Eleos

Contents

თავი - 11

Previous
1როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა იგი, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე.
2რაც უფრო ვუხმობდი მას, მით უფრო გარბოდა ჩემგან, რომ მსხვერპლი შეეწირა ბაალებისთვის და კერპებისთვის საკმეველი ეკმია.
3მე ვასწავლე ეფრემს სიარული; ჩემს მკლავებზე მყავდა აყვანილი, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ვკურნავდი
4ვიზიდავდი მათ ადამიანური გრძნობის საკვრელებით, სიყვარულის ძაფებით; ლაგმის ჩამომგდებივით ვიყავი მათთვის მათი ყბებიდან, მათზე ვიყავი გადმოხთილი და ვკვებავდი მათ.
5არ გაბრუნებულან ეგვიპტის ქვეყნისკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემსკენ მობრუნება.
6მახვილი დატრიალდება მის ქალაქში და მუსრს გაავლებს მის მრჩევლებს. შთანთქავს მათ ავი განზრახვების გამო.
7მიდრეკილია ჩემგან განდგომად ჩემი ერი, უღლისკენ მოუწოდებენ, მაგრამ არავინ გადმოუგდებს მას.
8როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გაგწირო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა.
9აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძრები ეფრემის დასაღუპად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი; მე წმიდა ვარ თქვენს შორის და რისხვით არ მოვალ.
10უფალს გაჰყვებიან; ლომივით ბრდღვინავს ის და როცა დაიწყებს ბრდღვინვას, შიშით წამოვლენ დასავლეთიდან შვილები.
11შიშით წამოვლენ, როგორც ჩიტები, ეგვიპტიდან და, როგორც მტრედები, აშურის ქვეყნიდან; და დავასახლებ მათ თავიანთ სახლებში, ამბობს უფალი.
Next