Eleos

Contents

თავი - 41

Previous
1მიმიყვანა სასახლესთან და გაზომა სვეტები: სიგანე ექვსი წყრთა ერთ მხარეს და სიგანე ექვსი წყრთა მეორე მხარეს. ეს იყო კარვის სიგანე.
2შესასვლელის სიგანე ათი წყრთა; შესასვლელის ფრთა ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს; გაზომა მისი სიგრძე ორმოცი წყრთა და სიგანე ოცი წყრთა.
3შევიდა შიგნით და გაზომა შესასვლელის სვეტი ორი წყრთა, და შესასვლელი ექვსი წყრთა, და შესასვლელის სიგანე შვიდი წყრთა.
4გაზომა მისი სიგრძე ოცი წყრთა და სიგანეც ოცი წყრთა სასახლესთან და მითხრა: ეს არის წმიდათა წმიდა.
5გაზომა ტაძრის კედელი ექვსი წყრთა და გვერდითი სენაკები ირგვლივ ოთხი წყრთა, ტაძრის ირგვლივ.
6გვერდითი სენაკები ერთმანეთის ზემოთ იყო, სამ სართულად, თითო სართულში ოცდაათი; და მიუყვებოდა ტაძრის კედელს ირგვლივ, რომ ერთმანეთით ყოფილიყენენ გამაგრებული და ტაძრის კედელს არ დაყრდნობოდნენ.
7გვერდითი სენაკების სიგანე ფართოვდებოდა მაღლა და მაღლა ტაძრის გარშემო, რადგან ტაძარიც განივრდებოდა მაღლა და მაღლა, ისე რომ ქვედა სართულიდან ზედა სართულზე შუადან იყო ასასვლელი.
8დავინახე, სახლს ჰქონდა შემაღლებული ბაქანი ირგვლივ; გვერდითი სენაკების საძირკველი სრული ექვსი წყრთა ოყო.
9სენაკების კედლის სიგანე გარეთა მხარეს იყო ხუთი წყრთა, ხოლო ცარიელი ადგილი სენაკებს შორის ტაძრის იყო.
10მანძილი ოთახებს შორის ოცი წყრთა იყო ტაძრის ირგვლივ.
11გვერდითი სენაკიდან ცარიელ ადგილზე იყო გასასვლელი, ერთი გასასვლელი ჩრდილოეთისკენ და ერთი გასასვლელი სამხრეთისკენ; ცარიელი ადგილის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ.
12შენობა, რომელიც შემოკავებული ადგილის წინ იდგა, დასავლეთისკენ, სიგანით სამოცდაათი წყრთა იყო; შენობის კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ და სიგრძე ოთხმოცდაათი წყრთა.
13გაზომა ტაძრის სიგრძე ასი წყრთა; შემოკავებული ადგილი შენობითურთ და მისი კედლები სიგრძით ასი წყრთა.
14ტაძრის სიგანე წინა მხარეს და შემოკავებული ადგილისა აღმოსავლეთისკენ ასი წყრთა.
15გაზომა ტაძრის სიგრძე შემოკავებულის მხარეს, მის უკან, თავისი სვეტნარით ორივე მხარეს ასი წყრთა; ასევე შიდა სასახლე და ეზოს სტოა.
16ზღურბლები, ცხაურიანი სარკმლები და სვეტნარი ირგვლივ სამ სართულად, ზღურბლის წინ, ხით მოპირკეთებული ირგვლივ, იატაკიდან სარკმლებამდე (სარკმლები ყრუ იყო),
17შესასვლელის თავზე, ტაძრის შიდა და გარეთა მხარე, მთელი კედელი ირგვლივ, შიგნიდან და გარედან, თანაზომიერი იყო.
18ამოკვეთილი იყო ქერუბიმები და პალმები; პალმა ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის იყო, ორი სახე ჰქონდა ყოველ ქერუბიმს.
19კაცის სახე პალმისკენ იყო მიქცეული ერთ მხარეს და ლომის სახე პალმისკენ იყო მიქცეული მეორე მხარეს. ასე იყო გაკეთებული მთელს ტაძარში, ირგვლივ.
20იატაკიდან შესასვლელის თავამდე ქერუბიმები და პალმები იყო გამოხატული; ასევე ტაძრის კედელზე.
21სასახლის წყრთილები ოთხკუთხედი იყო, საწმიდარსაც იგივე შესახედაობა ჰქონდა.
22ხის სამსხვერპლოს სიმაღლე სამი წყრთა იყო, სიგრძე ორი წყრთა; მისი კუთხეები, კვარცხლბეკი და კედლები ხისა იყო. მითხრა მან: ეს საკურთხეველია უფლის წინაშე.
23ორ-ორი კარი ჰქონდა სასახლეს და საწმიდარს.
24ორი ფრთა ჰქონდა თითო კარს, ორივე ფრთა მოტრიალე იყო; ორი ფრთა ერთ კარს და ორი ფრთა მეორე კარს.
25გამოსახული იყო მათზე, სასახლის კარებზე, ქერუბიმები და პალმები ისევე, როგორც კედლებზე იყო გამოსახული; ხის ზღურბლი იყო სტოას წინ, გარეთ.
26ცხაურიანი სარკმლები და პალმები აქეთ-იქით სტოას გვერდებზე, ტაძრის გვერდითი სენაკები და ზღურბლები.
Next