თავი - 13
Previous1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარძეტყველებზე და უთხარი საკუთარი ნებით გაწინასწარმეტყველებულთ; ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა.
3ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: ვაი ცრუ-წინასწარმეტყველთ, რომლებიც საკუთარ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ!
4ნაოხარ ადგილებში რომ მელიები არიან, იმას გვანან შენი წინასწარმეტყველნი, ისრაელო!
5ნუ გახვალთ ნანგრევებზე და ზღუდეს ნუ შემოავლებთ ისრაელის სახლს, რომ საბრძოლველად დადგეს უფლის დღეს.
6მათი ხილვები ფუჭია და მათი მისნობა სიცრუე; კი ამბობენ, უფალმა თქვაო, მაგრამ უფალს არ მოუვლენია ისინი; ირწმუნებიან, ახდებაო ჩვენი სიტყვა.
7განა ფუჭ ხილვებს არ ხედავთ და ცრუ მისნობას არ წარმოთქვამთ, რომ ამბობთ, უფლის ნათქვამიაო, მე კი არაფერი მითქვამს?
8ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: რაკი ფუჭს ლაპარაკობთ და სიცრუეს ხედავთ, ამიტომაც, აჰა, თქვენს წინააღმდეგ ვარ, ამბობს უფალი ღმერთი.
9იქნება ჩემი ხელი ფუჭმხილველ წინასწარმეტყველთა და სიცრუის მისანთა წინააღმდეგ; ჩემი ერის საბჭოში არ იქნებიან ისინი, ისრაელის სახლის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ.
10სწორედ იმის გამო, რომ აცთუნებენ ჩემს ერს, რომ ეუბნებიან, მშვიდობააო და არ არის მშვიდობა; ჩემი ხალხი კედელს აშენებს და, აჰა, ესენი კირით ლესავენ.
11უთხარი მლესავთ, ჩამოწვება-თქო თქვენი კედელი. წამოვა თავსხმა და, თქვენ, ყინულის ქვებო, ჩამოცვივდებით, და ქარიშხალი ამოვარდება.
12აჰა, დაეცა კედელი. ხომ გეტყვიან, სად არის ბათქაში, რომლითაც შელესეთო?
13ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავტეხავ ქარიშხალს ჩემი რისხვით და თავსხმა წამოვა ჩემი წყრომით, და ყინულის ქვები ჩემი გაცეცხლებით, გასანადგურებლად.
14დავანგრევ კედელს, თქვენ რომ შელესეთ, მიწასთან გავასწორებ და გაშიშვლდება მისი საძირკველი; დაეცემა და თქვენც მის ნანგრევებში დაიღუპებით. და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
15კედელზე გადმოვანთხევ ჩემს რისხვას და მის მლესავებზე, გეტყვით თქვენ: აღარ არის კედელი და არც მისი შემლესავი;
16აღარც ისრაელის წინასწარმეტყველნი იერუსალიმზე რომ წინასწარმეტყველებდნენ და აღარც მისთვის მშვიდობისმხილველნი, როცა არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი ღმერთი.
17შენ კი, ადამის ძევ, სახე მიაბრუნე შენი ერის ასულებისკენ, საკუთარი გულით რომ წინასწარმეტყველებენ, და იწინასწარმეტყველე მათზე.
18უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი იმ დედაკაცებს, ბალიშებს მკლავის მთელს სიგრძეზე რომ კერავენ და თავის დასაბურავს ყველა ზომაზე რომ აკეთებენ სულების მოსანადირებლად! ჩემი ერის სულებს მოინადირებთ, თქვენს სულებს კი გადაირჩენთ?
19შეურაცხმყავით ჩემი ერის წინაშე, ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ არიან მოსაკვდავი, და ცოცხლად ტოვებთ სულებს, რომლებიც არ არიან საცოცხლებელი, რომ ატყუებთ ჩემს ერს, ტყუილის გამგონეს.
20ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, აღვდგები თქვენი ბალიშების წინააღმდეგ, რომლებითაც სულებს ინადირებთ თქვენთან მოსაფრენად; გამოგგლეჯთ მკლავებიდან მათ და გავუშვებ სულებს, რომლებსაც ინადირებთ, რომ თქვენთან მოფრინდნენ.
21დავგლეჯ მაგ თქვენს დასაბურავებს და დავიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან; აღარ იქნებიან თქვენს ხელში ნანადირევად და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
22რადგან სულს უმწარებდით ტყუილით მართალს, მე კი არ შემიწუხებია; ბოროტეულს ამხნევებდით, რომ არ მოქცეულიყო ბოროტი გზიდან და არ გადარჩენილიყო.
23ამის გამო ვეღარ იხილავთ ფუჭ ხილვებს და მისნობას ვეღარ გასწევთ; დავიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან და მიხვდებით, რომ უფალი ვარ!
Next