თავი - 30
Previous1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ივალალეთ, ვაი ამ დღეს!
3რადგან ახლოა დღე, ახლოა დღე უფლისა, პირქუში დღე, დგება ხალხების ჟამი!
4მოვა მახვილი ეგვიპტეზე და სატკივარი ეწევა ქუშს, როცა დაეცემიან დახოცილნი ეგვიპტეში, წაიღებენ მის დოვლათს და დაანგრევენ მის საძირკვლებს.
5ქუში, ფუტი და ლუდი, ყოველი არაბი, ლუბი და აღთქმის ქვეყნის შვილები მათთან ერთად დაეცემიან მახვილით,
6ასე ამბობს უფალი ღმერთი: დაეცემიან ეგვიპტის მხარდამჭერნიც და დავარდება მისი ამპარტავნული ძალა; სევენეს ციხე-სიმაგრიდან მოყოლებული მახვილით დაეცემიან, ამბობს უფალი ღმერთი.
7გაუდაბურდება გაუდაბურებდლ ქვეყანათა შორის და მისი ქალაქები ნაოხარ ქალაქთა შორის იქნებიან.
8მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა წავუკიდებ ეგვიპტეს და ყოველი მისი შემწე გაცამტვერდება.
9იმ დღეს ხომალდებით გამოვლენ ჩემგან მაცნენი უზრუნველი ქუშის შესაშინებლად და ეწევათ მათ სატკივარი, როგორც ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოაწია უკვე.
10ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვსპობ ეგვიპტელთა სიმრავლეს ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის ხელით,
11ის და მისი ხალხი მასთან ერთად, უსასტიკესი ტომთა შორის, მოივლინებიან ამ ქვეყნის დასაღუპავად; იშიშვლებენ მახვილებს ეგვიპტეზე და დახოცილებით აავსებენ ქვეყანას.
12ამოვაშრობ მდინარეებს და ბოროტეულთა ხელში ჩავაგდებ ქვეყანას, გავაუდაბურებ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით; მე უფალმა, ვთქვი.
13ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავანადგურებ კერპებს და აღვგვი ღმერთუკეებს ნოფიდან. აღარ იქნებიან მთავარნი ეგვიპტის ქვეყნიდან და შიშისზარს დავცემ ეგვიპტის ქვეყანას.
14გავაუდაბურებ ფათროსს. ცეცხლს წავუკიდებ ცოყანს და მსჯავრს დავდებ ნოს.
15გადმოვანთხევ ჩემს რისხვას სინზე, ეგვიპტის ციხე-სიმაგრეზე, და მოვსპობ ნოს სიმრავლეს.
16ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტეს, ჭირი დაადგება სინს, გასანგრევად გახდება ნო და ნოფს მტერი ეყოლება მარადღე.
17ონის და ფი-ბესეთის ჭაბუკები მახვილით დაეცემიან და ქალწულები ტყვეობაში წავლენ.
18თეხაფნეხესში დაბნელდება დღე, როცა შევმუსრავ იქ ეგვიპტის უღელს და ბოლო მოეღება მის ამპარტავნულ ძლიერებას; ბნელი დაფარავს მას და მისი ასულები ტყვეობაში წავლენ.
19მსჯავრს დავდებ ეგვიპტეს და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
20მეთერთმეტე წელს, პირველი თვის შვიდში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
21ადამის ძევ! მკლავი გადავუმტვრიე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. და, აჰა, არ შეხვეულა სამკურნალოდ, არ შეკრულა არტახებში, რომ მომაგრებულიყო მახვილის დასაჭერად.
22ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ფარაონზე ვარ, ეგვიპტის მეფეზე: გადავუმტვრევ მას მკლავებს - მრთელს და მოტეხილს, და ხელიდან მახვილს გავაგდებინებ.
23გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ.
24გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ხელში მახვილს მივცემ; მკლავს გადავუმტვრევ ფარაონს და დაჭრილივით აკვნესდება მის წინაშე.
25გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ჩამოუვარდება მკლავები ფარაონს. მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა ხელში მივცემ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს და დააღირებს მას ეგვიპტის ქვეყანაზე.
26გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
Next