Eleos

Contents

თავი - 31

Previous
1მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მის სიმრავლეს: ვის ედრები-თქო შენი სიდიადით?
3აჰა, აშური კედარი იყო ლიბანში, რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტევრი; ზრომაღალი იყო და ღრუბლებს სწვდებოდა მისი წვეროკინი;
4წყლებმა გაზარდეს ის, უფსკრულმა აღამაღლა, მისი მდინარეები გარს უვლიდნენ მის ნერგს და გზავნიდნენ თავის ნაკადებს მინდვრის ყოველი ხისკენ.
5ამიტომაც მინდვრის ყველა ხეზე უფრო მეტად ამაღლდა მისი ტანი; გაეზარდა რტოები და დაუგრძელდა ტოტები უხვი წყლების წყალობით, რომელთაც ააღორძინეს.
6ცის ყოველი ფრინველი იბუდებდა მის რტოებში და მის ტოტგებქვეშ მინდვრის ყოველი მხეცი ბადებდა; უამრავი ხალხი ცხოვრობდა მის ჩრდილში.
7მშვენობდა ის სიმაღლით და თავისი გრძელი ტოტებით, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული.
8კედრები ვერ ჩრდილავდნენ მას ღვთის ბაღში; ალვისხეები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით; ნეკერჩხლები თავისი ტოტებით ვერ უტოლდებოდნენ მას; ღვთის ბაღის ვერცერთი ხე ვერ უსწორდებოდა თავისი სილამაზით.
9უამრავი რტოებით დავამშვენე და შურდა მისი ედემის ყოველ ხეს, რომელიც კი იყო ღვთის ბაღში.
10ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გაიზარდა ტანით და მისწვდა მისი წკეროკინი ღრუბლებს, რაკი გადიდგულდა თავისი სიმაღლით,
11ჩავუგდებ ხალხთა მძლეველს ხელში და ის გაუსწორდება მას; მისი უკეთურების გაბო მოვიშორებ.
12მოკვეთავენ მას უცხონი, უსასტიკესნი ხალხთა შორის. და დააგდებენ; ყოველ მთაზე და ყოველ ხევში ჩაიყრება მისი ტოტები, ჩაილეწება მისი რტოები ქვეყნის ყველა მდინარეში; გამოვა მისი ჩრდილიდან ქვეენის ყოველი ხალხი და მიატოვებენ მას.
13მის ნანგრევებზე დასახლდება ცის ყოველი ფრინველი და მის ტოტებს მინდვრის ყოველი მხეცი შეაფარებს თავს.
14რათა არ აღზევდეს ტანით წყალთან მყოფი არცერთი ხე და არ უწვდინოს ღრუბლებს წვეროკინი, რათა არ შეჩერდეს მის წინაშე წყლის მსმელი, მისი სიმაღლით გაოცებული; რადგან ყველანი სასიკვდილოდ არიან განწირულნი ქვეშეთისთვის საფლავად ჩასულ ადამის ძეთა შორის.
15ასე ამბობს უფალი ღმერთი: მისი ქვესკნელში ჩასვლის დღეს გავუმართავ გლოვას, დავუგმანავ უფსკრულს და შევაკავებ მის მდინარეებს და დაწდება დიდი წყლები; დავამწუხრებ მასზე ლიბანს და მინდვრის ყოველი ხე დაღონდება მის გამო.
16მისი დაცემის ხმაზე ხალხებს შევაძრწუნებ, როცა ქვესკნელში ჩავიყვან მას საფლავად ჩასულებთან და ნუგეშს იცემს ქვეშეთის ქვეყანაში ედემის ყოველი ხე, ლიბანის რჩეული და საუკეთესო, ყოველნი, წყლით დარწყლულებულნი.
17ისინიც ჩავლენ მასთან ერთად ქვესკნელში, მახვილით განგმირულებთან ერთად; მისი მხარი იყვნენ და ცხოვრობდნენ მის ჩრდილში ხალხთა შორის.
18რომელს ედარები დიდებით და სიდიადით ედემის ხეთა შორის? მაინც ჩახვალ ედემის ხეებთან ერთად ქვეშეთის ქვეყანაში და წინდაუცვლელთა შორის დაწვები, მახვილით განგმირულებთან ერთად. ეს არის ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე, ამბობს უფალი ღმერთი.
Next