თავი - 23
Previous1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! იყვნენ ორნი დანი, ერთი დედის ასულნი;
3გაბოზდნენ ეგვიპტეში, სიყმაწვილიდანვე ბოზობდნენ; იქ დაისრისა მათი მკერდი და იქ დაიჭყლიტა მათი ქალწულური ძუძუები.
4მათი სახელები იყო - აჰოლა უფროსისა და აჰოლიბა მისი დისა. ჩემები იყვნენ და შვეს ვაჟები და ასულები. ეს არის მათი სახელები: აჰოლა სამარიაა და აჰოლიბა - იერუსალიმი.
5გაბოზდა აჰოლა ჩემს ხელში და გადაეკიდა თავის საყვარლებს, აშურელ მეზობლებს,
6ძოწეულით შემოსილთ, სარდლებს და მეფისნაცვლებს; ნანატრი ჭაბუკები იყვნენ ყველანი, ცხენოსნები, ცხენებზე ამხედრებულნი.
7გადაყვა მათთან ბოზობას - ყველანი რჩეული აშურელები იყვნენ - და ყველაფრით, ყველა მათი კერპით, რომელთაც გადაეკიდა, გაიუწმიდურა თავი.
8არ მიუტოვებია ბოზობა ეგვიპტესთან, რადგან მასთან წვებოდნენ თავის სიყმაწვილეში; მათ დაუჭყლიტეს ქალწულური ძუძუები და გადმოღვარეს მასზე თავიანთი გარყვნილება.
9ამიტომაც ჩავაგდე იგი თავისი საყვარლების ხელში, აშურელთა ხელში, რომელთაც აეკიდა.
10მათ გამოუჩინეს სიშიშვლე, წაასხეს მისი ვაჟები და ასულები, თავად კი მახვილით მოკლეს. სახელი გაუვარდა ქალთა შორის, როცა სასჯელი დააკისრეს მას.
11ხედავდა ამას მისი და აჰოლიბა, მაგრამ მასზე უფრო გაირყვნა თავი და თავისი დის ბოზობას გადააჭარბა.
12აშურელებს გადაეკიდა, სარდლებს და მეფისნაცვლებს, მეზობლებს, დიდებულად შემოსილთ, ცხენოსნებს, ცხენებზე ამხედრებულთ - ნანატრი ჭაბუკები იყვნენ ყველანი.
13დავინახე, რომ გაუწმიდურდა, რომ ორთავეს ერთი გზა ჰქონდათ;
14უმატა თავის ბოზობას: დაინახა კედელზე დახატული კაცები, ქალდეველთა გამოსახულებანი, ფერებით დახატული,
15წელზე ქამარშემორტყმულნი, თავზე მოფრიალე ჩალმებით, სარდალთა შესახედაობისანი, ბაბილონის ძეთა მსგავსნი, ქალდეველთა ქვეყნისა, მათი სამშობლოსი;
16ვნებით აინთო მათ მიმართ ერთი თვალის მოკვრით და მოციქულები გაუგზავნა ქალდეაში.
17მოვიდნენ მასთან ბაბილონელები სასიყვარულო სარეცლისთვის და გააუწმიდურეს ის თავიანთი გარყვნილებით; გაირყვნა მათგან და გული აიყარა მათზე.
18როცა ახდილად დაიწყო ბოზობა და აიხადა თავისი სიშიშვლე, მეც ავიყარე მასზე გული, როგორც მის დაზე მქონდა გული აყრილი.
19გაახშირა თავისი ბოზობა თავისი სიყმაწვილის გახსენებისას, როცა ეგვიპტის ქვეყანაში ბოზობდა.
20მათ ხარჭებზე უფრო ავხორცი გახდა, რომელთა სხეული ვირების სხეულია და ულაყებივით არიან ატეხილნი.
21ასე გაიხსენე შენი სიყმაწვილის დროინდელი უზნეობა, როცა ეგვიპგელნი ძუძუებს გიჭყლეტდნენ, რადგან ნორჩი მკერდი გქონდა.
22ამიტომაც, აჰოლიბა, ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, აღვძრავ შენზე შენს საყვარლებს, რომლებზეც გული გაქვს აყრილი, და მოგისევ მათ ყოველი მხრიდან;
23ბაბილონელებს, ყველა ქალდეველს, ფეკოდს და შოაყს და კოაყს, ყველა აშურელს მათთან ერთად, ნანატრ ჭაბუკებს, ყველა სარდალს და მეფისნაცავლს, მხედართმთავრებს და წოდებულ ხალხს, ყველა ცხენოსანს.
