თავი - 38
Previous1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ - როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე;
3უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!
4გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ; გამოგიყვან შენ და მთელს შენ ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ყველას, დიდებულად შემოსილთ, უშქარ კრებულს, თოროსანთ და ფარისმპყრობელთ, ყველას, მახვილიანს -
5სპარსს, ქუშსა და ფუტს მათთან ერთად, ფარებითა და მუზარადებით,
6გომერს მთელი თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად.
7გაემზადე შენ და მთელი შენი კრებული, შენს წინაშე შემოკრებილი, და მცველად დაუდექი მათ.
8მრავალი დღის შემდეგ დაგიდგება ჟამი და უკანასკნელ წლებში შეხვალ მახვილს გადარჩენილ ქვეყანაში, მრავალი ხალხისგან შემოკრებილში, ისრაელის მთებზე, რომელიც მუდამ უკაცრიელი იყო; ისინი გამოვლენ ხალხებიდან და უზრუნველად იცხოვრებენ ყველანი.
9აღიძრები და ქარიშხალივით შეხვალ, ღრუბელივით დაფარავ ქვეყანას მთელი შენი ურდოთი და ურიცხვი ხალხით, შენთან რომ არის.
10ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს ფიქრები აღგეძრება გულში და ავ ზრახვებს განიზრახავ,
11იტყვი: გავილაშქრებ შემოუზღუდველ დაბებზე, თავს დავესხმები უზრუნველ ხალხს, მშვიდად მცხოვრებთ, უგალავნოდ რომ ცხოვრობენ ყველანი და არც ურდულები აქვთ და არც კარები;
12რომ წარვტყვევნო და ვიალაფო, მივმართო ხელი აწ გაშენებულ ნაოხარებზე; ხალხებიდან გამოკრებილ ერზე, პირუტყვისა და დოვლათის მქონებელზე, ქვეყნის ჭიპში რომ ცხოვრობს.
13შება და დედანი, თარშიშელი ვაჭრები და ყველა მისი დაბა, გეტყვიან შენ: ხომ წარსატყვევნელად ხარ მისული? ხომ საალაფოდ შემოგიკრებია შენი კრებული, რომ წაიღო ვერცხლი და ოქრო, წაასხა საქონელი და იალაფო დიდძალი დოვლათი?
14ამიტომ იწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი გოგს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: როგორ ფიქრობ, არ დაემკვიდრება იმ დღეს ჩემი ერი, ისრაელი, უზრუნველად?
15მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, შენ და შენი ურიცხვი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე ამხედრებულნი, დიდძალი კრებული და ურიცხვი ლაშქარი;
16წამოხვალ ჩემს ხალხზე, როგორც ქვეყნის დამფარავი ღრუბელი; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ მიცნონ ხალხებმა, როცა გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს შენში, გოგ, მათ თვალწინ.
17ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენ ის არა ხარ, ვისზეც ვლაპარაკობდი ძველ დროში ჩემს მორჩილთა, ისრაელის წინასწარმეტყველთა, პირით, იმ დღეებზე რომ წინასწარმეტყველებდნენ, როცა შენ მოგიყვანე მათ წინააღმდეგ?
18სწორედ იმ დღეს, გოგის თავდასხმის დღეს ისრაელის მიწაზე, ამბობს უფალი ღმერთი, აღიგზნება ჩემი რისხვა ჩემს ნესტოებში.
19შურითა და რისხვის ცეცხლით ვლაპარაკობ, რომ იმ დღეს მოხდება დიდი შეზანზარება ისრაელის მიწაზე;
20შეიძრებიან ჩემს წინაშე ზღვის თევზები და ცის ფრინველები, მიწის მხეცები და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი კაცი, ვინც კი არის მიწის პირზე; ჩამოიქცევა მთები და ჩამოშვავდება ქარაფები, ქვეყნის ყოველი კედელი ჩამოწვება.
21მოვუწოდებ მახვილს მის წინააღმდეგ ისრაელის ყოველ მთაზე, ამბობს უფალი ღმერთი და ერთმანეთისგან ექნებათ მიმართული მახვილები.
22დავსჯი მათ შავი ჭირით და სისხლით; თავსხმას, ქვის სეტყვას, ცეცხლსა და წუმწუმას ვაწვიმებ მათზე, მის ურდოებზე და ურიცხვ ხალხზე, მასთან რომ არიან.
23მაშინ გამოვაჩენ ჩემს სიდიადეს და სიწმიდეს და გავცხადდები უამრავი ხალხის თვალწინ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
Next