თავი - 35
Previous1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! სეყირის მთისკენ მიაქციე პირი და იწინასწარმეტყველე მასზე,
3უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, სეყირის მთაო! ხელს მოგიღერებ და უდაბნოდ და უდაბურად გაქცევ.
4შენს ქალაქებს ოხრად დავაგდებ და შენც უდაბური გახდები. მაშინ მიხვდები, რომ უფალი ვარ.
5რაკი საუკუნო მტრობა გქონდა და მახვილს მიუგდე ისრაელიანები მათი გასაჭირის ჟამს, საბოლოო სასჯელის ჟამს.
6ამიტომაც, ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი: სისხლად გაქცევ და სისხლი დაგედევნება; ხომ არ გძულებია სისხლი და სისხლი დაგედევნება.
7უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ სეყირის მთას, ამოვძირკვავ იქ გამვლელს და მცხოვრებს.
8დახოცილებით ავავსებ მის მთებს; მახვილით დახოცილნი დაეცემიან შენს გორაკებზე, ხევებში და მდინარეებში.
9საუკუნო უდაბნოდ გაქცევ და გაუკაცრიელდება შენი ქალაქები; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
10რაკი ამბობდი, ჩემი იქნებაო ეს ორი ხალხი და ეს ორი ქვეყანა, ჩვენ დავიმკვიდრებთო, თუმცა უფალი იყო იქ.
11ამიტომაც, ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი: თუ არ მოგექცე შენი რისხვისა და შენი შურისამებრ, რომელიც შენი სიძულვილით გამოიჩინე მათ წინააღმდეგ; მაშინ გავცხადდები მათში, როცა მსჯავრს დაგდებ.
12მიხვდები, რომ მე, უფალს, მესმოდა შენგან ყოველი აუგი, რომელიც გითქვამს ისრაელის მთებზე: გაუდაბურდნენ, ჩვენ მოგვეცა შესაჭმელადო.
13მედიდგულებოდით ბაგეებით და ამრავლებდით სიტყვებს ჩემს წინააღმდეგ; მე მესმოდა ეს.
14ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა მთელი ქვეყანა გაიხარებს, მაშინ გაგაუდაბურებ.
15როგორც ისრაელის სახლის სამკვიდროს გაუდაბურება გიხაროდა, ასევე მოგექცევი შენც: გაუდაბურდებით, სეყირის მთაო და მთელო ედომო, ერთიანად! მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
Next