Eleos

Contents

თავი - 43

Previous
1მიმიყვანა კარიბჭესთან, იმ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება.
2და, აჰა, ისრაელის ღვთის დიდება მოდიოდა აღმოსავლეთის გზით, მისი ხმა დიდი ნიაღვრის ხმასავით იყო და ქვეყანა განათდა მისი დიდებით.
3ეს ხილვა იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ვიხილე ამასწინათ, იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ვიხილე, როცა მოვიდა ქალაქის გასანადგურებლად; იმ ხილვებს ჰგავდა, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას. და პირქვე დავემხე.
4უფლის დიდება შევიდა ტაძარში იმ კარიბჭით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიქცეული.
5ამწია სულმა და შემიყვანა შიდა ეზოში და, აჰა, უფლის დიდებით იყო ტაძარი ავსებული.
6გავიგონე, რომ მელაპარაკებოდა ტაძრიდან; ის კაცი კი ჩემს გვერდით იდგა.
7მითხრა: ადამის ძევ! ეს არის ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემს ფეხთა ტერფებისა, სადაც საუკუნოდ ვიქნები ისრაელიანთა შორის; აღარ გააუწმიდურებს ჩემს წმიდა სახელს ისრაელის სახლი, არც ის და არც მისი მეფეები, თავიანთი გარყვნილებით და თავიანთ მეფეთა ძეგლებით გორაკებზე;
8თავიანთი ზღურბლის ჩემს ზღურბლთან გათანაბრებით, თავიანთი წყრთილების ჩემს წყრთილებთან გათანასწორებით და კედლის აღმართვით ჩემსა და მათ შორის. აუწმიდურებდნენ ჩემს წმიდა სახელს თავიანთი სისაძაგლეებით, რომელთაც სჩადიოდნენ, და მე ვშთანთქე ისინი ჩემს რისხვაში.
9ამიერიდან გამარიდებენ თავიანთ გარყვნილებას და თავიანთ მეფეთა ძეგლებს და მე დავმკვიდრდები მათ შორის საუკუნოდ.
10შენ კი ადამის ძევ, აუწყე ისრაელის სახლს ამ ტაძრის ამბავი, რომ შერცხვეთ თავიანთი უკეთურობებისა და გაზომონ შენობა.
11თუ შერცხვებათ ყველაფრისა, რაც ჩადენილი აქვთ, გამოუცხადე მათ ტაძრის ნახაზი, მისი აღნაგობა, მისი შესასვლელ-გამოსასვლელები, მთელი მისი ნახაზი და ყოველი წესი და კანონი; დაუწერე, რომ დაიცვან ყოველი მისი ნახაზი და წესი, და შეასრულონ.
12ეს არის ტაძრის რჯული: მთელი მიდამო მთის წვერზე წმიდათა წმიდაა ირგვლივ. აჰა, ეს არის ტაძრის რჯული.
13აი, სამსხვერპლოს ზომები წყრთებში (წყრთად ითვლება წყრთა ხელის მტევანთან ერთად): კვარცხლბეკი ერთი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა, ძგიდე მის კიდეზე ირგვლივ ერთი მტკაველი; ეს არის სამსხვერპლოს ზურგი.
14მიწაზე მდგარი კვარცხლბეკიდან ქვემო შვერილამდე ორი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა; მცირე შვერილიდან დიდ შვერილამდე ოთხი წყრთა, სიგანე ერთი წყრთა.
15საკურთხეველის სიმაღლე ოთხი წყრთა; საკურთხევლიდან ზემოთ ოთხი რქა ამოდის.
16საკურთხევლის სიგრძე თორმეგი წყრთაა, თორმეტი წყრთა სიგანე, ოთხკუთხედია თავის ოთხივე მხარეს.
17შვერილის სიმაღლე თოთხმეტი წყრთა, სიგანეც თოთხმეტი წყრთა მის ოთხივე მხარეს; ძგიდე მის ირგვლივ ნახევარი წყრთა, მისი კვარცხლბეკის ირგვლივ ერთი წყრთა; მისი საფეხურები აღმოსავლეთისკენაა.
18მითხრა: ადამის ძევ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის წესები სამსხვერპლოსი იმ დღისთვის, როცა გაკეთდება, აღსავლენის შესაწირად და მასზე სისხლის სასხურებლად.
19მიეცი ლევიან მღვდლებს, ცადოკის მოდგმისანი რომ არიან, ჩემთან დაახლოებულთ, ამბობს უფალი ღმერთი, ხბო ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლისთვის, რათა მემსახურონ.
20აიღე მისი სისხლიდან და ასხურე სამსხვერპლოს ოთხ რქას, შვერილის ოთხ მხარეს და ძგიდეს, ირგვლივ; ამით განწმედ ცოდვისგან და გაასუფთავებ მას.
21აიღე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და დაწვი იგი ტაძრის დათქმულ ადგილას, საწმიდარის გარეთ.
22მეორე დღეს შესწირე საღი თხა ცოდვის გამოსასყიდად; ამით განწმედ სამსხვერპლოს, როგორც ხბოთი განწმიდეს.
23როცა განწმედას მორჩები, შესწირე საღი ხბო და საღი ვერძი ფარიდან.
24მიიყვანე უფლის წინაშე და დააფრქვიონ მათ მღვდლებმა მარილი, და აღსავლენად აღუვლინონ უფალს.
25შვიდი დღის მანძილზე ამზადებდე თითო თხას დღეში ცოდვის გამოსასყიდად; ხბო და ფარის ვერძიც საღი მოამზადონ.
26შვიდი დღის მანძილზე შეასრულონ გამოსყიდვის წესი სამსხვერპლოსთან განწმიდონ ის და აუვსონ ხელი.
27როცა შესრულდება ეს დღეები, მერვე დღეს და მის შემდეგ შესწირონ მღვდლებმა სამსხვერპლოზე თქვენი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, და წყალობას გამოვიჩენ თქვენდამი. ამბობს უფალი ღმერთი.
Next