თავი - 20
Previous1მეშვიდე წელს, მეხუთე თვის ათში, მოვიდნენ კაცები ისრაელის უხუცესთაგან, რომ შეკითხოდნენ უფალს, და დასხდნენ ჩემს წინაშე.
2იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
3ადამის ძევ! ელაპარაკე ისრაელის უხუცესებს და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ჩემს შესაკითხად არ მოხვედით? ვფიცავ, თუ შეგეკითხვინოთ, ამბობს უფალი ღმერთი.
4განსჯი მათ, განსჯი, ადამის ძევ? ჯერ გააგებინე მათი მამების სისაძაგლენი.
5და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმ დღეს, როცა ავირჩიე ისრაელი და ხელი აღვმართე იაკობის სახლის მოდგმისთვის, გამოვუცხადე თავი ეგვიპტის ქვეყანაში და ხელი აღვმართე მათთვის და ვთქვი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი-მეთქი,
6იმ დღეს აღვმართე მათთვის ხელი, რომ წამეყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელიც შევიგულე მათთვის, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ყოველი ქვეყნის მშვენებაა.
7ვუთხარი მათ: მოიშოროს თითოეულმა თქვენგანმა სიბილწენი, თვალწინ რომ აქვს, და ეგვიპტის კერპებით ნუ გაიუწმიდურებს თავს! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი-მეთქი.
8მაგრამ ამიჯანყდნენ და არ უნდოდათ ჩემი მოსმენა; არავის მოუშორებია სიბილწენი, თვალწინ რომ ჰქონდათ, და არ მიუტოვებიათ ეგვიპტის კერპები. ვთქვი, რისხვას გადმოვანთხევ მათზე, რომ ჩემი ბრაზი მოვიკლა-მეთქი ეგვიპტის ქვეყანაში.
9მაგრამ ჩემი სახელის გულისთვის, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომლის შორისაც იყვნენ ისინი და რომლის თვალწინაც გავუცხადე მათ ჩემი თავი, ისე მოვიქეცი, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა ისინი.
10გამოვიყვანე ეგვიპტის ქვვყნიდან და უდაბნოში მივიყვანე;
11მივეცი ჩემი წესები და გამოვუცხადე ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ ცოცხალი დარჩეს.
12მივეცი შაბათებიც, რომ ჰქონოდათ ნიშნად ჩემსა და თავიანთ შორის, რომ სცოდნოდათ, რომ უფალი ვარ, მათი განმწმედელი.
13მაგრამ ამიჯანყდა ისრაელის სახლი უდაბნოში, არ მიჰყვებოდა ჩემს წესებს და შეიძულა ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეესრულებინა, რომ ეცოცხლა; და შელახა მეტისმეტად ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ-მეთქი მათზე რისხვას უდაბნოში მათ დასაღუპად.
14მაგრამ ჩემი სახელის გულისათვის ვმოქმედებდი, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომელთა თვალწინ გამოვიყვანე ისინი.
15მაინც აღვმართე ხელი უდაბნოში მათ წინააღმდეგ, რომ არ მიმეყვანა იმ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ყოველი ქვეყნის მშვენებაა;
16რაკი შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემს წესებს არ მიჰყვებოდნენ, და შელახეს ჩემი შაბათები, რადგან მათი კერპებისკენ მიუწევდათ გული.
17მაგრამ ვერ გაიმეტა ისინი ჩემმა თვალმა დასაღუპავად და ვერ გავწყვიტე ისინი უდაბნოში.
18ვუთხარი მათ შვილებს უდაბნოში: თქვენი მამების წესებს ნუ მიჰყვებით, მათ სამართალს ნუ იცავთ, მათი კერპებით თავს ნუ იუწმიდურებთ-მეთქი.
19მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; ჩემს წესებს მიჰყევით, ჩემი სამართალი დაიცავით და შეასრულეთ-მეთქი;
20წმიდად შეინახეთ ჩემი შაბათები, რომ გქონდეთ ნიშნად ჩემსა და თქვენს შორის, და იცოდეთ, რომ მე უფალი ვარ, თქვენი ღმერთი.
21მაგრამ ამიჯანყდნენ შვილები, ჩემს წესებს არ მიჰყვებოდნენ, არ იცავდნენ და არ ასრულებდნენ ჩემს სამართალს, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ იცოცხლოს, და შელახეს ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ მათზე ჩემს რისხვას და მათზე მოვიკლავ-მეთქი ჩემს ბრაზს უდაბნოში;
22მაგრამ უკან შევაბრუნე ხელი და ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისთვის, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომელთა თვალწინ გამოვიყვანე ისინი.
