თავი - 44
Previous1დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი.
2მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება.
3მხოლოდ მთავარი დაჯდება მთავრად იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე; კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზითვე გამოვა.
4მიმიყვანა ტაძართან ჩრდილოეთის კარიბჭით და ვიხილე, აჰა, ავსებული იყო უფლის დიდებით უფლის სახლი, და პირქვე დავემხე.
5მითხრა უფალმა: ადამის ძევ! გულში ჩაიდე, საკუთარი თვალით იხილე და საკუთარი ყურით ისმინე ყველაფერი, რასაც გეტყვი უფლის ტაძრის წესებზე და მთელს მის რჯულზე; დაიმახსოვრე ტაძარში შესასვლელი და ყველა გამოსასვლელი საწმიდარიდან.
6უთხარი ისრაელის ურჩ სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გადააჭარბეთ ყველა თქვენს სისაძაგლეს, ისრაელის სახლო,
7როცა შემოიყვანეთ უცხოთესლნი - გულდაუცვეთელნი და ხორცდაუცვეთელნი - ჩემს საწმიდარში სამყოფოდ, რომ შეელახათ ჩემი ტაძარი, როცა სთავაზობდით ჩემს პურს, ქონსა და სისხლს; დაარღვიეს ჩემი აღთქმა და ეს ზედ დაერთო ყველა თქვენს სისაძაგლეს.
8არ ასრულებდით ჩემი საწმიდარის სამსახურს და თქვენს სანაცვლოდ ისინი გყავდათ დაყენებული სამსახურის აღსასრულებლად ჩემს საწმიდარში.
9ასე ამბობს უფალი ღმერთი: არც ერთი უცხოთესლი - გულდაუცვეთელი და ხორცდაუცვეთელი - არ უნდა შემოვიდეს ჩემს საწმიდარში. არც-ერთი უცხო თესლი, ისრაელიანთა შორისაც რომ ცხოვრობდეს.
10მაგრამ ლევიანებიც, რომლებიც გამერიდნენ, როცა განმიდგა ისრაელი და გაედევნა თავის კერპებს, იტმირთავენ თავიანთ დანაშაულს.
11რადგან ისინი მსახურობდნენ ჩემს საწმიდარში ტაძრის კარიბჭეთა მცველებად და ემსახურებოდნენ ტაძარს; ისინი ხოცავდნენ აღსავლენს და მსხვერპლს ერისათვის; ისინი იდგნენ მათ წინაშე მათ სამსახურად.
12რაკი ემსახურებოდნენ მათ მათი კერპების წინაშე და ცოდვაში ჩააგდეს ისრაელის სახლი, ამიტომაც აღვმართე მათზე ხელი, ამბობს უფალი ღმერთი, და იტვირთავენ თავიანთი ცოდვის სასჯელს.
13ვერ მომეკარებიან, რომ მღვდლობა გასწიონ ჩემს წინაშე და მიეახლონ რაიმე წმიდას ჩემსას და წმიდათა წმიდას; არამედ იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს და სისაძაგლეებს, რომელთაც სჩადიოდნენ.
14მე დავადგენ მათ ჩემი ტაძრის სამსახურის შესასრულებლად ყველა საქმეში და ყველაფერში, რაც აქ კეთდება.
15ხოლო ლევიანი მღვდლები, ცადოკის შთამომავალნი, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურს ჩემს საწმიდარში, როცა ისრაელიანები განმდგარნი იყვნენ ჩემგან, მომეახლებიან, რომ მემსახურონ; დადგებიან ჩემს წინაშე, რომ მომართვან ქონი და სისხლი, ამბობს უფალი ღმერთი.
16ისინი შემოვლენ ჩემს საწმიდარში და ისინი მიეახლებიან ჩემს ტაბლას, რომ მემსახურონ და აღასრულონ ჩემი სამსახური.
17შიდა ეზოს კარიბჭეებში შემოსვლისას სელის სამოსელით უნდა იყვნენ შემოსილნი, მატყლის არაფერი ემოსოთ შიდა ეზოს კარიბჭეებში და ტაძარში სამსახურის დროს.
18სელის თავსაკვრელი უნდა ჰქონდეთ თავზე და სელის არდაგი თეძოებზე; გაოფლილნი არ უნდა ირტყამდნენ სარტყელს.
19გარეთა ეზოში, გარეთა ეზოში ხალხთან გასვლისას უნდა გაიხადონ შესამოსელი, რომელსაც მსახურების დროს იცვამენ, და დააწყონ საწმიდარ ოთახებში; სხვა სამოსელი უნდა ჩაიცვან, რომ სიწმიდე არ გადასდონ ხალხს თავიანთი სამოსელით.
20თავი არ უნდა გადაიპარსონ, მაგრამ თმაც არ უნდა მოიზარდონ; შეკრეჭით უნდა შეიკრიჭონ თავი.
21მღვდელთაგან არავინ ღვინო არ უნდა დალიოს შიდა ეზოში შესვლისას.
22ქვრივი და გაშვებული ცოლად არ უნდა მოიყვანონ; მხოლოდ ქალწული ისრაელის სახლის მოდგმიდან და ქვრივი, მღვდლის ნაცოლარი, მოიყვანონ.
23უნდა ასწავლონ ჩემს ხალხს წმიდისა და ნალახის გარჩევა და განასხვავებინოს ერთმანეთისგან გაუწმიდურებული და გაწმედილი.
24დავის დროს უნდა დადგნენ ჩემი სამართლით განსასჯელად და განსაჯონ; დაიცვან ჩემი რჯული და ჩემი წესები ყველა დღესასწაულში და წმიდად შეინახონ ჩემი შაბათები.
25მკვდარ კაცს არ უნდა მიეკარონ, რათა არ გაუწმიდურდნენ; მამისა, დედისა, ძისა, ასულისა, ძმისა და გაუთხოვარი დის გამო შეუძლიათ გაუწმიდურდნენ.
26განწმედის შემდეგ კიდევ შვიდი დღე უნდა გადათვალონ.
27იმ დღეს, როდესაც შიდა ეზოში შედიან საწმიდარში სამსახურად, მიიტანონ ცოდვის გამოსასყიდი, ამბობს უფალი ღმერთი.
28ნუ ექნებათ მათ სამკვიდრო: მე ვარ მათი სამკვიდრო; ნუ მისცემთ მათ საკუთრებას ისრაელში: მე ვარ მათი საკუთრება.
29ძღვენი, ცოდვის გამოსასყიდი და დანაშაულის გამოსასყიდი მათ უნდა შეჭამონ და ყოველი დარისხებული ისრაელში მათ ეკუთვნით.
30ყოველი ნათავარი, ყოველი პირველმოწეული და ყოველი აღსამართავი შესაწირი თქვენს აღსამართავთაგან მღვდლებს ეკუთვნით. თქვენი ცომის ნათავარი მღვდელს მიეცით, რომ კურთხევამ დაივანოს თქვენს სახლზე.
31არ უნდა ჭამონ მღვდლებმა არც მკვდარი და არც ნამხეცავი ფრინველი თუ პირუტყვი.
Next