თავი - 24
Previous1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ მეათე წელს, მეათე თვის ათში ნათქვამი:
2ადამის ძევ! ჩაიწერე დღის სახელი, ამ დღისა; ბაბილონის მეფე სწორედ ამ დღეს მოადგა იერუსალიმს.
3გამოუთქვი ურჩ სახლს იგავი და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შემოდგი ქვაბი, შემოდგი და წყალიც ჩაასხი შიგ.
4ჩაყარე შიგ ნაჭრები, საუკეთესო ნაჭრები - ბარკალი და ბეჭი, ნარჩევი ძვლებით აავსე.
5გამოარჩიე საუკეთესო ცხვარი, შეუკეთე შეშა ქვაბს და ადუღე, რომ ძვლებიც კი მოიხარშოს.
6ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, ქვაბს, რომლის ქაფი მასშივეა და ქაფი არ გადმოდის მისგან! ნაჭრები ნაჭრებზე გადმოყარე, რჩევას ნუ დაუწყებ.
7რადგან მასშივეა მისი სისხლი; სალ კლდეზე ჰქონდა დასხმული, მიწაზე არ დაუღვრია, რომ მტვერით დაეფარა.
8რომ განვრისხებულიყავი, რომ შური მეძია, სალ კლდეზე დავასხი სისხლი, არ დამიფარავს.
9ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს! მეც დავანთებ დიდ ხანძარს.
10შეშას მოუმატე, ცეცხლი ააგიზგიზე, ბოლომდე მოხარშე ხორცი, შეკაზმე საკაზმით და ძვალიც ჩაიხარშოს.
11მერე ცარიელი დადგი ნაკვერცხლებზე, რომ გახურდეს და გავარვარდეს სპილენძი, რომ გადნეს მასში მისი უწმიდურობა და გაქრეს მისი ქაფი.
12ძნელია მოცილება, არ გამოდის მისგან. ბევრია ქაფი, ცეცხლშიც მისი ქაფია.
13გარყვნილებაა შენს უწმიდურებაში; რადგან გწმენდდი, მაგრამ არა ხარ გაწმედილი შენი უწმიდურობისგან აღარ განიწმიდები, ვიდრე არ დაგიცხრობ შენზე რისხვას.
14მე, უფალმა, ვთქვი და ახდება, აღვასრულებ; არ ვაპატიებ, არ დავინდობ, არ შევიბრალებ; შენი საქციელისამებრ და შენი ნამოქმედარისამებრ განგსჯიან, ამბობს უფალი ღმერთი.
15იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
16ადამის ძევ! აჰა, წაგართმევ შენს თვალთა ნეტარებას მოულოდნელი სიკვდილით; ნურც იგლოვ, ნურც იტირებ, ცრემლები ნუ დაგედინება;
17იკვნესე ჩუმად, მიცვალებულზე გლოვას ნუ გამართავ; ოღონდ თავი წაიკარი, ფეხზე ხამლები ჩაიცვი, წვერებს ნუ დაიფარავ და კაცების პურს ნუ შეჭამ.
18დილით ხალხს ველაპარაკებოდი და საღამოხანს მოკვდა ჩემი ცოლი; მეორე დილით ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა.
19მითხრა მე ხალხმა: არ გვეტყეი, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. შენ რომ აკეთებო?
20ვუთხარი ხალხს: იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
21უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შევლახავ ჩემს საწმიდარს - თქვენი ძლიერების სიამაყეს, თქვენს თვალთა ნეტარებას და თქვენი სულის სანუკვარს; თქვენი ვაჟები და ასულები კი, რომლებიც მიატოვეთ, მახვილით დაეცემიან-თქო.
22თქვენც ისე მოიქცევით, როგორც მე ვიქცევი: წვერ-ულვაშს არ დაიფარავთ და კაცების პურს არ შეჭამთ.
23თავი წაკრული გექნებათ და ხამლები შემოსილი; არ იგლოვებთ და არ იტირებთ. დადნებით თქვენს დანაშაულებში და მიაკვნესებთ ერთმანეთს.
24იქნება ეზეკიელი თქვენთვის ნიშად: როგორც მან გააკეთა, ყველაფერს ისე გააკეთებთ. ეს ახდება და მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.
25შენ კი, ადამის ძევ! იმ დღეს, როცა წავიღებ მათგან მათ ძლიერებას, მათი მშვენების სიხარულს, მათ თვალთა ნეტარებას, მათი სულის სანუკვარს, მათ ვაჟებს და მათ ასულებს,
26იმ დღეს მოვა შენთან გადარჩენილი, რომ ყურში გასმინოს;
27იმ დღეს გაიღება შენი ბაგე გადარჩენილის მიმართ და ალაპარაკდები; აღარ იდუმებ და ნიშანი იქნები მათთვის, და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ.
Next