Eleos

Contents

თავი - 10

Previous
1კიროსის, სპარსეთის მეფის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს. ჭეშმარიტი და დიდმნიშვნელოვანი იყო ეს სიტყვა. მან გაიგო ეს სიტყვა და მიხვდა ამ ხილვას.
2იმხანად მე, დანიელი, სამი შვიდეული დღის მანძილზე დანაღვლიანებული ვიყავი.
3გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა.
4პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის პირას ვიყავი.
5თვალები ავახილე და დავინახე, აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული.
6მისი ტანი ტოპაზის მსგავსი იყო, სახე - ელვის მსგავსი, თვალები - ცეცხლის ალის მსგავსი, ხელფეხი - გაპრიალებულ სპილენძის მსგავსი. მისი ლაპარაკი კი - მრავალთა ხმის მსგავსი.
7მხოლოდ მე, დანიელმა, დავინახე ეს სანახავი, ხოლო იმ კაცებმა, ჩემთან რომ იყვნენ, ვერ დაინახეს ეს სანახავი; თუმცა დიდი შიში დაეცათ და დასამალად გაიქცნენ.
8მე მარტო დავრჩი და ვუყურებდი ამ დიად სანახავს; ღონე აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.
9მისი ლაპარაკის ხმა შემომესმა და მისი ლაპარაკის ხმის გაგონებისთანავე, თავზარდაცემული მიწაზე პირქვე დავემხე.
10და, აჰა, ხელი შემეხო და მუხლებზე და ხელის მტევნებზე წამომაყენა.
11მითხრა: დანიელ, სათნო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ გეუბნები და დადექი შენ ალაგას, რადგან შენთანა ვარ ახლა გამოგზავნილი. ამ სიტყვას რომ მეუბნებოდა, მე აცახცახებული ვიდექი.
12მითხრა: ნუ გეშინია, დანიელ! რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღმერთის წინაშე მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი.
13სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინაღმდეგებოდა და, აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი, რადგან მე სპარსეთის მეფესთან დავრჩი.
14მოვედი, რომ გაგაგებინო, რა ბედი ეწევა შენს ერს უკანასკნელ დღეებში, რადგან ეს ხილვაც მომავალ დღეებს შეეხება.
15როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მიწაზე პირქვე ვიყავი დამხობილი და დამუნჯებული.
16და, აჰა, კაცის ძის მსგავსი შეეხო ჩემს ბაგეს, მე გავხსენი პირი და ავმეტყველდი; ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: ჩემო ბატონო, გამტანჯა ამ სანახავმა და ძალა გამომეცალა.
17როგორ შეუძლია ამ ბატონის მონა-მორჩილს ელაპარკოს ამ ბატონს? რადგან აღარც ძალა შემრჩა და აღარც სული მიდგას.
18მაშინ კვლავ შემეხო კაცის სახებისმაგვარი და გამამაგრა.
19მითხრა: ნუ გეშინია, სათნო კაცო, მშვიდობა შენდა! გამაგრდი, გამაგრდი. როცა მელაპარაკებოდა, გავმაგრდი.
20მითხრა: თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა სპარსეთის მთავართან საომრად უნდა გავბრუნდე და როდესაც მე გავალ, აჰა, მაშინ მოვა იავანის მთავარი.
21მაგრამ მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს: მათ წინააღმდეგ არავინა მყავს შემწე, მიქალის, თქვენი მთავრის მეტი.
Next