Eleos

Contents

თავი - 33

Previous
1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! ელაპარაკე შენი ერის შვილებს და უთხარი მათ: თუ რომელიმე ქვეყანას მოვუვლენ მახვილს და ამ ქვეყნის ხალხი ამოირჩევს თავისი წიაღიდან ერთ კაცს და თავის მფარველად დაადგენს მას,
3დაინახავს ის ქვეყანაზე მოვლენილ მახვილს, დასცემს ბუკს და გააფრთხილებს ხალხს;
4თუ ისმინა მსმენელმა ბუკის ხმა და არ გაფრთხილდა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა იგი, მისი სისხლი მის თავზე იქნება.
5ბუკის ხმა მოესმა და არ გაფრთხილდა, მისი სისხლი მასზე იქნება; ვინც გაფრთხილება, თავს გადაირჩენს.
6თუ მფარველმა დაინახა წამოსული მახვილი და ბუკს არ დასცა და ხალხი არ გააფრთხილა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა ვინმე მათგანი, ეს თავისი ცოდვის გამო წაიყვანება, მაგრამ მის სისხლს მფარველს მოვკითხავ.
7აჰა, ადამის ძევ, ისრაელის სახლის მფარველად დამიდგენიხარ, ისმინე სიტყვა ჩემი ბაგიდან და ჩემგნით გააფრთხილე ისინი.
8როცა ბოროტეულს ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.
9თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს.
10შენ, ადამის ძევ, უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობთ-თქო თქვენ: თუ ჩვენი დანაშაულნი და ცოდვები ჩვენზეა და მათ გამო ვდნებით ჩვენ, როგორღა უნდა ვიცოცხლოთ?
11უთხარი მათ: ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო!
12შენ, ადამის ძევ, უთხარი შენი ერის შვილებს: მართალს ვერ იხსნის მისი სიმართლე შეცოდების დღეს და ბოროტეული არ წაიფორხილებს თავისი ბოროტების გამო თავისი მოქცევის დღეს ბოროტებისგან; ვერ გადარჩება მართალი ცოდვის ჩადენის დღეს.
13როცა ვეუბნები მართალს, გადარჩები-მეთქი, ის კი თავისი სიმართლის მოიმედე ბოროტებას ჩაიდენს, არც ერთი მისი სიმართლე არ იქნება გახსენებული და მოკვდება ბოროტებით, რომელიც ჩაიდინა.
14როცა ვეუბნები ბოროტეულს, მოკვდები-მეთქი, ის კი მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სამართალს და სიმართლეს,
15გირაოს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს ზღავს, სიცოცხლის წესებით ივლის და ბოროტებას არ ჩაიდენს, ის ცოცხალი დარჩება, არ მოკვდება.
16არც-ერთი ცოდვა, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენდება; სამართლისა და სიმართლის ქმნისთვის ცოცხალი დარჩება.
17ამბობენ შენი ერის შვილები: სწორი არ არისო უფლის გზა. თავად მათი გზა არ არის სწორი.
18როცა მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ბოროტებას ჩაიდენს, ამის გამო მოკვდება.
19როცა ბოროტეული მოიქცევა თავისი ბოროტებისგან და სამართალს და სიმართლეს იქმს, ამის გამო გადარჩება.
20თქვენ ამბობთ: სწორი არ არისო უფლის გზა. თითოეულს თქვენი გზისაებრ დაგდებთ მსჯავრს, ისრაელის სახლო!
21მეთორმეტე წელს, ჩვენი ტყვეობისა. მეათე თვის ხუთში მოვიდა ჩემთან იერუსალიმიდან გადარჩენილი და მითხრა: დაიქცა ქალაქი!
22უფლის ხელი იყო ჩემზე საღამოხანს გადარჩენილის მოსვლამდე და გამიხსნა ბაგე, ვიდრე ის მოვიდოდა ჩემთან დილით; გაიხსნა ჩემი ბაგე და აღარ დავდუმებულვარ.
23იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
24ადამის ძევ! ასე ამბობენ იმ ნაოხართა მკვიდრნი ისრაელის მიწაზე: ერთი იყო აბრაამი და მან დაიმკვიდრა ეს ქვეყანა, ჩვენ კი ბევრნი ვართ და მოგვეცა ეს ქვეყანა სამკვიდროდ.
25ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სისხლით ჭამთ და თვალებს კერპებისკენ აპყრობთ? სისხლს ღვრით და ქვეყნის დამკვიდრება გსურთ?
26თქვენს მახვილზე დგახართ, სისაძაგლეს სჩადხართ, ერთმანეთის ცოლებს ბილწავთ და კიდევ ქვეყნის დამკვიდრება გსურთ?
27ასე უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ცოცხალიმც ვარ, თუ ნაოხარებში მყოფნი მახვილით არ დაეცნენ და მინდვრად მყოფნი მხეცებს არ მიეცნენ შესაჭმელად, ვინც ციხე-სიმაგრეებში და გამოქვაბულებში არიან, შავი ჭირით არ დაიხოცნონ!
28უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ ქვეყანას და გაქრება მისი ამპარტავნეული სიძლიერე, გაუკაცრიელდება ისრაეილს მთები, ისე რომ არავინ იქნება გამვლელი.
29მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა უდაბნოდ და უკაცრიელად ვაქცევ ამ ქვეყანას; ყველა სისასაძგლისთვის, რაც ჩაუდენიათ.
30შენ კი, ადამის ძევ! შენი ერის შვილები ლაპარაკობენ შენზე კედლებთან და სახლების კართან, ეუბნებიან ერთმანეთს, მიდი, მოისმინე, რა სიტყვა გამოვიდა უფლის პირიდანო.
31მოდიან შენთან, როგორც ხალხი მოდის; ჯდება შენს წინაშე ეს ჩემი ხალხი და ისმენს შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთ ბაგეებში, ანგარებისკენ მიუდითი გული.
32აჰა, სალაღობო სიმღერა ხარ მათთვის. ლამაზხმიანი და ტკბილად ნამღერი; ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არავინაა მათი შემსრულებელი.
33როცა ახდება ეს და, აჰა, ახდა კიდეც! მაშინ მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.
Next