Eleos

Contents

თავი - 22

Previous
1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! შენ განსჯი, განსჯი სისხლიან ქალაქს? გამოუცხადე ყოველი მისი სისაძაგლე.
3და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქალაქო, სისხლის მღვრელო შენს შუაგულში (მოვა მისი დროც!) და, კერპთა მკეთებელო, საკუთარი თავის წასაბილწად!
4შენი დაღვრილი სისხლით დადანაშაულდი და შენი გაკეთებული კერპებით გაუწმიდურდი; მოიახლოვე შენი ჟამი და მიეწურე შენს წელიწადებს. ამიტომაც ხალხების საგინებლად გაგხდი და ყოველი ქვეყნის სამასხარაოდ.
5მახლობელნი და შორებელნი გაგამასხრებენ სახელგატეხილს და მრავალღელვილს.
6აჰა, ისრაელის მთავარნი - თითოეული თავის ძალას იკრებდა, რომ სისხლი დაეღვარა შენს შორის!
7მამას და დედას ამცირებენ თქვენში, ხიზანს უპატიოდ ექცევიან თქვენს შორის, ქვრივ-ობლებს ჩაგრავენ თქვენში.
8ჩემი სიწმიდენი მოძულებული გაქვს და ჩემი შაბათები შელახული.
9ცილისმწამებელნი არიან თქვენში, რომ სისხლი ღვარონ, ნამსხვერპლავს ჭამენ მთებზე თქვენში და გარყვნილებას ეწევიან თქვენს შორის.
10მამის სიშიშვლეს ააშკარავებენ თქვენში, მირეულ ქალთან ძალადობენ თქვენში;
11ზოგი თავის მოყვასის ცოლთან სისაძაგლეს სჩადის და ზოგი თავის რძალს აუპატიურებს გარყვნილებით, ზოგიც თავის დასთან, თავისი მამის ასულთან, ძალადობს თქვენში.
12ქრთამებს იღებენ თქვენში, რომ სისხლი დაღვარონ; ვახშს და სარგებელს იღებ და ძალმომრეობით ყვლეფ შენს მოყვასს, მე კი დამივიწყე, ამბობს უფალი ღმერთი.
13აჰა, ხელი ხელს შემოვკარი შენი სიხარბის გამო, რასაც სჩადიხარ, და სისხლის გამო, რომელიც იღვრება თქვენს შორის.
14თუ გაგიძლებს გული ან თუ შერჩება ძალა შენს ხელებს იმ დღეებში, როცა აღვიძრები შენს წინააღმდეგ? მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთებ.
15გაგფანტავ ხალხთა შორის და გაგაბნევ ქვეყნებში, რომ უწმიდურება წაგიშალო.
16შეილახები ხალხების თვალში და მიხვდები, რომ უფალი ვარ.
17იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
18ადამის ძევ! წიდასავით გამიხდა ისრაელის სახლი; ქურაში ყრიან ყველანი, როგორც სპილენძი, კალა, რკინა და ტყვია; ვერცხლის წიდა და ხენჯი არიან.
19ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი წიდა და ხენჯი გახდით ყველანი, ამიტომაც, აჰა, შეგკრებთ ყველას იერუსალიმში.
20როგორც აგროვებენ ვერცხლს, სპილენძს, რკინას, ტყვიას და კალას ქურაში, რომ ცეცხლი მიუბერონ გადასადნობად, ასე შევაგროვებთ ჩემი რისხვითა და წყრომით, ჩაგდებთ და გადაგადნობთ.
21შეგყრით და მოგბერავთ ჩემი რისხვის ცეცხლს და გადადნებით იერუსალიმში.
22როგორც ვერცხლი დნება ქურაში, ასე გადადნებით იერუსალიმში და მისვდებით, რომ მე, უფალმა, დაგანთხიეთ ჩემი რისხვა.
23იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
24ადამის ძევ! უთხარი მას: შენ მიწა ხარ, გაუწმედელი, უწვიმარი, რისხვის დღეს.
25შეთქმულან იქ მისი წინასწარმეტყველნი, ლომებივით ბრდღვინავენ, ნადავლს გლეჯენ და ცოცხლად ჭამენ; საუნჯესა და განძეულს იტაცებენ, ქვრივებს ამრავლებენ იქ.
26მისი მღვდლები აუკუღმართებენ ჩემს რჯულს და ბღალავენ ჩემს სიწმიდეებს; წმიდას ნალახისგან არ განარჩევენ, უწმიდურს გაწმედილისგან არ ასხვავებენ; უგულებელყვეს ჩემი შაბათები და მე შევილახე მათ გარემოში.
27მათი მთავრები მგლებივით გლეჯენ ნადავლს, სისხლს ღვრიან, სიცოცხლეს უსწრაფებენ ანგარებისთვის.
28მისი წინასწარმეტყველნი ეპირფერებიან მათ, ფუჭად მხილველნი და ცრუმისანნი, ეუბნებიან: ასე ამბობსო უფალი ღმერთი, უფალს კი არ უთქვამს.
29მდაბიორნი ძალადობენ და მტაცებლობენ, ღარიბ-ღატაკს ჩაგრავენ, ხიზანს უსამართლოდ ავიწროებენ.
30ვეძებდი კაცს, ზღუდის მშენებელს, რომ დამდგარიყო ნანგრევთან ჩემს წინაშე და ეხსნა ქვეყანა დაღუპვისგან, მაგრამ ვერ მოვნახე.
31გადმოვანთხევ მათზე ჩემს სიბრაზეს, და ჩემი რისხვის ცეცხლით მოვსპობ; მათ თავზე მივაქცევ მათსავე ნამოქმედარს, ამბობს უფალი ღმერთი.
Next