თავი - 11
Previous1დარიოს მიდიელის პირველ წელს მე შემწედ და საყრდენად ვედექი მას.
2ახლა ჭეშმარიტებას გამცნობ: სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს.
3დადგება იქ ძლიერი მეფე, დიდ ხელმწიფებას მოიხვეჭს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს.
4მისი დადგომისთანავე შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა; არც მის მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო და, ამას გარდა, სხვათა ხელში გადავა.
5გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ იმძლავრებს მასზე ერთ-ერთი მისი მთავართაგანი, გაბატონდება და დიდი იქნება მისი ხელმწიფება.
6წლების მერე ისინი შეერთდებიან. სამხრეთის მეფის ასული ჩრდილოეთის მეფესთან მივა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ ვერც ეს ასული შეინარჩუნებს თავისი მკლავის ძალას და ვერც ის მეფე და მისი მოდგმა ვერ გაძლებს. იმ ხანებში გაიცემა ეს ასული თავის ამალით, თავისი შვილითა და თავისი შემწითურთ.
7მისი ფესვიდან მის ადგილზე ამოვა მორჩი; იგი ჩრდილოეთის მეფის ციხე-სიმაგრეს დაეცემა და შიგ შეიჭრება. შეებრძოლება მათ და გაიმარჯვებს.
8მის ღმერთებსაც კი ეგვიპტეში წაასხამს კერპებითა და ოქრო-ვერცხლის ძვირფასი ჭურჭლეულითურთ; და წლობით ჩამოეხსნება ჩრდილოეთის მეფეს.
9გაილაშქრებს სამხრეთის სამეფოზე, მაგრამ უკან დაბრუნდება თავის ქვეყანაში.
10მისი ვაჟები იარაღს აისხამენ და დიდ ურდოს შეყრიან. ერთ-ერთი მათგანი სწრაფად წავა, წალეკავს და გადაივლის. მერე შემობრუნდება და მის ციხე-სიმაგრემდე მივა.
11განმძვინვარდება სამხრეთის მეფე და საომრად გავა ჩრდილოეთის მეფესთან, რომელიც დიდ ურდოს გამოიყვანს. მაგრამ ეს ურდო მის ხელში ჩავარდება.
12როდესაც ის ხელში ჩაიგდებს ურდოს, გადიდგულდება და, თუმცა მრავალ ათასს დასცემს, ამით ვერ გაძლიერდება.
13რადგან ჩრდილოეთის მეფე პირვანდელზე დიდ ურდოს შეჰყრის და რამდენიმე წლის შემდეგ სწრაფად გაილაშქრებს დიდი ურდოთი და დიდძალი სიმდიდრით.
14იმ დროს კიდევ მრავალნი აღუდგებიან სამხრეთის მეფეს და აჯანყდებიან მძლავრნი შენი ხალხიდან, რათა აღსრულდეს ხილვა, და წაიფორხილებენ ისინი.
15მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილებს მოაწყობს და ციხე-ქალაქს დაიპყრობს. მას ვერც სამხრეთის ძალა დააკავებს და ვერც მისი რჩეული ხალხი. მათ არ ეყოფათ ძალა მასთან გასამკლავებლად.
16თავის ნებისაებრ მოიქცევა მის წინააღმდეგ გამოსული და წინ ვერავინ დაუდგება. იგი მშვენიერ ქვეყანაში დადგება და მის ხელთ იქნება დაღუპვა.
17განიზრახავს მთელი თავისი სამეფოს ძალით და თავისი ერთგულებითურთ გალაშქრებას, და ასეც იზამს. დედაკაცთა ქალაქს მისცემენ ასაოხრებლად; ვერ გაუძლებს, მაგრამ ვერც მას დარჩება.
18პირს კუნძულებისკენ იბრუნებს და მრავალს დაიპყრობს. მაგრამ ვინმე მთავარი შეაწყვეტინებს თავის დაცინვას და სამაგიერო სირცხვილს აჭმევს.
19ამის შემდეგ თავისი ქვეყნის ციხე-სიმაგრეებისკენ იბრუნებს პირს, მაგრამ წაიფორხილებს, დაეცემა და დაიკარგება.
20ვინც მის ნაცვლად დადგება, გზირებს დაგზავნის, რომ მეფეს პატივი მიაგონ; მაგრამ ის რამდენიმე დღეში დაიღუპება, რისხვისა და ომის გარეშე.
21მის ნაცვლად საძულველი დადგება; მას არ მიაგებენ მეფურ პატივს. იგი უჩუმრად შემოიპარება და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს.
22წამლეკავი ურდოები წაილეკება მის წინაშე და შეიმუსრება. ასევე აღთქმის მეუფეც.
