თავი - 40
Previous1ჩვენი ტყვეობის ოცდამეხუთე წელს, წლის დასაწყისში, თვის ათში, ქალაქის დანგრევიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, სწორედ იმ დღეს, იყო უფლის ხელი ჩემზე და მიმიყვანა იქ.
2ღვთიურ ხილვაში მიმიყვანა ისრაელის ქვეყნად და დამსვა ერთ ძალზე მაღალ მთაზე, სადაც სამხრეთის მხარეს რაღაც ქალაქისმაგვარი იყო აშენებული.
3მიმიყვანა იქ, და აჰა, კაცი, რომლის სახე რვალის სახეს ჰგავდა; სელის თოკი და ლერწმის საზომი ეჭირა ხელში და კარიბჭესთან იდგა.
4დამელაპარაკა ეს კაცი: ადამის ძევ! იხილე შენი თვალით და შენი ყურით მოისმინე, გულში ჩაიდევი ყველაფერი, რასაც გახილვინებ, რადგან იმისთვის ხარ მოყვანილი აქ, რომ გახილვინო; გამოუცხადე ისრაელის სახლს ყველაფერი, რასაც იხილავ.
5აჰა, კედელია ტაძრის გარეთ, მის ირგვლივ, და კაცს ლერწმის საზომი აქვს ხელში, ექვსწყრთიანი (წყრთა მტევნითურთ); გაზომა შენობის სიგანე და იყო ერთი ლერწამი და სიმაღლე - ერთი ლერწამი.
6მივიდა აღმოსავლეთისკენ მიმართულ კარიბჭესთან და ავიდა მის საფეხურებზე, და გაზომა კარიბჭის ერთი ზღურბლი; სიგანე ერთი ლერწამი, მეორე ზღურბლის სიგანეც ერთი ლერწამი.
7თითო სენაკის სიგრძე ერთი ლერწამი და სიგანეც ერთი ლერწამი; სენაკებს შორის ხუთი წყრთა; კარიბჭის ზღურბლი შიდა კარიბჭის სტოასთან ერთი ლერწამი;
8გაზომა შიდა კარიბჭის სტოა - ერთი ლერწამი.
9გაზომა კარიბჭის სტოა - შვიდი წყრთა, მისი სვეტები ორ-ორი წყრთა; კარიბჭის სტოა შიგნით იყო.
10აღმოსავლეთის კარიბჭეს ერთ მხარეს სამი სენაკი ჰქონდა, მეორე მხარეს სამი; ერთი ზომის იყო სამივე, ერთი ზომის იყო ორივე მხარის სვეტები.
11გაზომა კარიბჭის შესასვლელის სიგანე - ათი წყრთა, კარიბჭის სიგრძე - ცამეტი წყრთა;
12სენაკების წინ ფართობი თითო წყრთა იყო ორივე მხარეს; სენაკები - ექვსი წყრთა ერთ მხარეს და ექვსი წყრთა მეორე მხარეს.
13გაზომა კარიბჭე ერთი სენაკის სახურავიდან მეორე სენაკის სახურავამდე - სიგანე ოცდახუთი წყრთა; კარი კარის პირდაპირ იყო;
14სამოცი წყრთა გამოუვიდა სვეტები; სვეტების წინ ეზო და კარიბჭე იყო ირგვლივ.
15შესასვლელი კარიბჭიდან შიდა კარიბჭის სტოამდე - ორმოცდაათი წყრთა;
16ცხაურიანი სარკმლები ჰქონდა სენაკებს და სვეტებს კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; და ასევე სტოებს; სარკმლები იყო ირგვლივ შიდა მხარეს და სვეტებზე პალმები იყო დახატული.
17მიმიყვანა გარეთა ეზოში და, აჰა, ოთახები და ქვაფენილია მოწყობილი ეზოში, ირგვლივ, ოცდაათი ოთახი, ქვაფენილიანი.
18ქვაფენილი კარიბჭეთა გვერდით იყო, მთელს სიგრძეზე; ეს იყო ქვედა ქვაფენილი.
19გაზომა სიგანე ქვედა კარიბჭიდან შიდა ეზოს ბოლომდე ასი წყრთა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით.
20გარეთა ეზოს ჩრდილო კარიბჭის სიგრძე და სიგანეც გაზომა.
21სენაკები ერთ მხარეს სამი იყო, მეორე მხარეს - სამი; მისი სვეტები და სტოა პირველი კარიბჭის ზომისა იყო, სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
22სარკმლები, სტოები და პალმის ჩუქურთმები იმავე ზომისა ჰქონდა, როგორიც აღმოსავლეთის კარიბჭეს; შვიდი საფეხური იყო ასავლელი და სტოა მის წინ;
23შიდა ეზოს კარიბჭე ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კარიბჭის პირდაპირ იყო; და გაზომა კარიბჭიდან კარიბჭემდე ასი წყრთა.
