Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1პირველ წელს, როცა დარიოს ქსერქსეს ძე, მოდგმით მიდიელი, ქალდეველთა სამეფოზე გამეფდა,
2მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან შევიტყვე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი უნდა შესრულებოდა იერუსალიმის ნანგრევებს.
3პირი მივაქციე უფალი ღმერთისკენ და მივმართე ლოცვითა და ვედრებით, მარხვაში, ჯვალოში და ნაცარში;
4ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის მიმართ, ვაღიარე და ვუთხარი: უფალო ჩემო, ღმერთო დიდებულო და საკვირველია, რომელიც უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მოყვარულებს და შენი მცნებების შემნახველთ!
5ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ, ურჯულოდ ვიქცეოდით, ვჯიუტობდით და გადავუხვიეთ შენს მცნებებს და სამართალს.
6ყურს არ ვუგდებდით შენს მორჩილთ - წინასწარმეტყველთ, რომელნიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას და ქვეყნის ყველა ხალხს.
7უფალო, შენია სიმართლე, ხოლო ჩვენ დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე - ყველა იუდაელს, იერუსალიმის მკვიდრს, მთელს ისრაელს, ახლობელსა და შორებელს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ განდევნე იმ ღალატის გამო, რომლითაც შენ გიღალატეს.
8უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე.
9უფლის, ჩვენი ღმერთისგან არის შეწყალება და პატიება, ჩვენ კი ვჯიუტობდით მის წინაშე.
10ყურს არ ვუგდებდით უფალს, ჩვენი ღმერთის ხმას, რომ გვევლო მის რჯულზე, თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა ხელით რომ გვიბოძა.
11შენს რჯულს მთელმა ისრაელმა გადაუხვია და ზურგი გაქცია, რათა შენი ხმა არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, რომელიც ღვთის მორჩილის, მოსეს რჯულში სწერია, რადგან შევცოდეთ მას.
12შეასრულა მან თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და თავს დიდი უბედურება დაგვატეხა; ცისქვეშეთში იმის მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც იერუსალიმში მოხდა.
13როგორც მოსეს რჯულში სწერია, ისე დაგვატყდა თავს ყველა ეს უბედურება. მაგრამ ჩვენ მაინც არ შევევედრეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რათა მიგვეტოვებინა ჩვენი უკეთურება და შენი ჭეშმარიტება შეგვეგნო.
14უფალი ინახავდა ამ უბედურებას და თავს დაგვატეხა იგი; რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, ყველა თავის საქმეში, რასაც იგი აკეთებს; მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებდით მის ხმას.
15ახლა კი, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი მაგარი ხელით გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი მოიხვეჭე, როგორიც დღესა გაქვს, შევცოდეთ ჩვენ და ურჯულოება ჩავიდინეთ.
16უფალო, მთელი შენი სიმართლით გაერიდოს შენი რისხვა და წყრომა შენს ქალაქს - იერუსალიმს, შენს წმიდა მთას; ვინაიდან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამა-პაპის უკეთურების გამო არიან იერუსალიმი და შენი ერი შეგინებულნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.
17ახლა კი, ჩვენო ღმერთო, მოუსმინე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას და, უფლის გულისთვის, მოწყალებით გადმოხედე შენს გატიალებულ საწმიდარს.
18ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, გაახილე თვალები და მოხედე ჩვენს ნანგრევებსა და ქალაქს, შენი სახელი რომ ჰქვია. რადგან ჩვენი სიმართლის იმედით კი არ მოგვაქვს შენს წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების იმედით.
19უფალო, ისმინე! უფალო, შეგვინდე! უფალო, შეისმინე და შეასრულე! შენი გულისთვის, ღმერთო ჩემო; რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს.
20ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი, ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ერის - ისრაელის ცოდვებს და მიმქონდა ჩემი სავედრებელი უფლის, ჩემი ღმერთის წინაშე, ჩემი ღმერთის წმიდა მთაზე,
21ჯერ კიდევ ლოცვაში ვიყავი, რომ კაცი გაბრიელი, ხილვაში რომ ვნახე პირველად, ანაზდად მოფრინდა და მომიახლოვდა საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს.
22შემაგონებდა იგი და მელაპარაკებოდა, მითხრა: დანიელ! ახლა გამოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო.
23შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მე მოვედი, რომ შეგატყობინო იგი, რადგან შენ სათნო კაცი ხარ. დაუკვირდი ამ სიტყვას და გამოიცანი ხილვა.
24შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად.
25ოღონდ იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე. აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს.
26სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი.
27იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს.
Next