თავი - 29
Previous1მეათე წელს, მეათე თვის თორმეტში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! მიმართე პირი ფარაონისკენ, ეგვიპტის მეფისკენ, და უწინასწარმეტყველე მას და მთელს ეგვიპტეს.
3ელაპარაკე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ ფარაონო, ეგვიპტის მეფევ. დიდო გველეშაპო, რომ ჩაწოლილხარ შენს მდინარეებში და ამბობ, ჩემია ჩემი მდინარე, ჩემთვის შევქმენიო.
4ლაყუჩებში ჩანგლებს გაგიყრი, შენი მდინარეების თევზებს ქერეჭზე მოგაკრავ; ამოგიყვან შენი მდინარეებიდან და შენი მდინარეების ყველა თევზი ქერეჭზე გექნება მიკრული.
5მოგისვრი უდაბნოში შენი მდინარეების თევზებთან ერთად და ტრამალზე დაეცემი; არავინ აგიღებს და არავინ აგკრეფს; მიწის მხეცებს და ცის ფრინველებს მიგცემ შესაჭმელად.
6მიხვდება ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ უფალი ვარ, რადგან ლერწმის საყრდენი იყავი ისრაელის სახლისთვის.
7როცა ხელს გავლებდნენ, იმსხვრეოდი და ჩხვლეტდი მათ მკლავებს; როცა გეყრდნობოდნენ. ტყდებოდი და წელში აშეშებდი მათ.
8ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მოვავლენ შენზე მახვილს და ამოგიწყვეტ კაცსა და პირუტყვს.
9გადაიქცევა ეგვიპტის ქვეყანა უდაბნოდ და ნაოხარად, და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, რადგან თქვი: ჩემია ნილოსი და მე შევქმენიო.
10ამიტომ, აჰა, შენზე ვარ და შენს მდინარეზე, ოხრად ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გავაუდაბურებ სევენეს ციხე-სიმაგრიდან ქუშის საზღვრამდე.
11არ დაიდგმება იქ კაცის ფეხი და პირუტყვის ფეხი არ მოხვდება იქ; ორმოცი წელი დაუსახლებელი იქნება.
12უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას გაუდაბურებულ ქვეეანათა შორის და მის ქალაქებს შორის, და უდაბური იქნება ორმოცი წელი. გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და მიმოვაბნევ ქვეყანათა შორის.
13რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ორმოცი წლის ბოლოს შევკრებ ეგვიპტეს ხალხებიდან, სადაც იქნებიან გაფანტული.
14დავაბრუნებ ეგვიპტის ტყვეებს, დავაბრუნებ ფათროსის ქვეყნად, მათ სამშობლოში, და შეიქნებიან დამდაბლებულ სამეფოდ.
15სხვა სამეფოებზე დაბალი იქნება და ვეღარ აღზევდება ხალხებზე; დავამცირებ, რომ აღარ გაუბატონდეს ხალხებს.
16აღარ იქნება ის იმედად ისრაელის სახლისთვის; დანაშაულს ახსენებდა, როცა მათკენ მიიქცეოდნენ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ.
17ოცდამეშვიდე წელს, პირველი თვის პირველში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი.
18ადამის ძევ! ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, მძიმე სამუშაო დააკისრა თავის ლაშქარს ტვიროსის წინააღმდეგ: ყველა თავი გადახოტრილია და ყველა მხარი გადატყაულია; არ ექნება გასამრჯელო არც მას, არც მის ლაშქარს ტვიროსისგან იმ შრომაში, რასაც მის წინააღმდეგ შრომობდა.
19ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტას ქვეყანას, რომ წაიღოს მისი დოვლათი, იალაფოს და დაიტაცოს. ის იქნება მისი ლაშქრის გასამრჯელო.
20მის წინააღმდეგ შრომის საზღაურად მივცემ მას ეგვიპტის ქვეყანას, რადგან ჩემთვის ირჯებოდნენ, ამბობს უფალი ღმერთი.
21იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და მოგანიჭებ შენ პირის ხსნილობას მათ შორის; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
Next