Eleos

Contents

თავი - 21

Previous
1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! თემანის გზისკენ მიაქციე პირი და უქადაგე სამხრეთს, ნეგების ველის ტყეს უწინასწარმეტყველე.
3უთხარი ნეგების ტყეს: ისმინე უფლის სიტყვა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ცეცხლს წაგიკიდებ და შეგიჭამს ცეცხლი ყველა ნედლ ხეს და ყველა ხმელ ხეს; არ ჩაქრება აბრიალებული ალი და გადაიბუგება ყოველი სახე სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.
4დაინახავს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, დავანთე ცეცხლი და არ ჩაქრება.
5ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! ჩემზე ამბობენ, იგავების მთხზველი არ არისო?
6იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
7ადამის ძევ! მიაქციე პირი იერუსალიმისკენ და იქადაგე საწმიდარებზე, უწინასწარმეტყველე ისრაელის მიწას.
8უთხარი ისრაელის მიწას, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მოვდივარ შენზე, ამოვიწვდი მახვილს ქარქაშიდან და მოვკვეთავ შენგან მართალს და ბოროტეულს.
9რადგან უნდა მოვკვეთო შენგან მართალი და ბოროტეული, ამიტომაც ამოიწვდება ჩემი მახვილი ქარქაშიდან ყოველი ხორციელის წინააღმდეგ სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.
10მიხვდება ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, ამოვიწვადე ჩემი მახვილი ქარქაშიდან და აღარ ჩაეგება.
11შენ კი, ადამის ძევ, იკვნესე წელმოტეხილმა და გამწარებულმა, იკვნესე მათ თვალწინ!
12თუ გეტყვიან, რაზე კვნესიო, უთხარი, ავ ამბავზე, რომელიც მოდის-თქო, და დადნება ყოველი გული, დაუძლურდება ყოველი ხელი, შეღონდება ყოველი სული, წყლად წავა ყოველი მუხლი. აჰა, მოვიდა და ახდა, ამბობს უფალი ღმერთი.
13იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
14ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი. თქვი: მახვილი, მახვილი გალესილია და გაფერილიც!
15გალესილია დასაკლავის დასაკლავად; გაფერილია, რომ ელავდეს ელვასავით! ანთუ გვიხაროდეს, ჩემი ძის კვერთხს რომ სძულს ყოველი ხე?
16მიცემულია გასაფერად, რომ ხელმა ჩაბღუჯოს; გალესილია ეს მახვილი და გაფერილი, რომ მკვლელს ჩაბარდეს ხელში.
17იყვირე და ივალალე, ადამის ძევ! რადგან ის მოღერებულია ჩემს ხალხზე, ისრაელის ყველა მთავარზე; მახვილს არიან მიცემულნი ჩემს ხალხთან ერთად. ამიტომ ირტყი თეძოებზე.
18რადგან განსაცდელი გამოვლილია და რა იქნება, თუ მოძულე კვერთხიც აღარ იარსებებს, ამბობს უფალი ღმერთი.
19შენ კი, ადამის ძევ, იწინასწარმეტყველე და ხელი ხელს შემოჰკარი და სამგზის გაორკეცდება მახვილი. მუსვრის მახვილია ეს, დიდი შემუსვრის მახვილი, მათი მდევარი.
20რომ შედრკეს გულები და მათ ჭიშკრებთან დაცემულნი გამრავლდნენ, მივუშვებ სასტიკ მახვილს, ვაგლახ, გასაელვებლად შექმნილს, საკლავად წამახულს!
21უკან შეტრიალდი, მარჯვნივ გადი, წინ წადი, მარცხნივ გადი! ყოველი მხრისკენ არის მიმართული შენი პირისახე.
22მეც შემოვკრავ ხელს ხელზე და რისხვას დავიცხრობ. მე, უფალი ვლაპარაკობ.
23იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
24შენ კი, ადამის ძევ! დაისახე ორი გზა ბაბილონის მეფის მახვილის მოსასვლელად; ერთი ქვეყნიდან გამოვა ორივე. ქმენი ნიშანი, ქალაქის მთავარ გზაზე ქმენი.
25დასახე გზა მახვილის მოსასვლელად რაბათში, ყამონიანთა ქალაქში, და იუდაში, გამაგრებულ იერუსალიმში;
26რადგან შეჩერდა ბაბილონის მეფე გზაჯვარედინზე, ორი გზის თავში, სამკითხაოდ ისვრის ისრებს, ეკითხება თერაფიმებს, ღვიძლს ათვალიერებს.
27მის ხელმარჯვნივ იერუსალიმზე იყო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები, ხოცვა-ჟლეტისთვის გაეხსნათ პირი, აეტეხათ საომარი ყიჟინა, ტარანები კარიბჭეებისკენ მიეშვირათ, აღემართათ მიწაყრილები და აეგოთ გოდლები.
28ეს ყალბ მისნობასავით იქნება მათ თვალში; ფიცით კი შეჰფიცეს, მაგრამ ეს ახსენებს მათ დანაშაულს, რომ შეპყრობილ იქნან.
29ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი თავად იხსენებთ თქვენს დანაშაულს თქვენი შეცოდებების გამოაშკარავებით და თქვენი ცოდვების ჩვენებით ყველა თქვენს საქმეში, რაკი თავად იხსენებთ, ხელით იქნებით შეპყრობილნი.
30შენ კი, ურჯულო, ბოროტეულო მთავარო ისრაელისა, რომელსაც დაუდგა ჟამი, როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს,
31ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება.
32დამხობას, დამხობას, დამხობას ვუწილხვედრებ და ესეც აღარ იქნება, სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო.
33შენ კი, ადამის ძევ, იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი ყამონიანებზე და მათ სირცხვილზე. თქვი: მახვილი, მახვილია გაშიშვლებული დასახოცავად, გაფერილია შესამუსრად, რომ ელვარებდეს.
34ყალბი ხილვებით, ცრუ მისნობით მიგაგდებენ გვამებთან დახოცილ ბოროტეულთა, რომელთაც დაუდგათ ჟამი, როცა ბოლო უნდა მოეღოს დანაშაულს.
35ჩააგე თავის ქარქაშში; შენი გაჩენის ადგილას, შენი შობის ქვეყანაში განგსჯი შენ.
36გადმოვანთხევ შენზე ჩემს რისხვას, ჩემი ბრაზის ცეცხლს მოგასუნთქავ და ხელთ მიგცემ ხალხს, გამძვინვარებულს, განადგურებაში გაწაფულს.
37ცეცხლს მიეცემი შესაჭმელად, შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში იდგება და არავინ გაგიხსენებს, რადგან მე, უფალმა ვთქვი.
Next