თავი - 13
Previous1როცა დასძრავდა სიტყვას ეფრემი, შიშის ზარი იყო; იგი აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაალის გამო და მოკვდა.
2ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისგან, ოსტატურად, კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს; ისინი ამბობენ მათზე: კაცის შემწირველნი ხბოებს კოცნიანო!
3ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადევნილი კვამლივით.
4მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული, სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა და არავინაა მხსნელი.
5მე გიცნობდი შენ უდაბნოში, მცხუნვარე მიწაზე.
6როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე.
7მე კი ლომად ვექცევი მათ, ვეფხვივით ჩავუსაფრდები გზაზე.
8ბელებწაგვრილი დათვივით დავეცემი თავს, შევუნგრევ გულისფიცარს და, როგორც ლომი, შევჭამ მათ; ველის მხეცები დაგლეჯენ მათ.
9თავი წაიწყმიდე, ისრაელ, რადგან მხოლოდ ჩემშია შენი შეწევნა!
10სადა არის ახლა შენი მეფე, რომ გიხსნას ყოველ შენს ქალაქში? ან შენი მსაჯულნი, რომლებზეც ამბობდით: მომეცი მეფე და მთავრებიო?
11მე მოგეცით მეფე განრისხებისას და წაგართმევთ გულისწყრომაში.
12შეფუთულია ეფრემის უკეთურებანი, გადანახულია მისი ცოდვები.
13მშობიარის ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, თორემ არ დაყოვნდებოდა საშოს კარებთან.
14ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!
15თუმცა განივრცო ეფრემი ძმათა შორის, მაგრამ დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყარო და დაწდება მისი სათავე; ის გაძარცვავს ყოველნაირ ძვირფას ჭურჭელთა საგანძურს.
Next