Eleos

Contents

თავი - 46

Previous
1ასე ამბობს უფალი ღმერთი: შიდა ეზოს კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთისკენ არის მიქცგული, დაკეტილი უნდა იყოს ექვს სამუშაო დღეს, შაბათობით კი ღია უნდა იყოს და ახალი მთვარის დღესაც ღია უნდა იყოს.
2შევა მთავარი გარედან კარიბჭის სტოას გზით და დადგება კარიბჭის წყრთილებთან; ხოლო როცა მღვდლები გაამზადებენ აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს, ის თაყვანს სცემს კარიბჭის ზღურბლთან და გავა; კარიბჭე არ დაიკეტება საღამომდე.
3თაყვანი უნდა სცეს ქვეყნის ერმა უფალს ამ კარიბჭის შესასვლელთან შაბათობით და ახალმთვარობისას.
4აი, აღსავლენი, რომელიც უნდა მიუტანოს მთავარმა უფალს შაბათ დღეს: ექვსი საღი ბატკანი და ერთი საღი ვერძი.
5ძღვენი - ერთი ეფა ვერძზე, ხოლო ბატკნებზე ძღვენი - შეძლებისდაგვარად; და ერთი ჰინი ზეთი ერთ ეფაზე.
6ახალი მთვარის დღეს საღი ხბოები, ექვსი საღი ბატკანი და ვერძი უნდა იყოს.
7ხბოზე და ვერძზე თითო ეფა ძღვენი უნდა გაამზადოს, ბატკნებზე კი - როგორც ხელი მიუწვდება, და ერთი ჰინი ზეთი ერთ ეფაზე.
8როცა მთავარი შედის, კარიბჭის სტოას გზით უნდა შევიდეს და იმავე გზით უნდა გამოვიდეს.
9როცა ქვეყნის ერი მივა უფლის წინაშე დღესასწაულებზე, ჩრდილოეთის კარიბჭის გზით სათაყვანებლად შემსვლელნი სამხრეთის კარიბჭით უნდა გამოვიდნენ; სამხრეთის კარიბჭით შემსვლელნი კი ჩრდილოეთის კარიბჭით უნდა გამოვიდნენ; არ უნდა გაბრუნდნენ იმავე კარიბჭით, რომლითაც შევიდნენ, არამედ საპირისპიროთი უნდა გავიდნენ.
10მთავარი მათ შორის იქნება, მათი შესვლისას შევა და მათი გასვლისას გამოვა.
11დღესასწაულებში და ზეიმებში ხბოზე და ვერძზე თითო ეფა ძღვენი უნდა იყოს, ბატკნებზე კი შეძლებისდაგვარად; და ერთი ჰინი ზეთი ეფაზე.
12როცა მთავარი გაამზადებს ნებაყოფლობით აღსავლენს ან ნებაყოფლობით სამადლობელ მსხვერპლს უფლისთვის, მისთვის გაიღება აღმოსავლეთის კარიბჭე და ის შესწირავს თავის აღსავლენს და სამადლობელს, როგორც შაბათობით წირავს, და გავა; მისი გასვლისას კარიბჭე იკეტება.
13წელგამოვლი კი საღი ბატკანი შესწირე ყოველდღიურად უფალს აღსავლენად; ყოველ დილას შესწირე.
14ძღვენი უნდა გაუმზადო მასთან ერთად დილაობით - ეფის მეექვსედი, ხოლო ზეთი ჰინის მესამედი, გამტკიცული ფქვილის მოსაზელად. ეს არის საუფლო მუდმივი ძღვენის საუკუნო წესი.
15გაამზადონ ბატკანი, ძღვენი და ზეთი დილაობით მუდმივი აღსავლენისთვის.
16ასე ამბობს უფალი ღმერთი: თუ მთავარი მისცემს თავის ერთ-ერთ შვილს საჩუქარს თავისი სამკვიდროდან, ეს მისი შვილების იქნება, მათი საკუთრება იქნება მემკვიდრეობით.
17თუ მისცემს საჩუქარს თავისი სამკვიდროდან თავის ყმათაგანს ვისმე, მისი იქნება აზატობის წლამდე, მერე კი მთავარს დაუბრუნდება; მისი სამკვიდრო მხოლოდ მისი შვილებისაა, მათ ეკუთვნით.
18ვერ აიღებს მთავარი ვერაფერს ხალხის სამკვიდროდან მათთვის საკუთრების წართმევით; მხოლოდ თავისი საკუთრებიდან შეუძლია მისცეს სამკვიდროდ თავის შვილებს, რომ არავინ მოწყდეს ჩემი ხალხიდან თავის საკუთრებას.
19შემიყვანა კარიბჭის გვერდითი შესასვლელით მღვდელთათვის განკუთვნილ წმიდა ოთახებში, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, და აჰა, იქ ერთი ადგილი იყო დასავლეთით.
20მითხრა: ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ხარშავდნენ მღვდლები დანაშაულის და ცოდვის მსხვერპლს და აცხობდნენ ძღვენს გარეთა ეზოში გატანის გარეშე, რომ სიწმიდე ერს არ გადასდონ.
21გამიყვანა გარეთა ეზოში და მომატარა ეზოს ოთხივე კუთხე და, აჰა, თითო ეზო იყო ეზოს ყოველ კუთხეში.
22ეზოს ოთხივე კუთხეში ოთხი მომცრო ეზო იყო ორმოცი წყრთა სიგრძისა და ოცდაათი წყრთა სიგანისა; ოთხივეს ერთი ზომა ჰქონდა კუთხეებიდან.
23ირგვლივ კედელი ერტყა მათ, ოთხივე კუთხეს ირგვლივ, და სამზარეულოები იყო მოწყობილი კედლების ძირას, ირგვლივ.
24მითხრა: ეს არის მზარეულთა სახლი, სადაც ხარშავენ ტაძრის მსახურნი საერო მსხვერპლს.
Next