თავი - 27
Previous1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2შენ კი, ადამის ძევ, გამართე ტვიროსზე გლოვა
3და უთხარი ტვიროსს, ზღვის შესასვლელთან დასახლებულს, ხალხებით მოვაჭრეს ზღვისპირელებთან, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ტვიროსო, შენ ამბობ, სრულყოფილი მშვენების ვარო.
4ზღვის გულშია შენი საზღვრები, მშენებლებმა სრულყვეს შენი მშვენება;
5კვიპაროსის ხისგან დაგიმზადეს ფიცრები, ლიბანიდან კედარი მოგიტანეს, რომ ანძა გაეკეთებინათ შენთვის;
6ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; მერხები სპილოს ძვლისგან და ქითელთა კუნძულების ბზისგან გაგიკეთეს;
7ეგვიპტური მოქარგული ზეზის იყო შენი აფრები, რომ დროშად გქონოდა; შენი გადასახურავი ელიშას კუნძულთა ლურჯი და მეწამული ქსოვილისგან იყო;
8ნიჩბოსნებად ციდონის და არვადის მკვიდრნი გყავდა; ბრძენი ხალხი იყო შენში, ტვიროსო, მესაჭეებად გყავდა ისინი;
9გებალის უხუცესები და მისი ბრძენი ხალხი იყვნენ შენში გარღვეულის შესაკეთებლად; ყოველნაირი ხომალდი მეზღვაურებითურთ იყო შენში საქონლის გაცვლა-გამოცვლისთვის.
10სპარსი, ლუდი და ფუტი იყვნენ შენს ლაშქარში - ომის კაცები; ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ; ისინი გიქმნიდნენ დიდებას.
11არვადელები და შენი ლაშქარი იცავდნენ შენს კედლებს ირგვლივ, მორკინალნი შენს ციხე-კოშკებში ისხდნენ, თავიანთ დელამფარებს შენ გალავანზე ჰკიდებდნენ ირგვლივ; ისინი სრულყოფდნენ შენს მშვენებას.
12თარშიში ვაჭრობდა შენთან, რადგან დოვლათით იყავი სავსე; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას გაძლევდნენ სანაცვლოდ.
13იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი გამსაღებლები; ტყვეებს და სპილენძის ჭურჭელს გიხდიდნენ საქონელში.
14თოგორმას სახლიდან ცხენებს, საბრძოლო რაშებს და ჯორებს გიგზავნიდნენ სანაცვლოდ.
15დადანელები შენი გამსაღებლები იყვნენ, ბევრი კუნძული გიცვლიდა საქონელს, სპილოს ეშვებს და ებანოზის ხეს გიბრუნებდნენ საფასურად.
16არამი ვაჭრობდა შენთან, რადგან ბევრი ნახელავი გქონდა; იაგუნდს, ძოწეულს, ნაქარგებს, ბისონს, მარგალიტს და ბადახშს გაძლევდნენ სანაცვლოდ.
17იუდა და ისრაელის ქვეყანა შენი გამსაღებლები იყვნენ: მინითის ხორბალს, ნამცხვარს, თაფლსა და ზეთს, და ბალზამს გაძლევდნენ შენს საქონელში.
18დამასკო ვაჭრობდა შენთან, რადგან ბევრი ნახელავი და ბევრი დოვლათი გქონდა; ხელბონური ღვინო და ქათქათა მატყლი.
19დანი და იავანი უზალიდან სანაცვლოდ რკინის ნახელავს, შტახსსა და ლერწამს გაძლევდნენ შენს საქონელში.
20დედანი ვაჭრობდა შენთან ცხენის ასალით და მორთულობით.
21არაბები და კედარის ყველა მთავარი შენთან ვაჭრობდნენ; სანაცვლოდ ბატკნებს, ცხვრებსა და თხებს გიგზავნიდნენ.
22შებას და რაყმას მოვაჭრენი შენთან ვაჭრობდნენ; რჩეულ ნელსაცხებელს, ყოველნაირ ძვირფას ქვას და ოქროულობას გიგზავნიდნენ სანაცვლოდ.
23ხარანი, ქანე და ყედენი, შებას მოვაჭრენი, აშური და ქილმადი, შენთან ვაჭრობდნენ;
24ძვირფას შესამოსელს, ლურჯ ნაქარგ მოსასხამებს, ყუთებში ჩაწყობილ ქემახს, თოკებით შეკრულს და შეფუთულს, შენი საქონელის სანაცვლოდ გიგზავნიდნენ.
25თარშიშის ხომალდებს მიმოჰქონდა შენი საქონელი; აივსე და დიდად გაითქვი ზღვათა შორის.
26ნიჩბოსნები დაგატარებდნენ დიდ ზღვებზე, მაგრამ აღმოსავლეთის ქარი დაგლეწავს შუაგულ ზღვაში.
27შენი დოვლათი, შენი საქონელი, შენი სავაჭრებელი, შენი ზღვაოსნები და მესაჭეები, გარღვეულის შემკეთებლები და შენი საქონლის გამსაღებლები, ყველა შენი მეომარი, ვინც კი არის შენში, და მთელი კრებული, შენს შორის მყოფი, ჩაინთქმებიან შუაგულ ზღვაში შენი დაცემის დღეს.
28შენს მესაჭეთა ღრიალზე შეზანზარდება შემოგარენი.
29გადმოვლენ შენი ხომალდებიდან ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაურები, ზღვის მესაჭეები და ხმელეთზე დადგებიან.
30შორს გაისმება მათი ყვირილის ხმა შენს გამო და მწარედ აკივლდებიან; თავზე მტვერს დაიყრიან და ნაცარში გორვას დაიწყებენ.
31თავს გადაიპარსავენ შენს გამო, ჯვალოს შემოიბლარდნიან და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ.
32გოდებას გამართავენ შენზე დამწუხრებულნი და გიგლოვებენ: ვინ არის, ტვიროსივით რომ დადუმებელიყოს შუაგულ ზღვაში?
33როცა გამოდიოდა ზღვიდან შენი საქონელი, მრავალრიცხოვან ხალხს აძღობდი; შენი უხვი დოვლათით და სავაჭრებელით ქვეყნის მეფეებს ამდიდრებდი.
34როცა ჩაილეწე ზღვაში, წყლის უფსკრულებში, შენი საქონელი და მთელი კრებული შთაინთქა შენთან ერთად.
35ყველა ზღვისპირელი შეძრწუნდა შენს გამო; მათი მეფეები შიშმა მოიცვა და სახე მოექცათ.
36ხალხებში მოარული ვაჭრები დაუსტვენენ შენს გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე.
Next