23მაინც აღვმართე ხელი მათ წინააღმდეგ უდაბნოში, რომ გამეფანტა ისინი ხალხებში და სხვადასხვა ქვეყნებში გამებნია;
24რაკი ჩემს სამართალს არ ასრულებდნენ და ჩემი წესები შეიძულეს, ჩემი შაბათები შელახეს და თავიანთი მამების კერპებისკენ ეჭირათ თვალი,
25მეც მივეცი მათ უვარგისი წესები და სამართალი, რომლითაც ვერ იცოცხლებდნენ;
26გავაუწმიდურე ისინი შესაწირავებით, ყოველი პირველშობილის გატარებით ცეცხლში, რომ გამეჩანაგებინა ისინი, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ უფალი ვარ.
27ამიტომ ელაპარაკე ისრაელის სახლს, ადამის ძევ, და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: კიდევ ამით შემბღალეს თქვენმა მამებმა, ვერაგულად რომ იქცეოდნენ ჩემს მომართ.
28მივიყვანე იმ ქვეყანაში, რომლის მიცემას ხელის აღმართვით დავპირდი მათ; მათ კი მონახეს ყველა მაღალი გორაკი და ყველა ხემხვივანი და სწირავდნენ იქ თავიანთ მსხვერპლს, მიჰქონდათ იქ თავიანთი შესაწირავი ჩემს გასაჯავრებლად, აკმევდნენ იქ ამოდსაყნოსელს და ღვრიდნენ იქ თავიანთ საღვრელს.
29ვუთხარი, ეს რა გორაკია, სადაც დადიხართ-მეთქი? და დღევანდლამდე გორაკი ეწოდება სახელად.
30ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ხომ იუწმიდურებთ თავს თქვენი მამა-პაპის გზით? ხომ ირყვნებით მათი სიბლწეების კვალზე?
31როცა მიგაქვთ თქვენი შესაწირავი, როცა ცეცხლში ატარებთ თქვენს შვილებს, თავს იუწმიდურებთ ყველა თქვენი კერპით დღევანდლამდე, და კიდევ გინდათ, რომ შეგეკითხვინოთ, ისრაელის სახლო? ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ შეგეკითხვინოთ.
32არ ახდება, რაც ფიქრში მოგდით, რომ ამბობთ: ვიქნებით, როგორც სხვა ხალხები არიან, როგორც სხვა ქვეყნების ტომები არიან, რომ ხესა და ქვას ვემსახუროთო.
33ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, რისხვის გადმონთხევით არ ვიმეფო თქვენზე!
34გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული ხართ, მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, რისხვის გადმონთხევით,
35და მიგიყვანთ ხალხთა უდაბნოში და იქ პირისპირ მოგიწყობთ განკითხვას.
36როგორც თქვენს მამა-პაპას განვიკითხავდი ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, ისევე განგიკითხავთ თქვენც, ამბობს უფალი ღმერთი.
37კვერთხის ქვეშ გაგატარებთ და აღთქმის ბორკილში შეგიყვანთ.
38გამოვყოფ თქვენგან მოჯანყეებს და ჩემს ურჩებს, და მათი მდგმურობის ქვეყნიდან გამოვიყვან მათ, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
39თქვენ კი, ისრაელის სახლო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: წადით, ემსახურეთ თქვენ-თქვენ კერპებს; და ამიერიდან თუ არ მომისმენთ, მეტად მაინც ნუღა შელახავთ ჩემს წმიდა სახელს თქვენი შესაწირავებით და თქვენი კერპებით.
40რადგან ჩემს წმიდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე, ამბობს უფალი ღმერთი, უნდა მემსახუროს მთელი ისრაელის სახლი, ყველა ერთობლივ, ვინც კი არის ქვეყანაზე; იქ შევიტკბობ მათ, იქ მოვიკითხავ თქვენს შესაწირავებს და თქვენი ძღვენის ნათავარებს თქვენს სიწმიდეებთან ერთად.
41კეთილსურნელებად შეგიტკბობთ, როცა გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც ხართ გაფანტული, და ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში ხალხების თვალწინ.
42მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა მიგიყვანთ ისრაელის მიწაზე, ქვეყანაში, რომლის მიცემასაც შევპირდი ხელის აღმართივით თქვენს მამა-პაპას.
43იქ გაიხსენებთ თქვენს საქციელს და ნამოქმედარს, რითაც უწმიდურდებოდით, და შეგზარავთ თქვენი თავი იმ სიავეთა გამო, რასაც სჩადიოდით.
44მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა ჩემი სახელის გულისთვის მოგექცევით, არა თქვენი ბოროტი გზებისა და უზნეო საქციელის მიხედვით, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი.
Next