24შეგესევიან შუბოსნები, მხედრები, ეტლები უამრავი ხალხით; გარს შემოგადგებიან თოროსანნი ფარ-მუზარადით; სამსჯავროდ მიგცემ მათ წინაშე და თავიანთი სამართლით განგსჯიან.
25მოვაქცევ თქვენზე ჩემ გულისწყრომას და სასტიკად მოგექცევიან ისინი: ცხვირსა და ყურებს მოგაჭრიან, დანარჩენები კი მახვილით დაეცემიან; წაასხამენ შენს ვაჟებს და ასულებს, დანარჩენებს კი ცეცხლი შთანთქავთ.
26შემოგძარცვავენ შესამოსელს და სამკაულებს აგართმევენ.
27ბოლოს მოვუღებ შენს გარყვნილებას და ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ ბოზობას; აღარ გაიხედავ მათკენ და ეგვიპტელებს აღარ გაიხსენებ.
28რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მიგცემ მათ ხელში, ვინც შეიძულე, მათ ხელში, ვისზეც გული აიყარე.
29სიძულვილით მოგეცქევიან და წაგართმევენ მთელს შენს მონაგარს; შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ და გამოჩნდება შენი უხამსობის სირცხვილი, შენი გარყვნილება და შენი ბოზობა.
30ეს დაგემართება შენი ბოზობის გამო ხალხების წამხედურობით, თავს რომ იუწმიდურებდი მათი კერპებით.
31შენი დის გზით დადიოდი და მის თასს მოგცემ ხელში.
32ასე ამბობს უფალი ღმერთი: შესვამ შენი დის თასს, ღრმასა და ფართეს და სასაცილო და სამასხრო გახდები; ბევრს იტევს იგი.
33სიმთვრალით და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთის და განადგურების თასია შენი დის, სამარიის თასი.
34შესვამ მას და ბოლომდე გამოწრუპავ, კიდეებს მოულოკავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.
35ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი დამივიწყე და ზურგს უკან მომისროლე, იტვირთე კიდეც შენი გარყვნილების და ბოზობის სასჯელი.
36მითხრა უფალმა: ადამის ძევ! მსჯავრს დასდებ აჰოლას და აჰოლიბას? ჯერ გამოუცხადე მათი სისაძაგლენი,
37რადგან მრუშობდნენ და სისხლი ჰქონდათ ხელებზე; თავიანთ კერპებთან მრუშობდნენ და შვილებსაც, მე რომ მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ შესაჭმელად.
38კიდევ ეს გამიკეთეს: გააუწმიდურეს ჩემი საწმიდარი იმ დღეს და ჩემი შაბათები შელახეს.
39დაუკლეს თავიანთი შვილები მათ კერპებს და იმ დღესვე მოვიდნენ ჩემს საწმიდარში მის შესალახავად. აჰა, როგორ მოიქცნენ ჩემს სახლში.
40შორიდან მომსვლელ ხალხსაც კი იბარებდნენ; როცა მოციქული იგზავნებოდა მათთან; აჰა, მოდიოდნენ ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იღებავდი და სამკულებით იმკობოდი;
41დიდებულ საწოლზე ჯდებოდი, რომლის წინ გარიგებული ტაბლა იყო და ზედ ჩემს საკმეველს და ზეთს აწყობდი.
42უდარდელი ბრბოს ხმა გაისმოდა იქ და ამ უამრავ ხალხთან მოჰყავდათ უდაბნოდან საბეელები, რომლებიც სამაჯურებს უკეთებდნენ ხელებზე მათ და თავზე ლამაზ გვირგვინებს ახურავდნენ.
43ვთქვი ბოზობაში დაბერებულზე: ახლაც ბოზობენ-მეთქი მასთან? ახლაც?
44და მივიდნენ მასთან, როგორც მეძავ ქალთან მიდიან; ასე მივიდნენ აჰოლასთან და აჰოლიბასთან, გარყვნილ ქალებთან.
45მაგრამ მართალი ხალხი განსჯის მათ გარყვნილთა მსჯავრით და სისხლისმღვრელთა მსჯავრით, რადგან გარყვნილნი არიან და სისხლია მათ ხელებზე.
46რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი დასაფრთხობად და გასაძარცვად.
47ქვით ჩაქოლოს ისინი ბრბომ და აკუწოს თავისი მახვილებით, ამოხოცოს მათი ვაჟები და ასულები და მათი სახლები ცეცხლში გადაბუგოს.
48ბოლოს მოვუღებ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე, გაფრთხილდება ყოველი ქალი და აღარ წაგბაძავენ გარყვნილებაში.
49თქვენზე მოაქცევენ თქვენს გარყვნილებას და იტვირთავთ სასჯელს თქვენი კერპების გამო; მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.
Next