თავი - 32
Previous1მეთორმეტე წელს, მეთორმეტე თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! გამართე გოდება ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე, და უთხარი: ჭაბუკ ლომს ჰგავდი ხალხთა შორის და გველეშაპივით იყავი-თქო ზღვებში! ირქინებოდი შენს მდინარეებში და ფეხებით ამღვრევდი წყლებს, თელავდი-თქო მათ მდინარეებს.
3ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვისვრი შენზე ჩემ სათხეველს ხალხთა სიმრავლეში და ამოგათრევენ ჩემი ბადით.
4მოგისვრი მიწაზე და ტრიალ მინდორზედ დაგაგდებ, დავასახლებ შენზე ცის ყოველ ფრინველს და მიწის ყოველ მხეცს შენით გამოვკვებავ.
5მიმოვფანტავ შენს ხორცს მთებზე და ხევებს ავავსებ შენი მძორით.
6შენი სისხლით მოვრწყავ შენს საზრუნველ მიწას მთებამდე და შენით აივსება კალაპოტები.
7დავხურავ, როცა ჩაგაქრობ, ცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს; მზეს ღრუბლით შევბურავ და მთვარე აღარ გაანათებს თავისი ნათელით.
8ყოველ მანათობელ მნათობს დაგიბნელებ ცაზე და შენს დანგრევას გამოვაცხადებ ქვეყანათა ხალხებში, რომელთაც არ იცნობდი.
10შევაძრწუნებ შენს გამო უამრავ ხალხს და შიშის ზარი დაეცემათ მათ მეფეებს შენს გამო, როცა მოვიქნევ მათ ზემოთ ჩემს მახვილს და ყოველ წამს სიკვდილის შიში ექნებათ შენი დაცემის დღეს.
11რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბაბილონის მეფის მახვილი მოვა შენზე.
12ძლიერთა მახვილებით დავცემ შენს სიმრავლეს; ხალხთა შორის უსასტიკესნი არიან ყველანი და გააცამტვერებენ ეგვიპტის სიამაყეს; განადგურდება მთელი მისი სიმრავლე.
13ამოვწყვეტ მთელს მის პირუტყვს დიდ წყლებთან და აღარ აამღვრევს მათ კაცის ფეხი, პირუტყვის ჩლიქები აღარ აამღვრევს მათ.
14მაშინ დავამდოვრებ მათ წყლებს და მათ მდინარეებს ზეთივით ვადინებ, ამბობს უფალი ღმერთი.
15როცა უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გატიალდება მთელი სისავსე მისი, როცა მოვწყლავ მის ყოველმცხოვრებს, მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
16საგოდებელია ეს და იგოდებენ ამ საგოდებელს; ხალხთა ასულნი იგოდებენ მას, ეგვიპტეზე და მთელს მის სიმრავლეზე იგოდებენ, ამბობს უფალი ღმერთი.
17მეთორმეტე წელს, იმავე თვის თხუთმეტში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
18ადამის ძევ! დაიტირე ეგვიპტელთა სიმრავლე, ჩაიყვანე ის და ძლიერ ხალხთა ასულნი ქვეშეთის ქვეყანაში საფლავად ჩამავლებთან ერთად!
19ვისზე ლამაზი ხარ? ჩადი და იწექი წინდაუცვეთლებთან!
20მახვილით განგმირულთა შორის დაცემიან; მახვილს არის მიცემული იგი, წაათრევენ მას და მთელს მის სიმრავლეს.
21ძლიერნი გაეხმიანებიან მას და მის შემწეთ ქვესკნელის გულში; ჩავიდნენ, წვანან წინდაუცვეთელნი, მახვილით განგმირულნი.
22იქ არის აშური და მთელი მისი კრებული, მის გარშემო მისი საფლავებია; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი,
23რომელთა საფლავები ქვეშეთის უკანასკნელშია დადგმული და მისი კრებული მის საფლავების ირგვლივაა; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.
24იქ არის ელამი და მთელი მისი სიმრავლე, მისი საფლავების ირგვლივ; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, რომლებიც წინდაუცვეთელად ჩავიდნენ ქვეშეთის ქვეყნად, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას და წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად.
25განგმირულთა შორის მიეცა საწოლი მთელს თავის სიმრავლესთან ერთად; მის გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმარულნი; რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას, წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად; განგმირულთა შორის მიეცათ სამყოფელი.
26იქ არიან მეშექი და თუბალი და მთელი მისი სიმრავლე; მათ გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმირულნი, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.
27არ უნდა იწვნენ ძლიერებთან, წინდაუცვეთელად დაცემულებთან ერთად, რომლებიც ჩასულნი არიან შავეთში თავიანთი საომარი საჭურველით, მახვილები თავქვეშ რომ აქვთ ამოდებული, მათი ცოდვები კი მათ ძვლებზევეა, რადგან ძლიერთა შიშისზარი ჰქონდა ცოცხალთა ქვეყანას?
28შენც წინდაუცვეთელთა შორის შეიმუსრები და მახვილით განგმირულებთან დაწვები.
29აქ არის ედომი, მისი მეფენი და მთავარნი, რომლებიც მიეცნენ თავიანთი სიძლიერით მახვილით განგმირულებთან ერთად; წინდაუცვეთელებთან წვანან ისინი და საფლავად ჩასულებთან.
30იქ არიან ჩრდილოეთის ხელმწიფენი, ყველანი და ყოველი ციდონელი, რომლებიც ჩავიდნენ განგმირულებთან ერთად მათი ძლიერების შიშისზარით სირცხვილნაჭამნი და წვანან წინდაუცვეთელნი მახვილით განგმირულებთან ერთად და წაღებული აქვთ თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად.
31მათ იხილავს ფარაონი და ნუგეშს იცემს მთელი თვისი სიმრავლის გამო, მახვილით განგმირულთა გამო, ფარაონი და მთელი მისი ლაშქარი, ამბობს უფალი ღმერთი.
32რადგან შიშისზარს დავცემ ცოცხალთა ქვეყანას და დაწვებიან წინდაუცვეთელთა შორის მახვილით განგმირულებთან ერთად ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე, ამბობს უფალი ღმერთი.
Next