Eleos

Contents

თავი - 25

Previous
1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! ყამონიანებისკენ მიაქციე პირი და უწინასწარმეტყველე,
3უთხარი ყამონიანელო, ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი ვაგლახს ამბობს ჩემს საწმიდარზე, რადგან შელახულია, და ისრაელის მიწაზე, რადგან გაუკაცრიელებულია, და იუდას სახლზე, რადგან ტყვეობაში წავიდა,
4ამიტომ, აჰა, აღმოსავლელებს მიგცემ სამკვიდროდ, დასცემენ ბანაკებს თქვენს შორის და მოაწყობენ საცხოვრებლებს თქვენს შორის; ისინი შეჭამენ თქვენს ნაყოფებს და ისინი შესვამენ თქვენს რძეს.
5გადავაქცევ რაბათს აქლემების სადგომად და ყამონიანთა ქვეყანას - ცხვრის ფარეხად, და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
6რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ტაშს სცემდი და ფეხს აბაკუნებდი, რაკი მთელი მძულვარებით, გულის სიღრმეში, ხარობდი ისრაელის მიწის გამო,
7ამიტომ, აჰა, ხელს მოგიღერებ და საძარცვავად მიგცემ ხალხებს; ამოგძირკვავ ხალხებიდან და გადაგაშენებ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ და მიხვდები, რომ უფალი ვარ.
8ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი მოაბი და სეყირი ამბობენ: აჰა, ყველა ხალხივით არისო იუდას სახლი,
9ამიტომ, აჰა, გავხსნი მოაბის გვერდებს - ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნის მშვენებას, ბეთიეშიმოთს, ბაყალ-მაყონს და კირიათაიმს,
10აღმოსავლელთა შესასვლელად ყამონიანთა წინააღმდეგ და მივცემ მათ ქვეყანას სამკვიდროდ, რომ აღარ იხსენებოდნენ ყამონიანელნი ხალხებს შორის.
11მსჯავრს დავდებ მოაბს და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
12ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ედომი შურისგებით ექცეოდა იუდას სახლს და მძიმედ დააშავა, შური რომ იძია,
13ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელს მოვუღერებ ედომს და გავუწყვეტ კაცსა და პირუტყვს, და უდაბნოდ ვაქცევ: თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან.
14აღვასრულებ შურისგებას ედომზე ჩემი ერის, ისრაელის ხელით და მოექცევიან ედომს ჩემი რისხვისა და გულისწყრომისაებრ; მაშინ მიხვდებიან ჩემს შურისგებას, ამბობს უფალი ღმერთი.
15ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შურისგებით იქცეოდნენ ფილისტიმელები და შურს იძიებდნენ სიძულვილით და მთელი სულით მათ დასაღუპავად საუკუნო მტრობის გამო.
16ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელს მოვუღერებ ფილისტიმელებს, ამოვძირკვავ კრეტელებს და მოვსპოვ მათ ნატამალს ზღვის ნაპირზე.
17აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებებს რისხვის სასჯელით და მიხვდებიან, როცა მე, უფალმა დავატეხე მათ ჩემი შურისგება.
Next