თავი - 4
Previous1შენ, ადამის ძევ, აიღე ალიზი და წინ დაიდევი, დახაზე ზედ ქალაქი, იერუსალიმი.
2გამოსახე მისი ალყა, მოაწყვე სანგრები, აღმართე მიწაყრილები, განაწყვე ბანაკები და ტარანები დააყენე ირგვლივ.
3აიღე რკინის ტაფა და დადგი რკინის კედლად შენსა და ქალაქს შორის, პირი მიაქციე მისკენ და ალყაში იქნება, და შემოარტყი ალყა. ეს არის ისრაელის სახლის ნიშანი.
4დაწექი მარცხენა გვერდზე და დაიდევი ისრაელის სახლის ცოდვა, რამდენ დღესაც იქნები წამოწოლილი, იმდენხანს ატარებ მათ ცოდვას.
5მე მიგითვალავ მათი უკეთურების წლებს დღეთა რიცხვის მიხედვით- სამას ოთხმოცდაათ დღეს - და ატარებ ისრაელის სახლის უკეთურებას.
6ამას დაასრულებ და დაწვები მეორედ მარჯვენა გვერდზე, და ატარებ იუდას სახლის უკეთურებას ორმოც დღეს. თითო წელზე თითო დღეს მიგითვალავ.
7იერუსალიმის ალყისკენ მიაქციე პირი და შიშველი მკლავი და იწინასწარმეტყველე მის წინააღმდეგ.
8აჰა, დაგადე ბორკილები და გვერდს ვერ შეიცვლი, ვიდრე არ შეასრულებ შენი ალყის დღეებს.
9აიღე ხორბალი, ქერი, ცერცვი, ოსპი, ფეტვი და ასლი, ჩაყარე ისინი ერთ ჭურჭელში და გქონდეს საჭმელად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვერდზე იქნები დაწოლილი: სამას ოთხმოცდაათ დღეს უნდა ჭამო ისინი.
10შენი საჭმელი, რასაც შეჭამ, ოცი შეკელი უნდა იყოს დღეში. ჟამიდან ჟამზე უნდა ჭამდე.
11წყალი ზომაზე უნდა სვა, ჰინის მეექვსედი უნდა სვა ჟამიდან ჟამზე.
12ქერის ნამცხვრებად უნდა ჭამო ის და ადამიანის განავალზე უნდა იყოს გამომცხვარი მათ თვალწინ.
13თქვა უფალმა: ასე შეჭამენ ისრაელიანები თავიანთ უწმიდურ პურს იმ ხალხთა შორის, რომლებთანაც განვდევნი მათ.
14ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! აი, არ არის ჩემი სული გაუწმიდურებული, მძორი და ნამხეცავი არ მიჭამია სიყმაწვილიდან დღემდე და უსურმაგის ხორცი არ ჩამსვლია პირში.
15მითხრა: კარგი, ძროხის ნეხვს გაძლევ ადამიანის განავალის ნაცვლად, მოამზადე მასზე შენი პური.
16მითხრა: ადამის ძევ! აჰა, გავტეხავ პურის კვერთხს იერუსალიმში, რომ წონით და სიმწრით ჭამდნენ პურს, და წყალს გამოზომით და შიშით სვამდნენ.
17რადგან მოაკლდებათ პური და წყალი, შიშით დაუწყებენ ერთმანეთს ცქერას და დაილევიან თავიანთი უკეთურების გამო.
Next