Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1იყო ჩემს მომართ უფლის სიტყვა ნათქვამი:
2ადამის ძევ, ურჩთა სახლის შუაგულში ცხოვრობ შენ. თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ სასმენად და არ ესმით, რადგან ურჩთა სახლია ისინი.
3ამიტომ, ადამის ძევ, ყარიბივით გამოეწყვე და გადი საყარიბოდ დღისით, მათ თვალწინ; იყარიბე შენი ადგილიდან სხვა ადგილას მათ თვალწინ, ვინძლო დაინახონ, რომ ურჩთა სახლი არიან.
4გამოიტანე შენი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით მათ თვალწინ, და გადი საღამოთი მათ თვალწინ საყარიბოდ გამსვლელთა მსგავსად.
5მათ თვალწინ გაანგრიე კედელი და ხვრელში გაიტანე.
6მათ თვალწინ ზურგზე აიკიდე შენი ტვირთი და ბნელში გაიტანე; სახე დაფარული გქონდეს, რომ არ უყურებდე მიწას, რადგან ნიშნად დამიდგენიხარ ისრაელის სახლისთვის.
7ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა: გამოვიტანე ჩემი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით, საღამოთი კი ჩემი ხელით გავანგრიე კედელი, ბნელში გავიტანე ბარგი და ზურგზე მოვიკიდე მათ თვალწინ.
8იყო უფლის სიტყვა დილით ჩემს მომართ ნათქვამი:
9ადამის ძევ! ხომ არ უკითხავს შენთვის ისრაელის სახლს, ურჩთა სახლს, ამას რას აკეთებო?
10უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ეს განაჩენი ეხება მთავარს იერუსალიმში და მთელს ისრაელის სახლს, ვინც იქ არის.
11უთხარი, ნიშნად ვარ-თქო თქვენთვის; როგორც მე ვიქცევი, ისე დაემართებათ მათ: ყარიბობაში, ტყვეობაში წავლენ-თქო.
12მთავარი, რომელიც მათ შორის არის, ტვირთს აიკიდებს ზურგზე ბნელში და გავა; კედელს გაანგრევენ, რომ გაიყვანონ; სახეს დაიფარავს, რომ ვეღარ იხილოს მისმა თვალმა ეს ქვეყანა.
13მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაებმება ჩემს მახეში: წავიყვან ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს მას, თუმცა იქ მოკვდება.
14ყველას, მის გარშემო მყოფს, მის შემწეს და მთელს ლაშქარს გავფანტავ ყველა ქარის მიმართულებით და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
15მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა გავაბნევ ხალხებში მათ და ქვეყნებში მიმოვფანტავ.
16მაგრამ გადავარჩენ მათგან მცირე რიცხვს მახვილისგან, შიმშილისგან და ჭირისგან, რათა იამბონ თავიანთი სისაძაგლეები იმ ხალხში, ვისთანაც მივლენ. მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
17იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
18ადამის ძევ! კანკალით ჭამე შენი პური და შიშით და ძრწოლით სვი შენი წყალი!
19უთხარი ამ ქვეყნის ხალხს, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი იერუსალიმის მკვიდრთა გამო ისრაელის მიწაზე: ძრწოლით შეჭამენ თავიანთ პურს და სასოწარკვეთაში შესვამენ წყალს, რადგან მისი მიწა დაცარიელდება თავისი სისავსისგან მის მცხოვრებთა ძალადობის გამო.
20აოხრდება დასახლებული ქალაქები და გაუდაბურდება ქვეყანა; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
21იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
22ადამის ძევ! ეს რა ანდაზა გაქვთ ისრაელის მიწაზე, ჟამი გაივლის და ყოველი ხილვა გაქარწყლდებაო?
23ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმებ ამ ანდაზას და აღარ იანდაზებს ის ისრაელში; არამედ უთხარი: ახლოა ჟამი და ყოველი ხილვის აღსრულება-თქო;
24რადგან არცერთი ხილვა ფუჭად არ ჩაივლის და არც მაცთუნებელი მისნობა ისრაელის სახლში;
25რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ; რასაც ვილაპარაკებ, მოხდება, არ გადაიდება; რადგან თქვენს დღეებში, ურჩთა სახლო, ვილაპარაკებ სიტყვას და ავახდენ, ამბობს უფალი ღმერთი.
26იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
27ადამის ძევ! აჰა, ამბობს ისრაელის სახლი: ხილვა, რომელიც მან იხილა, მალე არ ახდებაო; შორეული დროისთვის წინასწარმეტყველებსო.
28ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: არცერთი ჩემი სიტყვა მეტად აღარ გადაიდება; რა სიტყვაც არ უნდა ვთქვა, ახდება, ამბობს უფალი ღმერთი.
Next