თავი - 36
Previous1შენ, ადამის ძევ! უწინასწარმეტყველე ისრაელის მთებს და უთხარი: ისრაელის მთებო, ისმინეთ უფლის სიტყვა!
2ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი მტერმა თქვა თქვენზე: აჰა, სამკვიდროდ დაგვრჩაო საუკუნო გორაკები,
3იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი ყოველის მხრიდან ნატრობენ თქვენს აოხრებას და შთანთქმას, რომ სამკვიდროდ დარჩეთ სხვა ხალხებს, რაკი სალაპარაკოდ და ხალხის საჭორაოდ ხართ გამხდარი,
4ამიტომ, ისრაელის მთებო, ისმინეთ უფალი ღმერთის სიტყვა. ასე ეუბნება უფალი ღმერთი მთებსა და გორაკებს, ხევებს და ხეობებს, უკაცრიელ ნაოხარებს და მიტოვებულ ქალაქებს, რომლებიც ნადავლად და შთასანთქმელად დარჩათ დანარჩენ ხალხებს, გარშემო რომ არიან.
5ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: ნახავთ, თუ ჩემი შურის ცეცხლით არ ვილაპარაკე დარჩენილ ხალხთა წინააღმდეგ და მთელი ედომის წინააღმდეგ, რომელთაც მიისაკუთრეს ჩემი ქვეყანა სამკვიდროდ და მთელი გულით უხარიათ ზიზღით აღსავსეთ, რომ დაიტაცეს მისი დოვლათი.
6ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებს, გორაკებს, ხევებს და ხეობებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ჩემი შურით და ჩემი რისხვით ვილაპარაკე იმის გამო, რომ შეურაცხყოფას ითმენთ ხალხებისგან.
7ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელი აღვმართე და ნახეთ, თუ შეურაცხყოფა არ ატარონ ხალხებმა, თქვენს გარშემო რომ არიან!
8თქვენ კი, ისრაელის მთებო, გაშალეთ ტოტები და ატარეთ თქვენი ნაყოფი ჩემი ერისთვის, ისრაელისთვის, რადგან მალე მოვლენ.
9რადგან, აჰა, თქვენკენა ვარ, თქვენკენ შემოვბრუნდი, მოიხვნებით და დაითესებით!
10გაგიმრავლებთ ხალხს, მთელს ისრაელის სახლს, ერთობლივ, დასახლდება ქალაქები და ნაოხარები აშენდება.
11გაგიმრავლებ კაცსა და პირუტყვს, იმრავლებენ და ინაყოფიერებენ; დაგასახლებთ წინანდებურად და კეთილად მოგექცევით, როგორც თავდაპირველად გექცეოდით, და დაინახავთ, რომ უფალი ვარ.
12მოვიყვან თქვენთან ხალხს - ჩემს ერს, ისრაელს, რათა დაგიმკვიდროს და გახდე მისი წილხვედრი, რომ აღარასოდეს გახადო შვილმკვდარი.
13ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გეუბნებიან: კაცისმჭამელი და შენი ხალხის შვილმკვდარმყოფელი ხარო,
14ამიტომ კაცს აღარ შეჭამ და შენს ხალხს შვილმკვდარს აღარ გახდი, ამბობს უფალი ღმერთი.
15აღარ მოგასმენინებ შეურაცხყოფას ხალხებისგან და აღარ გექნება მოსათმენი ლანძღვა-თრევა ტომებისგან, აღარ წააფორხილებ შენს ხალხს, ამბობს უფალი ღმერთი.
16იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
17ადამის ძევ! ისრაელის სახლმა გააუწმიდურა მიწა, სადაც ცხოვრობს, თავისი გზებით და მოქმედებით; მირეული ქალის უწმიდურებასავით არის მათი გზა ჩემს წინაშე.
18გადმოვანთხიე მათზე ჩემი რისხვა სისხლის გამო, მიწაზე რომ დასთხია, და კერპების გამო, რომლითაც გააუწმიდურა იგი.
19და გავფანტე ისინი ხალხებში და მიმოვაბნიე ქვეყნებში; მათი გზისაებრ და მათ საქმეთაებრ განვსაჯე ისინი.
20მივიდნენ ხალხთან, სადაც მივიდნენ, და შელახეს ჩემი წმიდა სახელი; თქვეს მათზე: უფლის ხალხია ესენი და თავისი ქვეყნიდან გამოვიდნენო.
21მაგრამ მე დავითმინე ჩემი წმიდა სახელის გამო, რომელიც შელახა ისრაელის სახლმა იმ ხალხში, სადაც მივიდნენ.
22ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თქვენი გულისთვის არ აღვძრულვარ, ისრაელის სახლო, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, რომელიც შელახეთ იმ ხალხში, სადაც მიხვედით.
23წმიდავყოფ ჩემს დიად სახელს, შელახულს იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ შელახეთ; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში მათ თვალწინ.
24გამოგიყვანთ ხალხებიდან, გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.
25გასხურებთ განმწმედელ წყალს და გაგწმედთ ყოველი უწმიდურებისგან და ყოველი თქვენი კერპისგან გაგწმედთ თქვენ.
26მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.
27ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ.
28იცხოვრებთ იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი; იქნებით ჩემთვის საკუთარ ერად და მე თქვენი საკუთარი ღმერთი ვიქნები.
29გიხსნით ყველა უწმიდურობისგან, გამოვიხმობ პურს, გავაუხვებ მას და აღარ მოვავლენ თქვენზე შიმშილს.
30გავამრავლებ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რომ აღარ ითმენდეთ სირცხვილს ხალხთა შორის შიმშილის გამო.
31მაშინ გაიხსენებთ თქვენს უკეთურ გზებს და უკუღმართ საქმეებს და შეგზარდებათ საკუთარი თავი თქვენს დანაშაულთა და სისაძაგლეთა გამო.
32თქვენი გულისთვის არ აღვიძრები, ამბობს უფაღი ღმერთი; ეს შეიგნეთ! გრცხვენოდეთ და გაწითლდით თქვენი გზების გამო, ისრაელის სახლო!
33ასე ამბობს უფალი ღმერთი როცა ჩამოგრეცხავთ ყოველგვარ დანაშაულს, დავასახლებ თქვენს ქალაქებს და აშენდება თქვენი ნაოხარები,
34მოიხვნება უკაცრიელი მიწა, უდაბურად რომ უჩნდა ყოველ ჩამვლელს;
35იტყვიან: ედემის ბაღად იქცაო ეს უდაბური ქვეყანა და ნაოხარი! გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები შემოიზღუდება და დასახლდება.
36მიხვდებიან ხალხები, რომლებიც შემორჩებიან თქვენს გარშემო, რომ მე, უფალმა, ავაშენე დანგრეული და გავაშენე გაუდაბურებული, რადგან მე, უფალმა, ვთქვი და აღვასრულებ.
37ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, კიდევ რა მთხოვა ისრაელის სახლმა, რომ გავუკეთო მას: ცხვრის ფარასავით გავუმრავლო მათ ადამიანი.
38ხომ ბევრია შესაწირავი ცხვარი, იერუსალიმის ცხვარი მის დღესასწაულებზე, ასევე სავსე იქნება ნაოხარი ქალაქები ადამიანთა ფარით და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
Next