23მას შემდეგ, რაც მას შეუერთდება, მზაკვრულად იმოქმედებს; აღზევდება და გაძლიერდება ერთი მუჭა ხალხის შემწეობით.
24მშვიდსა და ნაყოფიერ ქვეყანაში შევა იგი და ისეთ რასმე ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს ჩაუდენიათ. ნაალაფარს, ნაძარცვ ქონებასა და დოვლათს გაანაწილებს. ციხე-სიმაგრეებისკენ ექნება ზრახვები, მაგრამ ერთ ხანამდე.
25აღაგზნებს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ დიდძალი ლაშქრით; სამხრეთის მეფეც დიდძალი და ფრიად ძლიერი ლაშქრით გამოვა საომრად, მგრამ მას ვერ გაუმკლავდება, რადგან მის წინააღმდეგ შეთქმულებები იქნება.
26მისი პურ-მარილის მჭამელები შემუსრავენ მას. წაილეკება მისი ლაშქარი და მრავალი დახოცილი დაეცემა.
27ორთავე მეფეს გულში მზაკვრობა ექნება. სიცრუეს ილაპარაკებენ ერთ სუფრაზე, მაგრამ წარმატება არ ექნებათ, რადგან ბოლო დათქმულ ვადამდე არ დადგება.
28დიდძალი დოვლათით გაბრუნდება ჩრდილოეთის მეფე თავის ქვეყანაში, მაგრამ გულში წმიდა აღთქმის საწინააღმდეგო ზრახვა ექნება. შეისრულებს მას და თავის ქვეყანაში დაბრუნდება.
29დათქმულ დროს კვლავ გაილაშქრებს სამხრეთზე, მაგრამ ამჯერად ეს ლაშქრობა პირვანდელის მსგავსი არ იქნება.
30ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი. მერე გაბრუნდება და გაშმაგდება წმიდა აღთქმაზე და ამოქმედდება. დაბრუნდება და ყურადღებას მიაპყრობს წმიდა აღთქმის მიმტოვებელთ.
31წარმოდგება მისგან ლაშქარი და შელახავენ საწმიდარს, ციხე-სიმაგრეს და შეწყვედენ მუდმივ შესაწირავს; და გატიალების სიბილწეს დაამყარებენ.
32პირფერობით მიიმხრობს აღთქმის ავისმყოფეღთ; თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგებადა იმოქმედებს.
33გაბრძნობილი ხალხი მრავალთ შთააგონებენ, თუმცა მათ ერთხანს შეაჭირვებს მახვილი, ცეცხლი, ტყვეობა და ძარცვა.
34როდესაც გაუჭირდებათ, მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ და მრავალი მიემხრობა მათ თვალთმაქცურად.
35ზოგიერთი გაბრძნობილთაგან გასაჭირში ჩავარდება, რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო.
36თავის ნებაზე მოიქცევა მეფე: ყველა ღმერთზე მეტად ამაღლდება, განდიდდება და გასაკვირველს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ და წარმატებული იქნება, ვიდრე რისხვა არ ამოიწურება, რადგან რაც გადაწყვეტილია, უნდა აღსრულდეს.
37არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას, არც ქალღმერთს, არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება.
38სამაგიეროდ ციხე-სიმაგრეთა ღმერთს განადიდებს; მისი მამა-პაპისთვის უცხო ღმერთს ოქრო-ვერცხლიი, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს.
39ის ქალაქებს სიმაგრეებს მოუწყობს უცხო ღმერთის სახელზე. ვინც მას აღიარებს, პატივს გაუმრავლებს, მრავალს დაუმორჩილებს და მიწებს, დაურიგებს საზღაურად.
40ბოლო დროს მას სამხრეთის მეფე შეებმება და ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. გაილაშქრებს ქვეყნებზე, წალეკავს და გადაივლის.
41იგი შეიჭრება მშვენიერ ქვეყანაში; მრავალი მხარე დაეცემა, ხოლო ედომი, მოაბი და ყამონიანთა მთავარი ნაწილი გადურჩება მის ხელს.
42ხელს მოუღერებს სხვადასხვა ქვეყნებს; თვით ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გადარჩება.
43დაეპატრონება იგი ოქრო-ვერცხლის საგანძურებსა და ეგვიპტის ყველა ძვირფასეულობას; მისსავე კვალს დაადგებიან ლიბიელნი და ნუბიელნი.
44მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაძრწუნებს მას და მეტისმეტად განრისხებული გამოენთება მრავალთა ამოსაჟლეტად და დასაღუპად.
45გაშლის თავის სამეფო კარვებს ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის. მერე მიაწევს თავის ბოლოს და ვეღარავინ უშველის მას.
Next