თავი - 3
Previous1ისმინეთ ეს სიტყვა, რომელიც თქვენზე თქვა უფალმა, ისრაელიანებო, მთელს მოდგმაზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე:
2მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნის მოდგმათა შორის, ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს.
3აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ?
4აბა, თუ ბრდღვინავს ლომი ტყეში, როცა ნადავლი არ ეგულება? თუ გამოსცემს ხმას ბოკვერი თავისი ბუნაგიდან, როცა არაფერი აქვს შესაპყრობი?
5აბა თუ გაებმება ჩიტი ბადეში, თუ მიწაზე მახე არ არის დაგებული?
6აბა, თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად?
7რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ.
8ლომი ბრდღვინავს - ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს - ვინ არ გაქადაგდება!
9გააგონეთ დარბაზებს აშდოდში და დარბაზებს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხარით: შეიკრიბენით სამარიის მთებზე და იხილეთ დიდი შფოთი მათ შორის და ძალადობა მის წიაღში!
10არ იციან სიმართლის ქმნა, ამბობს უფალი, ძარცვა-გლეჯით ავსებენ საგანძურებს თავიანთ დარბაზებში.
11ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მტერი შემოადგება ირგვლივ ქვეყანას, დაამხობს შენს ციხე-სიმაგრეს და დარბაზებს გაგიძარცვავს.
12ასე ამბობს უფალი: როგორც მწყემსი გადაარჩენს ლომის ხახიდან ორ ბარკალს ან ყურის ნაგლეჯს, ასე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და დამასკოში სარეცელზე.
13ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის სახლს, ამბობს უფალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი.
14რადგან იმ დღეს, როცა მოვკითხავ ისრაელს მის შეცოდებებს და მოვკითხავ სამსხვერპლოთა გამო ბეთელში, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწად დაემხობა.
15დავაქცევ ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად, განადგურდება სპილოსძვლის სახლები და ბევრი სახლი აღიგვება, ამბობს უფალი.
Next