თავი - 12
Previous1შემომეხვია სიცრუით ეფრემი და ტყუილით ისრაელის სახლი; ჯერ კიდევ ღმერთთან არის იუდა და ერთგულია წმიდათა მიმართ.
2ეფრემი მწყემსავს ქარს და ხორშაკს ედევნება; დღითი დღე ამრავლებს ტყუილს და ძალადობას; აშურთან შეკრა კავშირი და ზეთი ეგვიპტეში მიაქვს.
3დავა აქვს უფალს იუდასთან და მოჰკითხავს იაკობს მის საქციელს; მის საქმეთაებრ მიაგებს მას.
4დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, მოღონიერდა და ღმერთს შეერკინა.
5შეერკინა ანგელოზს და სძლია, თუმცა ტირილით ემუდარებოდა. ბეთელში გვიპოვის ჩვენ და დაგველაპარაკება.
6უფალია ცაბაოთ ღმერთი, უფალია მისი სახელი.
7შენ კი შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი და შენს ღმერთს ესავდე მუდამ.
8ქანაანელია, მატყუარა სასწორი რომ უჭირავს ხელში, და ჩაგვრა უყვარს.
9თქვა ეფრემმა: აჰა, ხომ გავმდიდრდი და მოვიხვეჭე დოვლათი; მთელს ჩემს ნამუშაკევში ვერ მიპოვნიან დანაშაულს, რომ რამეში შემეცოდოს.
10მე, უფალი, თქვენი ღმერთი ვარ ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; კვლავ დაგასახლებთ კარვების ქვეშ, როგორც დღესასწაულის დღეებში.
11მე ველაპარაკებოდი წინასწარმეტყველთ და მე გავამრავლე ხილვები; წინასწარმეტყველთა პირით იგავურად ვლაპარაკობდი.
12თუ იყვნენ კერპები გალაადში, ნამდვილად გაცამტვერდნენ ისინი; გილგალში ხარებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათი სამსხვერპლოებიც ქვის გროვასავით ყრია ყანის ხნულებში.
13გაიქცა იაკობი არამის ყანებში და შრომობდა ისრაელი ცოლის გულისთვის; ცოლის გულისთვის იცავდა ფარას.
14წინასწარმეტყველის მეშვეობით ამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მეშვეობით იყო დაცული.
15მწარედ გააჯავრა ეფრემმა თავისი უფალი. ამიტომაც მასზევე დაანთხევს მის დაღვრილ სისხლს და მოჰკითხავს მის სასირცხო საქმეებს.
Next