თავი - 2
Previous1ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ მოაბს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ: კირად გამოწვა ედომის მეფის ძვლები.
2ცეცხლს წავუკიდებ მოაბს და შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი აურზაურში, საომარ ყიჟინაში და საყვირის ხმაზე.
3ამოვძირკვავ მსაჯულს მისი წიაღიდან და დავხოცავ ყველა მთავარს მასთან ერთად, ამბობს უფალი.
4ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ იუდას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავენ მის წესებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამა-პაპა მისდევდა.
5ცეცხლს წავუკიდებ იუდას და შთანთქაას იერუსალიმის დარბაზებს.
6ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს - წყვილი ხამლისთვის.
7მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან მიდიან ჩემი წმიდა სახელის შესალახავად.
8დაგირავებულ სამოსელზე განრთხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში.
9გავანადგურებ ამორეველს მის წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით გამაგრდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს.
10იმისთვის გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოცი წელი გატარეთ უდაბნოში, რომ დაგემკვიდრებინათ ამორეველთა ქვეყანა.
11შენს ძეთა შორის აღვძარი წინასწარმეტყველნი და შენს ყრმათა შორის - მოწმიდარნი; ასე არ იყო, ისრაელიანებო? ამბობს უფალი.
12თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ, ნუ წინასწარმეტყველებთო!
13აჰა, გადაგჯეგავთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჯეგავს.
14მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის.
15მშვილდის მპყრობელი ვერ გაუძლებს, ვერც ფეხმარდი ვერ გადარჩება და ვერც მხედარი ვერ იხსნის თავს.
16გულმაგარიც კი მამაცთა შორის შიშველი გაიქცევა იმ დღეს, ამბობს უფალი.
Next