Eleos

Contents

თავი - 20

Previous
1მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ცინის უდაბნოში, პირველ თვეს, და დადგა ერი კადეშში. იქ მოკვდა მირიამი და იქვე დამარხეს.
2არ ჰქონდა წყალი საზოგადოებას და შეითქვნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ.
3აუყვირდა ხალხი მოსეს და ასე უთხრა: ნეტავ ჩვენს ძმებთან ერთად დავხოცილიყავით უფლის წინაშე.
4რისთვის მოგვიყვანე უფლის კრებული ამ უდაბნოში, ჩვენი და ჩვენი საქონლის გასაწყვეტად?
5რისთვის ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან ამ უბედურ არემარეში, სადაც არ არის თესლის ადგილი, არც ლეღვი, არც ყურძენი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალია?
6გადგნენ მოსე და აარონი კრებულისგან სადღესასწაულო კარვის შესასვლელისკენ, პირქვე დაემხნენ და გამოეცხადა მათ უფლის დიდება.
7ელაპარაკა უფალი მოსეს, უთხრა:
8აიღე კვერთხი და შეჰყარეთ საზოგადოება შენ და შენმა ძმამ, აარონმა. დაელაპარაკეთ მათ თვალწინ კლდეს და მოგცემთ იგი წყალს. ამოუჩქეფებ მათ წყალს კლდიდან და დაარწყულებ მთელს საზოგადოებას მათი საქონელითურთ.
9აიღო მოსემ კვერთხი უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისგან.
10შეჰყარა მოსემ და აარონმა საზოგადოება კლდის წინ. უთხრა მათ: ყური მიგდეთ, ურჩებო! ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი?
11აღმართა ხელი მოსემ და ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი და უხვად იდინა წყალმა. სვეს საზოგადოებამ და მისმა საქონელმა.
12უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: იმის გამო, რომ არ მერწმუნეთ და წმიდად არ გამომაჩინეთ ისრაელიანთა თვალში, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყნად, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული.
13ეს არის მტრობის წყალი, სადაც ედავებოდნენ ისრაელიანები უფალს და რითაც წმიდად გამოჩნდა იგი.
14გაუგზავნა მოსემ კადეშიდან მოციქულები ედომის მეფეს: ასე ამბობს შენი ძმა ისრაელი: შენ იცი ყველა უბედურება, რაც შემემთხვა.
15ჩავიდა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტეს და ვცხოვრობდით ეგვიპტეში მრავალი ხანი. ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელები ჩვენ და ჩვენს მამა-პაპას.
16შევღაღადეთ უფალს და მან ისმინა ჩვენი ხმა, გამოგვიგზავნა ანგელოზი და გამოგვიყვანეს ეგვიპტიდან და, აჰა, კადეშში ვართ შენს მოსაზღვრე ქალაქში.
17გაგვატარე შენს ქვეყანაზე: არ გადავუვლით შენს ყანებს და ვენახებს, არ დავლევთ შენი ჭის წყალს; სამეფო გზით ვივლით, არც მარჯვნივ გავუხვევთ, არც მარცხნივ, ვიდრე შენს საზღვარს არ გავცდებით.
18უთხრა ედომმა: არ გაიარო ჩემზე, თორემ მახვილით დაგხვდები.
19მიუგეს ისრაელიანებმა: მთავარი გზით წამოვალთ. თუ შენს წყალს დავლევთ მე და ჩემი საქონელი, საზღაურს გადაგიხდი. ეს იქნება და ეს, ჩემი ფეხით გავივლი.
20მიუგო: ვერ გაივლი. გამოვიდა მის დასახვედრად ედომი დიდძალი ხალხით და მაგარი ხელით.
21არ დაანება ედომმა ისრაელს გავლა თავის საზღვარზე და გაერიდა მას ისრაელი.
22დაიძრნენ კადეშიდან და მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ჰორის მთასთან.
23უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვართან:
24შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან ვერ უნდა შევიდეს იგი იმ ქვეყანაში, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული; იმის გამო,რომ მტრობის წყალთან მეურჩებოდით.
25ხელი მოჰკიდე აარონს და მის ძეს ელეაზარს, და ჰორის მთაზე აიყვანე.
26გახადე სამოსელი აარონს და მით ელეაზარი, მისი ძე შემოსე. შეერთოს აარონი და მოკვდეს იქ.
27ისე მოიქცა მოსე, როგორც უბრძანა მას უფალმა. ავიდნენ ჰორის მთაზე მთელი საზოგადოების თვალწინ.
28გახადა მოსემ აარონს სამოსელი და მით ელეაზარი, მისი ძე, შემოსა. მოკვდა აარონი იქ მთაზე და ჩამოვიდნენ მოსე და ელეაზარი მთიდან.
29დაინახა მთელმა საზოგადოებამ, რომ მოკვდა აარონი, და დასტიროდა აარონს მთელი ისრაელის სახლი ოცდაათ დღეს.
Next