თავი - 5
Previous1ადამის ძევ! აიღე გალესილი მახვილი და დალაქთა სამართებელივით მოიტარე თავზე და წვერზე. აიღე სასწორი და გაჰყავი თმა.
2მესამედი ცეცხლში დაწვი ქალაქის შუაგულში, როცა ალყის დღეები შესრულდება. აიღე მესამედი და დააქუცმაცე მახვილით ქალაქის ირგვლივ. მესამედი ქარში გაფანტე და მე მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
3აიღე აქედან მცირეოდენი და კალთაში გამოიკარი.
4კიდევ აიღე მათგან, ჩაყარე ცეცხლში და დაწვი ცეცხლში. მისგან მოედება ცეცხლი ისრაელის მთელ სახლს.
5ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის იერუსალიმი; ხალხების შუაგულში დავსვი იგი და ქვეყნებია მის გარშემო.
6ეურჩა ჩემს წესებს წარმართებზე უფრო ბოროტად და ჩემს მცნებებს გარეშემო ქვეყნებზე უარესად, რადგან შეიძულეს ჩემი წესები და არ გაჰყვნენ ჩემს მცნებებს.
7ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი თქვენს გარეშემო ხალხებზე უფრო ბობოქრობთ, არ მიჰყვებით ჩემს მცნებებს და ჩემს წესებს არ ასრულებთ, არ ასრულებთ თქვენს გარეშემო ხალხების წესებსაც კი,
8ამიტომ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე თავად წამოვალ შენზე და აღვასრულებ შენს წიაღში სამართალს ხალხების თვალწინ.
9ისეთ რამეს გაგიკეთებ შენს სისაძაგლეთა გამო, რაც არასოდეს გამიკეთებია და რის მსგავსსაც არასოდეს გავაკეთებ.
10ამიტომ მამები შვილებს დაუწყებენ ჭამას თქვენ შორის და შვილები მამებს შეჭამენ. აღვასრულებ სამართალს თქვენზე და ყველა ქარის მიმართ გავფანტავ თქვენს ნატამალს.
11ამიტომ, ცოცხალი ვარ! აცხადებს უფალი: იმის გამო, რომ გააუწმიდურეთ ჩემი საწმიდარი ყოველი თქვენი სისაძაგლით და ყოველი თქვენი სიბილწით, მეც გაგწყვეტ შენ. არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და მეც არ დაგინდობ.
12შენი მესამედი ჭირისგან დაიხოცება და შიმშილით გაწყდება შენ შორის; მესამედი მახვილით დაეცემა შენს გარშემო; მესამედს ყველა ქარის მიმართ გავფანტავ და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
13ამოიწურება ჩემი რისხვა და დაცხრება ჩემი წყრომა მათდამი, და დავმშვიდდები; მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი შურით, როცა ამოვწურავ ჩემს წყრომას მათდამი.
14მიგცემ გასაოხრებლად და შესარცხვენად ხალხებში, შენს გარშემო რომ არიან, და ყოველი გამვლელის თვალში.
15იქნები შესარცხვენად და საკიცხველად, საარაკოდ და შესაზარად ხალხებისთვის, შენს გარშემო რომ არიან, როცა აღვასრულებ შენზე მსჯავრს რისხვით, წყრომით და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.
16როცა მოვავლენ თქვენზე შიმშილის ბოროტ ისრებს, რომლებიც დამღუპველი იქნება, რადგან თქვენს დასაღუპად მოვავლენ მათ, გავასასტიკებ თქვენზე შიმშილს და პურის კვერთხს გადაგიმტვრევთ.
17მოგივლენთ შიმშილს და სასტიკ მხეცებს და შვილმკვდარნი იქნებით; ჭირი და სისხლი ჩაივლის შენში და მახვილს მოვიღებ შენზე. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.
Next