თავი - 4
Previous1ისმინეთ ეს სიტყვა, ბაშანის ფურებო, სამარიის მთებზე რომ ხართ, რომ ავიწროებთ ბეჩავთ და ჩაგრავთ ღარიბ-ღატაკთ, რომ ეუბნებით თქვენს პატრონებს: მოგვიტანე, რომ დავლიოთო!
2დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი სიწმიდე და, აჰა, დაგიდგებათ დღე და თქვენ კაუჭებით წაგათრევენ და თქვენს შთამომავლებს თევზის ანკესებით.
3ერთმანეთის მიყოლებით გახვალთ კედლის განანგრევში და დააგდებთ სასახლეს, ამბობს უფალი.
4წადით ბეთელში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები, ყოველ დილას მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს თქვენი მეათედები.
5შესწირეთ სამადლობელი მსხვერპლი საფუვრიანიდან, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ; რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო, ამბობს უფალი ღმერთი.
6აკაწკაწებული კბილები მოგეცით ყველა თქვენს ქალაქში და უპურობა ყველა თქვენს ადგილზე, მაინც რ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
7წვიმაც კი შეგიწყვიტე მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთი ყანა წვიმით ირწყვებოდა, მეორე ყანა კი, უწვიმარი, ხმებოდა.
8მიეხეტებოდა ორი, სამი ქალაქი ერთ ქალაქში წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
9მუსრი გაგავლეთ ჟანგით და სიყვითლით; თქვენი უამრავი ბაღები და ვენახები, ლეღვები და ზეთისხილი კალიამ გადაჭამა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
10შეგყარეთ ჭირი ეგვიპტის გზაზე, ვხოცავდი მახვილით თქვენს ყრმებს, როცა თქვენს ცხენებს ვიტაცებდი და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულჰართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
11დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორი დააქცია, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
12ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ, და რაკი ამას დაგმართებ, გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად, ისრაელ!
13რადგან, აჰა, მთათა გამომსახველი და ქარის შემქმნელი, კაცისთვის მისი ფიქრის გამომცხადებელი, ნათლის ბნელად გარდამქცეველი და ქვეყნის სიმაღლეთა გამთელავი! უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი!
Next