თავი - 26
Previous1მეთერთმეტე წელს, თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! რაკი ტვიროსი ვაგლახს ამბობს იერუსალიმზე, შეიმუსრება იგი - ხალხების კარიბჭე; ჩემსკენ მოიქცევიან და ავივსები, ის კი გაუკაცურდება.
3ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ტვიროსო, შენს წინააღმდეგ ვარ: აღვმართავ შენზე უამრავ ხალხებს, როგორც ზღვა აღმართავს თავის ზვირთებს;
4ჩამოაქცევენ ტვიროსის კედლებს და დაანგრევენ მის გოდლებს; მიწას ჩამოვრეცხავ მისგან და პიტალო კლდედ გადავაქცევ.
5სათხევლის მოსასროლად იქნება შუაგულ ზღვაში, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი, ხალხთა სათარეშოდ შეიქნება.
6მისი ასულნი, ხმელეთზე რომ არიან, მახვილით ამოიხოცებიან. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
7რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მივაყენებ ტვიროსს, ჩრდილოეთიდან, მეფეთ მეფეს, ცხენებით, ეტლებით, მხედრებით, ბრბოთი და უამრავი ხალხით;
8მახვილით ამოხოცავს შენს ასულებს ხმელეთზე, კოშკებს აღმართავს შენს წინააღმდეგ, მიწაყრილებს შემოგავლებს და ფარებს აღმართავს შენს წინააღმდეგ.
9ტარანებით დაუწყებს ცემას შენს კედლებს და თავისი ცულებით შემუსრავს შენს გოდლებს.
10მის ცხენთა სიმრავლე მტვრით დაგფარავს, მხედრების, ბორბლების და ეტლების ხმაზე შეირყევა შენი კედლები, როცა შემოვა შენს კარიბჭეებში, როგორც ზღუდეგანგრეულ ქალაქში შედიან.
11თავისი ცხენების ქუსლებით გათელავს შენს ქუჩებს, შენს ხალხს მახვილით ამოხოცავს და შენი დიდების სვეტები მიწად დაემხობა.
12მოიალაფებენ შენს დოვლათს და დაიტაცებენ შენს ნავაჭრს, დააქცევენ შენს კედლებს და შენს სანუკვარ სახლებს დაანგრევენ; ქვებს, ხეებსა და მიწას წყალში გადაგიყრიან.
13დავადუმებ შენს ხმამაღალ სიმღერებს და შენი ჩანგის ხმა აღარ გაისმება. -
14ცარიელ კლდედ გადაგაქცევ, სათხევლის მოსასროლად შეიქნები და აღარასოდეს აშენდები, რადგან მე, უფალმა, ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.
15ასე ეუბნება უფალი ღმერთი ტვიროსს: ხომ შეირყევა ზღვისპირეთი შენი დაცემის სმისგან, დაჭრილთა კვნესით, როცა ხოცვა-ჟლეტა მოხდება შენს წიაღში!
16ჩამოვლენ თავიანთი ტახტებიდან ზღვის ხელმწიფენი, გადაიძრობენ მოსასხამებს და ნაქარგ შესამოსელს გაიხდიან, შიშით შეიმოსებიან და მიწაზე დასხდებიან; ყოველწამს შიშში იქნებიან და ძრწოლა ექნებათ შენს გამო.
17გლოვას გამართავენ შენზე და გეტყვიან: როგორ დაიღუპე, ზღვაოსნებით დასახლებულო, განთქმულო ქალაქო, ზღვაზე რომ მძლავრობდი. დაიღუპა ისიც და მისი მკვიდრნიც, შიშის ზარს რომ სცემდნენ ყველას.
18ახლა შეშინდებიან კუნძულები შენი დაცემის დღეს და შეძრწუნდებიან ზღვისპირელნი შენი გამოსვლისას.
19რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა უკაცრიელ ქალაქად გაქცევ იმ ქალაქებივით, სადაც არასოდეს უცხოვრიათ, როცა დაგაღირებ უფსკრულს და დაგფარავენ დიდი წყლები,
20ჩაგიყვან საფლავად ჩამავლებთან ერთად წინანდელი ხალხის წინაშე, და დაგსვამ მიწის ქვეშეთში, მარადიულ უდაბნოში, საფლავად ჩასულებთან ერთად, რომ აღარ დაბრუნდე, ცოცხალთა ქვეყნად კი დიდებას დავამყარებ.
21არარაობად გაქცევ და აღარ იარსებებ; დამიწყებ ძებნას და საუკუნოდ ვეღარ მომნახავ, ამბობს უფალი ღმერთი.
Next