თავი - 28
Previous1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! უთხარი ტვიროსის მთავარს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რადგან გადიდგულდი და ამბობ, ღმერთი ვარ, ღმერთის დასაჯდომელზე ვზივარო ზღვის გულში, თუმცა ადამიანი ხარ და არა ღმერთი, ღმერთის გულს კი უტოლებ შენს გულს.
3აჰა, დანიელზე ბრძენი ხარ და არცერთი საიდუმლო არ არის შენთვის მიუწვდომელი.
4შენი სიბრძნითა და გონებით მოგიხვეჭავს დოვლათი, ოქროთი და ვერცხლით აგივსია საგანძურები,
5ბრძნული ვაჭრობით გაგიმრავლებია დოვლათი და გადიდგულებულხარ შენი დოვლათით,
6ამიტომ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შენს გულს ღმერთის გულს უტოლებ,
7ამიტომ, აჰა, მოგისევ უცხოელებს, უსასტიკესთ ხალხთა შორის, და იშიშვლებენ მახვილს შენი სიბრძნის მშვენების წინააღმდეგ და შელახავენ შენს ბრწყინვალებას.
8საფლავად ჩაგიყვანენ და ზღვათა გულში დაღუპულთა მსგავსად მოკვდები.
9თუ იტყვი, ღმერთი ვარო, შენი მკვლელის წინაშე, როცა ადამიანი ხარ შენს დამღუპველთა ხელში და არა ღმერთი,
10წინადაუცვეთელის სიკვდილით მოკვდები უცხოთა ხელით, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.
11იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
12ადამის ძევ! გამართე გლოვა ტვიროსის მეფეზე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სრულყოფილების ბეჭედი ხარ, სიბრძნით სავსე და მშვენებით სრული.
13ედემში, ღვთის ბაღში იყავი, ყოველნაირი ძვირფასი ქვა იყო შენი საფარველი; სარდიონით, თეთრი იაგუნდით, ალმასით, ქარვით, ონიქსით, იასპით, საფირონით, ანთრაკით, ზურმუხტით და ოქროთი იყო მოოჭვილი შენი დაფდაფები და სტვირები; შენი შექმნის დღეს იყო გამზადებული.
14მფარველი ქერუბიმივით ცხებული იყავი და ღვთის წმიდა მთაზე დაგსვი; იქ იყავი და ცეცხლის ქვათა შორის მიმოდიოდი.
15სრული იყავი შენს გზებზე შექმნის დღიდან, ვიდრე უკეთურება არ გამოგაჩნდა.
16უზომო ნავაჭრმა აგავსო ძალადობით და სცოდე; ამიტომაც მოგკვეთე ღვთიური მთიდან და გაგანადგურე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის.
17გადიდგულდი შენი მშვენების გამო და წარყვენი შენი სიბრძნე სიამპარტავნით; ამიტომაც დაგამხე მიწაზე მეფეთა წინაშე და მათი საყურებელი გაგხადე.
18ბევრი დანაშაულით და უსამართლო მოხვეჭით შელახე შენი საწმიდარები, ამიტომაც გამოვიყვან შენგან ცეცხლს და შეგჭამს ის, და ნაცრად გაქცევ მიწაზე ყოველი მხილველის თვალწინ.
19ყოველი შენი მცნობელი ხალხებში შეძრწუნდება შენს გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე.
20იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
21ადამის ძევ! ციდონისკენ მიმართე პირი და უწინასწარმეტყველე,
22უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, ციდონო! გამოვაჩენ ჩემს დიდებას შენს წიაღში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა მსჯავრს დავდებ მას და გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს მის წიაღში.
23მოვავლენ მასში შავ ჭირს და სისხლს მის ქუჩებში; დაეცემიან მასში დახოცილნი ყოველის მხრიდან მომართული მახვილით; და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
24აღარ ეყოლება ის ისრაელის სახლს მჩხვლეტავ ეკლად და შემაწუხებელ ხიწვად მათ შორის, ვინც გარს ახვევია და მისი მოძულენი არიან, და მიხვდებიან, რომ მე უფალი ღმერთი ვარ.
25ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა შევკრებ ისრაელის სახლს იმ ხალხებიდან, სადაც გაფანტულნი არიან, და გამოვაჩენ მათზე ჩემს სიწმიდეს ხალხების თვალწინ, მაშინ იცხოვრებენ ისინი იმ მიწაზე, რომელიც ჩემს მორჩილს, იაკობს, მივეცი.
26იცხოვრებენ იქ მშვიდად, ააშენებენ სახლებს და ჩაყრიან ვენახს; იცხოვრებენ მშვიდად, როცა დავდებ მსჯავრს მის მოძულეებს მის ირგვლივ და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.
Next