Eleos

Contents

თავი - 47

Previous
1დამაბრუნა ტაძრის შესასვლელთან და, აჰა, წყალი მიედინება ტაძრის ზღურბლის ქვეშიდან აღძოსავლეთისკენ, რადგან აღმოსავლეთისკენ იყო მიქცეული ტაძარი; წყალი გამოდის ქვეშიდან, ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით.
2გამიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭის გზით და გამატარა გარეთა გზით გარეთა კარიბჭისკენ, გარეთა გზით, აღმოსავლეთისკენ რომ მიემართება, და აჰა, მოედინება წყალი მარჯვენა მხრიდან.
3როცა ეს კაცი აღმოსავლეთისკენ წავიდა ლარით ხელში, გაზომა ათასი წყრთა და გამიყვანა წყალში; კოჭებამდე იყო წყალი.
4გაზომა კიდევ ათასი და გამატარა წყალში და მუხლამდე იყო; გაზომა ათასი და გამატარა; წელამდე იყო.
5გაზომა ათასი და უკვე მდინარე იყო, რომელიც ვეღარ გადავლახე, რადგან ამაღლდა წყალი, გადასაცურავი გახდა; ფეხით გადასვლა არ იქნებოდა მდინარეზე.
6მითხრა: ხომ დაინახე, ადამის ძევ! წამიყვანა და დამაბრუნა მდინარის ნაპირას.
7დავბრუნდი და, აჰა, ბევრი ხე იყო მდინარის ნაპირზე, ორივე მხარეს.
8მითხრა: ეს წყალი მიედინება აღმოსავლეთის მხარეს და ჩადის ველზე, შეერთვის ზღვას და, როცა აღმოჩნდება ზღვაში, განიკურნება წყლები.
9ყოველი სულდგმული, რომელიც ფუთფუთებს ყველგან, სადაც ეს მდინარე ჩაივლის, გაცოცხლდება; დიდად გამრავლდება თევზი, რადგან სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერი განიკურნება და გაცოცხლდება, სადაც კი ეს წყალი ჩაივლის.
10იდგებიან იქ მეთევზეები და ენგადიდან მოყოლებული ენყეგლაიმამდე იქნება დაგებული ბადეები; იმგვარივე თევზი ექნებათ მათ, როგორიც დიდ ზღვაშია, დიდზე დიდძალი.
11ჭაობები და ჭანჭყობები არ განიკურნება, სამარილედ დარჩება.
12მდინარის ორსავე ნაპირზე გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი; არ დაჭკნება მისი ფოთოლი და არ მოილევა მისი ნაყოფი; ყოველ თვეს ინაყოფებს, რადგან საწმიდარიდან იდინებს მისი წყლები; მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი - განსაკურნებლად.
13ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, საზღვრები, რომელთა თანახმად უნდა დაუნაწილო ქვეყანა ისრაელის თორმეტ შტოს; იოსებს ორი წილი.
14თანაბრად გაუნაწილე ყველას, რადგან ხელის აწევით შევფიცე თქვენს მამა-პაპას, რომ მათ მივცემდი ამ ქვეყანას; თქვენ გერგებათ ის სამკვიდროდ.
15აი, ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადამდე,
16ხამათამდე, ბეროთამდე, სიბრაიმამდე, დამასკოს საზღვარსა და ხამათის საზღვარს შორის რომ არის მოქცეული, და შუა ხაცერამდე, ხავრანის საზღვართან რომ მდებარეობს.
17გავა საზღვარი ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე, დამასკოს და ცაფონის საზღვართან, ჩრდილოეთით, და ხამათის საზღვართან. ეს არის ჩრდილოეთის მხარე.
18აღმოსავლეთის მხრიდან ხავრანსა და დამასკოს შორის, და გალაადსა და ისრაელს შორის - იორდანე; ჩრდილოეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის ზღვამდე გადაზომე. ეს იქნება აღმოსავლეთის მხარე.
19სამხრეთის მხრიდან სამხრეთისკენ - თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე დიდი ზღვისკენ. ეს იქნება სამხრეთის მხარე, სამხრეთით.
20დასავლეთის მხრიდან იქნება დიდი ზღვა სამხრეთის საზღვრიდან ხამათის მისადგომამდე. ეს იქნება დასავლეთის მხარე.
21დაინაწილეთ ეს ქვეყანა ისრაელის შტოთა შორის.
22დაინაწილეთ წილისყრით სამკვიდრო თქვენ და თქვენმა მდგმურებმა, თქვენს შორის რომ მდგმურობენ და შვილები გააჩინეს თქვენს შორის; ძირეულნი უნდა იყვნენ თქვენთვის ისინი ისრაელიანებში და თქვენთან უნდა იყარონ წილი ისრაელის შტოთა შორის სამკვიდროსთვის.
23რომელ შტოშიც იქნება მდგმურად, იქ მიეცით სამკვიდრო, ამბობს უფალი ღმერთი.
Next