თავი - 14
Previous1მოვიდნენ კაცები ისრაელის უხუცესთაგან და დასხდნენ ჩემს წინ.
2იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
3ადამის ძევ! ამ კაცებმა კერპები აღმართეს თავიანთ გულებში და თავიანთი უკეთურება დაბრკოლებად დაიდეს წინ; როგორ შემიძლია მათი კითხული ვიყო?
4ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუ კაცი ვინმე ისრაელის სახლიდან, რომელსაც კერპები აქვს აღმართული თავის გულში და უკეთურება დაბრკოლებად უდევს წინ, მივა წინასწარმეტყველთან, როგორ მიიღებს პასუხს ჩემგან, უფლისგან, როცა თავის კერპთა სიმრავლითურთ არის მოსული,
5რომ დაჭერილი იყოს ისრაელის სახლის გულები, რომლებიც გამიუცხოვდნენ თავიანთი კერპების მიზეზით?
6ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მობრუნდით და განერიდეთ თქვენს კერპებს და ყველა თქვენს სისაძაგლეს მოარიდეთ პირი;
7რადგან, თუ კაცი ვინმე ისრაელის სახლიდან და მდგმურთაგან, რომელიც მდგმურობს ისრაელში, გამიუცხოვდება, აღმართავს კერპებს თავის გულში და უკეთურებას დაბრკოლებად დაიდებს წინ, წინასწარმეტყველთან მივა, რომ დამეკითხოს - მე, უფალმა, როგორ გავცე მას პასუხი?
8პირს მივაქცევ ამ კაცის წინააღმდეგ, ნიშად და იგავად გავხდი მას და მოვკვეთავ ჩემი ერიდან. მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
9თუ წინასწარმეტყველი ჩავარდა ცთუნებაში და ალაპარაკდა, მე, უფალი, ვიქნები ამ წინასწარმეტყველის მაცთუნებელი; ხელს მოვუღერებ და ჩემი ერიდან, ისრაელიდან, ამოვძირკვავ მას.
10პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე; ერთი იქნება დანაშაული შემკითხველისა და დანაშაული წინასწარმეტყველისა,
11რომ ამიერიდან აღარ განმიდგეს ისრაელის სახლი და აღარ შესცოდოს თავისი შეცოდებებით, იყოს ჩემი ერი და მე მისი ღმერთი ვიყო, ამბობს უფალი ღმერთი.
12იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
13ადამის ძევ! თუ ქვეყანა შესცოდავს ჩემს წინაშე და განმიდგება, ხელს მოვუღერებ და პურის კვერთხს გადავუმტვრევ, მოვუვლენ შიმშილს და გავუწყვეტ კაცსა და საქონელს.
14ეს სამი კაცი რომ აღმოჩნდეს მათ გარემოში - ნოე, დანიელი და იობი, თავიანთი სიმართლით გადაირჩენდნენ თავს, ამბობს უფალი ღმერთი.
15თუ სასტიკ მხეცებს მივუშვებდი ქვეყანაზე და გაატიალებდნენ, ისე გაუდაბურდებოდა, რომ მხეცების შიშით ვერავინ გაივლიდა იქ,
16ეს სამი კაციც (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდა თავის ვაჟებს და ასულებს; მხოლოდ საკუთარ თავს გადაარჩენდა, ქვეყანა კი გაუდაბურდებოდა.
17თუ მახვილს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და ვეტყოდი: მახვილო, ჩაიარე-მეთქი ქვეყანაში! და გავუწყვეტდი კაცსა და საქონელს,
18ეს სამი კაციც (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდა თავის ვაჟებს და ასულებს, მხოლოდ თვითონ გადარჩებოდნენ.
19თუ ჟამს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და სისხლით გადმოვანთხევდი მასზე ჩემს რისხვას კაცისა და საქონლის ამოსაწყვეტად,
20ვერც ნოე, ვერც დანიელი და ვერც იობი (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდნენ ვაჟსა და ასულს, მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ თავიანთი სიმართლით.
21რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ჩემი ოთხი მძიმე სასჯელიც რომ მოვუვლინო იერუსალიმს - მახვილი, შიმშილი, სასტიკი მხეცი და ჟამი - ქვეყნად კაცისა და საქონლის გასაწყვეტად,
22აჰა, დარჩება თავდაღწეულ ვაჟთა და ასულთა ნატამალი; აჰა, გამოვლენ თქვენთან და თქვენ დაინახავთ მათ საქციელს და მათ საქმეებს, და დაგავიწყდებათ ბოროტება, რომელიც იერუსალიმს დავატეხე, ყველაფები, რაც მას დავატეხე.
23დაგავიწყებენ ყველაფერს, როცა მათ საქციელს და საქმეებს დაინახავთ, და მიხვდებით, რომ ამაოდ არ გამიკეთებია ყველაფერი, რაც იქ გავაკეთე, ამბობს უფალი ღმერთი.
Next