თავი - 7
Previous1როცა ისრაელს ვკურნავდი, გამოაშკარავდა ეფრემის უკეთურებაც და სამარიის ბოროტებაც, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; მოდის ქურდი, ყაჩაღები დაძრწიან გარეთ!
2არც უფიქრიათ გულში, რომ მე მახსოვს ყოველი მათი ბოროტება; ახლა გარემოუცავთ ისინი თავიანთ ავ საქმეებს; აჰა, ჩემს წინაშე არიან.
3თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი ტყუილებით - მთავრებს.
4მრუშობენ ყველანი ხაბაზის გახურებულ თონესავით, რომელიც ანელებს ცეცხლს, სანამ ახალი ცომი არ გაფუვდება.
5ჩვენი მეფის დღეს მთავრები სნეულდებიან ღვინის სიმხურვალისგან, მეფე კი მასხარებისკენ იწვდის ხელს.
6რადგან თონესავით გახდა მათი გული მზაკვრობისგან; მთელი ღამე სძინავს ხაბაზს, დილით კი ანთია თონე აგიზგიზებული ცეცხლივით.
7ყველანი გახურებულნი არიან თონესავით და ჭამენ თავიანთ მსაჯულებს; განმდგარია ყველა მათი მეფე, არავინ მიხმობს მათ შორის.
8ეფრემი შეერია ხალხებს, გადმოუბრუნებელი კოკორივით შეიქნა.
9უცხოთესლი ჭამს მის ძალას, მას კი ვერაფერი შეუტყვია; ჭაღარა შეერია კიდეც, მას კი ვერაფერი შეუტყვია.
10თავისი ამპარტავნობა ამხილებს ისრაელს, მაგრამ არ უბრუნდებიან უფალს, თავიანთ ღმერთს; არა და არ ეძებენ მას.
11ბრიყვი და უგნური მტრედივით იქცა ეფრემი: ეგვიპტეს უხმობენ, აშურში კი მიდიან.
12როგორც კი წავლენ, ჩემს სათხეველს მოვისვრი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი მათ, როგორც გამოეცხადათ მათ.
13ვაი მათ, რადგან ზურგი მაქციეს! დაღუპვა მათ, რადგან შემცოდეს მე! მათი გამოსყიდვა მსურს, ისინი კი მზაკვრობენ ჩემს წინააღმდეგ!
14გულით არ შემომღაღადებენ, არამედ კვნესიან თავიანთ საწოლებში; პურისა და ღვინის გულისთვის იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ.
15მე დავმოძღვრე, მკლავი გავუმაგრე, ისინი კი ავს მიზრახავენ.
16არ მიიქცნენ, უზენაესისკენ; მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უტიფარი ენის გამო. ეს იქნება მათი სირცხვილი ეგვიპტის ქვეყანაში.
Next