდელ მეფეს და წაართვა მთელი ქვეყანა არნონამდე.
27ამიტომაც ამბობენ მეიგავარაკენი: წადით ხეშბონს, აშენდება და განმტკიცდება სიხონის ქალაქი.
28რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი სიხონის ქალაქიდან, შთანთქა ყარ-მოაბი, არნონის გორაკთა პატრონები.
29ვაი შენ, მოაბო! განადგურდი, ქამოშის ხალხო! თავისი ვაჟები ლტოლვილებად აქცია, თავისი ქალები ამორეველთა მეფის, სიხონის, ტყვეებად.
30დავამხეთ, განადგურდა ხეშბონი დიბონამდე; გაგაუკაცრიელეთ ნოფახამდე, მედებას მახლობლად რომ არის!
31დაიწყო ცხოვრება ისრაელმა ამორეველთა ქვეყანაში.
32გაგზავნა კაცები მოსემ იაზერის დასაზვერად და აიღეს მისი დაბა-სოფლები და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველები.
33გამობრუნდნენ და დაადგნენ ბაშანის გზას. გამოვიდა მათ წინააღმდეგ ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ჯარით ედრეიში საბრძოლველად.
34უთხრა უფალმა მოსეს: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდებ მას და მთელს მის ჯარს, მთელს მის ქვეყანას. იმასვე უყოფ მას, რაც უყავი სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონში რომ ცხოვრობდა.
35მუსრი გაავლეს მას, მის ვაჟებს და მთელს მის ქალაქს, ისე რომ არავინ გადარჩენილა, და დაისაკუთრეს მისი ქვეყანა.
Next