თავი - 11
Previous1ამიტაცა სულმა და მიმიყვანა უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება. და, აჰა, კარიბჭის შესასვლელთან ოცდახუთი კაცია და დავინახე მათ შორის იაზანია ყაზურის ძე და ფელატიაჰუ ბენაიაჰუს ძე - ხალხის მთავრები.
2მითხრა: ადამის ძევ! ეს კაცები ავის მზრახველები არიან და ბოროტ რჩევას იძლევიან ამ ქალაქში.
3ამბობენ: არ დამდგარა დრო სახლების შენებისა; ქვაბია ეს ქალაქი, ჩვენ კი ხორცი ვართო.
4ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ!
5დამეცა უფლის სული და მითხრა: თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ასე და ასე ლაპარაკობთ, ისრაელის სახლო, და რაც ფიქრად მოგდით, ვიცი მე.
6ბევრი გყავთ დახოცილი ამ ქალაქში და ქუჩები ავსებული გაქვთ დახოცილებით.
7ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: თქვენი დახოცილები, რომლებიც იქ დაგიყრიათ, ხორცია, ქალაქი კი - ქვაბი; თქვენ კი გაგიყვანთ იქიდან.
8მახვილის გეშინიათ და მახვილს მოგივლენთ! ამბობს ღმერთი.
9გაგიყვანთ იქიდან და უცხოთესლის ხელში ჩაგაგდებთ; და განვსჯი თქვენს სამართალს.
10მახვილით დაეცემით, ისრაელის საზღვარზე განგსჯით თქვენ და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
11ქალაქი არ იქნება თქვენთვის ქვაბი და თქვენც არ იქნებით მასში ხორცად; ისრაელის საზღვარზე განგსჯით თქვენ,
12და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, ვის წესებზეც არ გივლიათ და ვის რჯულზეც არ მოქცეულხართ; იმ ხალხების რჯულზე იქცეოდით, თქვენს გარშემო რომ არიან!
13როცა ეს ვიწინასწარმეტყველე, მოკვდა ფელატიაჰუ ბენაიას ძე და მე პირქვე დავემხე, შევღაღადე მაღალი ხმით და ვთქვი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ ბოლო უნდა მოუღო ისრაელის ნატამალს?
14იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
15ადამის ძევ! თქვენი ძმები, ძმები არიან ისინი, თქვენი სისხლით ნათესავნი და მთელი ისრაელის სახლი მთლიანად, რომელთაც ეუბნებიან იერუსალიმის მკვიდრნი: უფლისგან არიან განმდგარნი ეს ქვეყანა ჩვენ მოგვეცა სამკვიდროდო!
16ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუმცა გადავკარგე ისინი ხალხთა შორის და თუმცა მიმოვფანტე ქვეყნებში, მაინც ვიქნები მათთვის საწმიდარი, თუნდაც მცირე, იმ ქვეყნებში, სადაც წავიდნენ.
17ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შეგკრებთ ყველას ხალხებიდან და შეგაგროვებთ ქვეყნებიდან, სადაც მიმოფანტული მყავხართ, და თქვენ მოგცემთ ისრაელის მიწას.
18მივლენ იქ და წარხოცავენ მისგან ყოველგვარ სიბილწეს და ყოველგვარ სისაძაგლეს.
19მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ თქვენ; ამოვართმევ მათ ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს მივცემ,
20რათა ჩემს წესებზე იარონ, ჩემი რჯული დაიცვან და შეასრულონ. მაშინ ჩემი ხალხი იქნება ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები.
21ხოლო ვისაც თავის სიბილწეებისკენ და სისაძაგლეებისკენ მიუდის გული, მათსავე საქმეებს დავატეხ თავზე, ამბობს უფალი ღმერთი.
22გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ბორბლებიც მათ გაუსწორდა, და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ.
23აიმართა უფლის დიდება ქალაქიდან და დაადგა მთას ქალაქის აღმოსავლეთით რომ არის.
24სულმა ამიტაცა და ხილვაში, ღვთის სულით, მიმიყვანა ქალდეაში გადასახლებულებთან. და გამშორდა ხილვა, რომელიც ვიხილე.
25მერე ვუამბე გადასახლებულებს ყველაფერი, რაც უფალმა მახილვინა მე.
Next