თავი - 34
Previous1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ მწყემსებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი. ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყესავენ! განა ცხვარს არ უნდა მწყესავდნენ მწყემსები?
3ქონს ჭამთ, მატყლით იმოსებით, ნასუქალს ხოცავთ, ცხვარს კი არ მწყემსავთ!
4დაუძლურებულთ არ აძლიერებთ, დასნეულებულთ არ განკურნავთ, ჭრილობებს არ შეუხვევთ, გატაცებულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ, მძლავრობით და სისასტიკით ბატონობთ მათზე.
5გაიფანტნენ უმწყემსოდ დარჩენილნი, მინდვრის მხეცების კერძნი გახდნენ, გაიფანტნენ!
6დაეხეტება ჩემი ცხვარი მთებზე და მაღალ გორაკებზე, მთელი ქვეყნის პირზე გაიფანტა ჩემი ცხვარი და არავინაა მათი მომკითხავი, არც მძებნელი.
7ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო!
8ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი! რაკი მიტაცებულია ჩემი ცხვარი და მიწის მხეცებას კერძი გამხდარა უმწყემსოდ დარჩენილი ჩემი ცხვარი, რაკი არ მოუკითხავთ ჩემს მწყემსებს ჩემი ცხვარი, რაკი საკუთარ თავს მწყემსავენ მწყემსები, ჩემს ცხვარს კი არ მწყემსავენ,
9ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო!
10ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ისევ მწყემსებს მოვკითხავ ჩემს ცხვარს და გადავაყენებ მათ ცხვრის მწყემსობისგან, რომ კვლავ აღარასოდეს მწყემსავდნენ მათ. პირიდან გამოვგლეჯ მათ ჩემს ცხვარს, რომ მათი კერძი აღარ იყოს.
11რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე თავად მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვძებნი!
12როგორც მწყემსი ეძებს თავის ცხვარს, როცა თავის გაფანტულ ფარაში ჩადგება, მეც ისე მოვძებნი ჩემს ცხვარს და დავიხსნი ყველა იმ ადგილიდან, სადაც კი გაიფანტნენ ნისლიან და ღრუბლიან დღეს.
13გამოვიყვან ხალხებიდან და გამოვკრებ ქვეყნებიდან, მივიყვან მათ საკუთარ მიწაზე და დავმწყესავ მათ ისრაელის მთებზე, ნაკადულთა ნაპირებზე და ყველგან, ქვეყნის დასახლებულ მხარეში.
14საუკეთესო საძოვრებზე დავმწყესავ მათ და ისრაელის მაღალ მთებზე ექნებათ სადგომი; აქ დაბინავდებიან საუკეთესო სადგომებში და ნოყიერ საძოვრებზე მოძოვენ ისრაელის მთებში.
15მე თავად დავმწყესავ ჩემს ცხვარს და მე თავად დავაბინავებ, ამბობს უფალი ღმერთი.
16დაკარგულს მოვიძიებ, გატაცებულს დავაბრუნებ, დაჭრილს ჭრილობებს შევუხვევ, დაუძლურებულს მოვაძლიერებ, მსუქანს და ძლიერს მოვუვლი; სამართლიანად დავმწყესავ მათ.
17თქვენზე კი, ჩემო ცხვარო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები მსაჯული ცხვარსა და ცხვარს შორის, ვერძებსა და ვაცებს შორის!
18ნუთუ გეცოტავებათ საუკეთესო საძოვარი, სადაც დაბალახობთ, რომ თქვენი საძოვრის დანარჩენსაც ფეხით თელავთ? ანკარა წყალს რომ სვამთ და დანარჩენსაც ფეხით ამღვრევთ?
19თქვენი ფეხით განათელი უნდა ძოვოს ჩემმა ცხვარმა და თქვენი ფეხით ამღვრეული უნდა სვას?
20ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები მსაჯული მსუქან ცხვარსა და მჭლე ცხვარს შორის!
21რაკი ფერდებით და მხრებით ეჯახებით, რქებით რქენთ დაუძლურებულთ, რომ გარეთ გაფანტოთ ისინი,
22მე თავად გადავარჩენ ჩემს ცხვარს და აღარ იქნება დატაცებული. მე ვიქნები მსაჯული ცხვარსა და ცხვარს შორის.
23ერთ მწყემსს დავუყენებ და ის დამწყესავს მათ; დავითს, ჩემს მორჩილს, დავუყენებ; თავად ის დამწყესავს ძათ და ის იქნება მათი მწყემსი.
24მე, უფალი, ვიქნები მათი ღმერთი; ჩემი მორჩილი დავითი კი წინამძღოლი იქნება მათ შორის. მე, უფალმა, ვთქვი.
25დავუდებ მათ მშვიდობის აღთქმას და გადავაშენებ ქვეყნიდან სასტიკ მხეცებს, რომ მშვიდად იცხოვრონ უდაბნოში და იძინონ მაღნარებში.
26კურთხევად ვაქცევ მათ და ჩემი მაღლობის მიდამოებს, დროულად ვადინებ წვიმას და ჩემი წვიმა კურთხევა იქნება.
27მინდვრის ხე თავის ნაყოფს გამოისხამს და მიწა მოსცემს თავის მოსავალს, და მშვიდად იქნებიან თავიანთ მიწაზე. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა დავწყვეტ მათი უღლის საკვრელებს და მათი დამმონებლების ხელიდან დავიხსნი.
28აღარ იქნებიან ნადავლად ხალხებისთვის და მიწის მხეცები აღარ შეჭამენ მათ; მშვიდად იცხოვრებენ და აღარ ეყოლებათ დამაფრთხობელი.
29აღვუდგენ სახელად ნერგს და აღარ გაწყდებიან შიმშილით ამქვეყნად; აღარ ექნებათ დასათმენი შეურაცხყოფა ხალხებისგან.
30მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი მათი ღმერთი, მათთანა ვარ და ჩემი ერია ისინი - ისრაელის სახლი,ამბობს უფალი ღმერთი.
31თქვენ, ჩემო ცხვრებო, ჩემი საძოვრის ცხვრებო, ადამის მოდგმა ხართ, მე კი ღმერთი ვათ თქვენი! ამბობს უფალი ღმერთი.
Next