Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1მითხრა: ადამის ძევ! შეჭამე, რასაც ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს.
2გავაღე პირი და შევჭამე ეს გრაგნილი.
3მითხრა: ადამის ძევ! აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში.
4მითხრა: ადამის ძევ! მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები;
5რადგან ბნელმეტყველ და გაუგებარი ენის ხალხთან როდი იგზავნები, არამედ ისრაელის სახლთან;
6არა ჭრელ ხალხთან, ბაგემძიმესთან და ენაბრგვილთან, რომელთა სიტყვებს შენ ვერ გაიგებდი: მათთან რომ მიმევლინებინე, ისინიც კი მოგისმენდნენ.
7ისრაელის სახლი კი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ მათ, რადგან შუბლმაგარი და ჯიუტი ხალხია ისრაელის მთელი სახლი.
8აჰა, გავასასტიკე შენი სახე მათ სახესავით და გავამაგრე შენი შუბლი მათი შუბლივით:
9კაჟზე მაგარი ალმასივით გავხადე შენი შუბლი; ნე გეშინია მათი და ნუ შეგაშინებს მათი სახე, რადგან მოჯანყე სახლია ისინი.
10მითხრა: ადამის ძევ! ყველა სიტყვა, რასაც გეტყვი, გულში ჩაიდე და ყურით მოისმინე.
11წადი და მიდი ტყვეებთან, შენი ერის შვილებთან, და ელაპარაკე მათ; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ.
12ამიტაცა სულმა და მომესმა ჩემს უკან დიდი ზანზარის ხმა, - კურთხეულია უფლის დიდება თავისი ადგილიდან!
13ცხოველთა ფრთების ერთმანეთზე ცემის ხმა, ბორბლების ტრიალი მათ გვერდით და დიდი ზანზარის ხმა.
14სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე.
15მივედი თელ-აბიბში გადასახლებულებთან, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ცხოვრობენ, და დავდექი იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ; და ვიჯექი იქ მათ შორის შვიდ დღეს, გაოგნებული.
16შვიდი დღის ბოლოს უფლის სიტყვა იყო ჩემს მომართ:
17ადამის ძევ! ისრაელის სახლის დარაჯად დამიდგენიხარ. გაიგონებ სიტყვას ჩემი პირიდან და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ.
18როცა ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.
19თუ შენ გააფრთხილებ ბოროტეულს, მაგრამ არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის უკეთურებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი.
20როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და უკეთურებას ჩაიდენს, საბრხეს დავუდებ წინ და მოკვდება; თე შენ არ გააფრთხილებ მას, თავის ცოდვაში მოკვდება, არავინ გაიხსენებს მის სიკეთეს, რომელიც გაკეთებული აქვს, და მის სისხლს შენ მოგკითხავ.
21თუ შენ გააფრთხილებ მართალს, რომ არ სცოდოს მართალმა და ისიც არ შესცოდავს, გადარჩება, რადგან გააფრთხილებ. შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი.
22იყო ჩემზე იქ უფლის ხელი და მითხრა: ადექი, გადი ველზე და იქ დაგელაპარაკები.
23ავდექი და გავედი ველზე, და, აჰა, დგას იქ უფლის დიდება იმ დიდების მსგავსი, რომელიც მდინარე ქებარის პირას ვიხილე. და პირქვე დავემხე.
24შემოვიდა ჩემში სული და ფეხზე დამაყენა, მელაპარაკა და მითხრა: შედი, ჩაიკეტე შენს სახლში.
25ადამის ძევ, აჰა, დაგადებენ ბორკილებს და შეგკრავენ, რომ ვეღარ იარო მათ შორის.
26სასას მივაწებებ შენს ენას, რომ დამუნჯდე და ვეღარ ამხილებდე მათ, რადგან ურჩი მოდგმაა ისინი.
27მაგრამ, როცა დაგელაპარაკები, გაგიხსნი ბაგეს და ეტყვი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი. გამგონემ გაიგოს, გაუგონარი ნუ გაიგებს; რადგან ურჩი მიდგმაა ისინი.
Next