24წამიყვანა სამხრეთისკენ და, აჰა, სამხრეთის კარიბჭე; გაზომა მისი სვეტები და სტოა, და იგივე ზომებისა იყო.
25ჰქონდა სარკმლები და სტოები ირგვლივ ისეთივე, როგორიც სხვა სარკმლები იყო; სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
26იყო ასასვლელი შვიდსაფეხურიანი, სტოა მის წინ და პალმის ჩუქურთმები მის სვეტებზე, თითო-თითო ორივე მხარეს;
27შიდა ეზოს კარიბჭე სამხრეთისკენ იყო; გაზომა კარიბჭიდან მეორე კარიბჭემდე სამხრეთისკენ ასი წყრთა.
28შემიყვანა შიდა ეზოში სამხრეთის კარიბჭით და გაზომა სამხრეთის კარიბჭე იმავე ზომების მიხედვით.
29სენაკები, სვეტები და სტოა იმავე ზომებისა იყო; სარკმლები და სტოა ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
30სტოები იყო ირგვლივ: სიგრძე ოცდახუთი წყრთა და სიგანე ხუთი წყრთა.
31მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვა საფეხურიანი.
32შემიყვანა შიდა ეზოში აღმოსავლეთის კარიბჭით და გაზომა კარიბჭე იმავე ზომების მიხედვით.
33სენაკები, სვეტები და სტოა იმავე ზომებისა იყო; სარკმლები და სტოა ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
34მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვასაფეხურიანი იყო.
35მიმიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭესთან და გაზომა იმავე ზომების მიხედვით.
36სენაკები, სვეტები, სტოები და სარკმელები ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
37მისი სვეტები გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა ორივე მხარეს და ასასვლელი რვასაფეხურიანი იყო.
38ჰქონდა ოთახი თავისი შესასვლელითურთ კარიბჭის სვეტებთან; აქ ასუფთავებენ აღსავლენ მსხვერპლს.
39კარიბჭის სტოაში ერთ მხარეს ორი ტაბლა იყო, მეორე მხარესაც ორი ტაბლა იყო აღსავლენის, ცოდვის გამოსასყიდის და დანაშაულის გამოსასყიდის მსხვერპლის დასაკლავად.
40გარეთა ფრთაზე ასასვლელთან, ჩრდილოეთის კარიბჭის შესასვლელთან ორი ტაბლა იყო, მეორე ფრთაზე კარიბჭის სტოასთან ორი ტაბლა იყო;
41ოთხი ტაბლა ერთ მხარეს და ოთხი ტაბლა მეორე მხარეს, კარიბჭის ფრთასთან; რვა ტაბლა იყო მსხვერპლის დასაკლავად.
42ოთხი ტაბლა აღსავლენი მსხვერპლისათვის თლილი ქვისგან იყო; სიგრძე ერთნახევარი წყრთა, სიგანე ერთნახევარი წყრთა და სიმაღლე ერთი წყრთა; მათზე ეწყო იარაღები, რომლებითაც კლავენ აღსავლენს და სხვა მსხვერპლს.
43ორკაპი ჩანგლები, ერთი მტკაველი სიგრძისა, მიმაგრებული იყო შიგნით ირგვლივ, ტაბლებზე კი შესაწირავი ხორცი ელაგა;
44შიდა კარიბჭის გარეთ მგალობელთა ოთახები იყო, შიდა ეზოში, რომელიც ჩრდილოეთის კარიბჭის ფრთასთან იყო და სამხრეთისკენ იყურებოდა; ერთი კი აღმოსავლეთის კარიბჭის ფრთასთან, ჩრდილოეთისკენ იყო მიქცეული.
45მითხრა: ეს ოთახი, სამხრეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც ტაძრის სამსახურს ასრულებენ.
46ხოლო ოთახი, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ასრულებენ; ესენი ცადოკის ძენი არიან, რომლებიც ლევიანთა შორის, უფალს მიახლოებულნი, ემსახურებიან მას.
47გაზომა ეზო: სიგრძე ასი წყრთა და სიგანეც ასი წყრთა, ოთხკუთხედი იყო; სამსხვერპლო იდგა ტაძრის წინ.
48მიმიყვანა ტაძრის სტოასთან და გაზომა სტოა: ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს; კარიბჭის სიგანე სამი წყრთა ერთ მხარეს და სამი წყრთა მეორე მხარეს.
49სტოას სიგრძე ოცი წყრთა და სიგანე თორმეტი წყრთა; აღსავალთან, რომლითაც ადიან, სვეტები იყო, ერთი ერთ მხარეს, მეორე მეორე მხარეს.
Next