თავი - 39
Previous1ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!
2მოგატრიალებ, გამოგათრევ და წამოგიყვან ჩრდილოეთის კიდეებიდან და მოგიყვან ისრაელის მთებზე.
3გაგაგდებინებ შვილდს მარცხენა ხელიდან და ისრებს მარჯვენა ხელიდან დაგაყრევინებ.
4ისრაელის მთებზე დაეცემი მთელი შენი ურდოიანად და ხალხთან ერთად, თან რომ გახლავს; ყოველგვარ ონავარ ფრინველს და ველის მხეცებს მიგცემ შესაჭმელად;
5ტრიალ მინდორზე დაეცემი, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.
6გავგზავნი ცეცხლს მაგოგში და უზრუნველ ზღვისპირელებში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
7გავაცხადებ ჩემს წმიდა. სახელს ჩემს ერში, ისრაელში, და აღარ შევალახვინებ ჩემს წმიდა სახელს; და მიხვდებიან ხალხები, რომ მე უფალი ვარ, რომ წმიდა ვარ ისრაელში.
8აჰა, მოვა და ახდება, ამბობს უფალი ღმერთი, იმ დღეს, რომელზეც ვთქვი.
9გამოვლენ ისრაელის ქალაქთა მცხოვრებნი, ცეცხლს წაუკიდებენ და დასწვავენ იარაღს, ფარსა და აბჯარს, მშვილდსა და ისრებს, ლახტსა და შუბს; შვიდ წელიწადს ეყოფათ ცეცხლის დასანთებად.
10მინდვრიდან არ დაიწყებენ შეშის ზიდვას და ტყეშიც არ მოჭრიან, რადგან იარაღით დაანთებენ ცეცხლს; გაძარცვავენ თავიანთ გამძარცველთ და დაარბევენ თავიანთ დამარბეველთ, ამბობს უფალი ღმერთი.
11იმ დღეს იქნება, რომ მივცემ გოგს დასამარხავ ადგილს ისრაელში, დასავლეთიდან მომავალთა ხეობაში და გზას გადაუღობავს მომავალთ; იქ დამარხავენ გოგს და მთელს მის ურდოს, და დაერქმევა მას გოგის ურდოსხევი.
12შვიდ თვეში დამარხავს მათ ისრაელის სახლი ქვეყნის განსაწმედად;
13დამარხავს ქვეყნის მთელი ხალხი და სასახელო იქნება ის დღე, როცა დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი ღმერთი.
14საგანგებო ხალხს გამოარჩევენ ქვეყნად მავალთაგან, რომ მათთან ერთად დამარხონ ქვეყანაში დარჩენილნი მის განსაწმედად; შვიდი თვის ბოლოს ძებნას დაუწყებენ.
15ჩაივლიან ქვეყნად მავალნი და ნახავენ ადამიანის ძვალს; და ააგებს მის გვერდით ძეგლს, ვიდრე დამმარხველნი დამარხავენ მას გოგის ურდოსხევში.
16ქალაქის სახელიც ურდო იქნება და განწმედენ ქვეყანას.
17შენ -კი, ადამის ძევ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: უთხარი ფრინველს, ყოველგვარ ფრთოსანს და მინდვრის ყოველ მხეცს: თავი მოიყარეთ და მოდით; შემოკრბით ჩემი მსხვერპლის გარშემო, რომელსაც დავკლავ თქვენთვის, დიდი მსხვერპლის გარშემო ისრაელის მთებზე; და შეჭამთ ხორცს და შესვამთ სისხლს.
18გმირთა ხორცს შეჭამთ და ქვეყნის მთავართა სისხლს შესვამთ, როგორც ბაშანში გამოკვებილ ვერძების და თიკნების, თხებისა და ხარების სისხლს.
19გაძღომამდე შეჭამთ ქონს და თრობამდე შესვამთ სისხლს ჩემი მსხვერპლიდან, რომელსაც დავკლავ თქვენთვის.
20გაძღებით ჩემს სუფრაზე ცხენებთან და მხედრებთან ერთად, ძლიერებთან და მეომარ ხალხთან ერთად, ამბობს უფალი ღმერთი.
21მოვავლენ ჩემს დიდებას ხალხებში და დაინახავს ყოველი ხალხი ჩემს მსჯავრს, რომელსაც აღვასრულებ, და ჩემს ხელს, რომელსაც დავდებ მათზე;
22და ეცოდინება ისრაელის სახლს ამ დღეს და მერმისაც, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.
23ეცოდინებათ ხალხებს, რომ მისი დანაშაულის გამო წარიტყვევნა ისრაელის სახლი; რომ შემცოდეს და მეც პირი ვირიდე მათგან, მტრის ხელში ჩავყარე ისინი და ყველანი მახვილით დაეცნენ.
24მათ უწმიდურობათა და შეცოდებათა გამო მოვიქეცი ასე და პირი ვირიდე მათგან.
25ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ამიერიდან დავაბრუნებ დატყვევებულ იაკობს და შევიწყალებ მთელს ისრაელის სახლს, შურს გამოვიჩენ ჩემი წმიდა სახელის გულისათვის.
26დაივიწყებენ თავიანთ სირცხვილს და ყოველ დანაშაულს, რაც ჩემს წინააღმდეგ ჩაიდინეს, როცა დასახლდებიან თავიანთ მიწაზე უზრუნველად და არავინ იქნება დამაფრთხობელი.
27როცა გამოვაბრუნებ ხალხებიდან მათ და გამოვკრებ მათი მტრების ქვეყნებიდან, მაშინ გამოვაჩენ ჩემს დიდებას მათში უამრავი ხალხის თვალწინ.
28მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი, როცა ხალხებში გაბნეულებს შევკრებ მათ მიწაზე და იქ აღარავის დავტოვებ.
29აღარ მოვარიდებ მათ ჩემს სახეს, რათა გადმოვღვარო ისრაელის სახლზე ჩემი სული, ამბობს უფალი ღმერთი.
Next