თავი - 10
Previous1ვიხილე და, აჰა, ცამყარზე, რომელიც ქერუბიმების თავს ზემოთ არის, გამოჩნდა რაღაც საფირონის ქვისმაგვარი, რაღაც ტახტისმაგვარი, მათ ზემოთ.
2უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, უთხრა: შემოდი ბორბლებს შორის ქერუბიმთა ქვეშ და აივსე პეშვი ქერუბიმთა შორის აღებული ცეცხლის მუგუზლებით და გადააყარე ქალაქს. და შევიდა ჩემს თვალწინ.
3ქერუბიმები სახლის მარჯვენა მხარეს იდგნენ, როცა შევიდა კაცი და ღრუბელმა აავსო შიდა ეზო.
4ასცილდა უფლის დიდება ქერუბიმებს და გაემართა სახლის ზღურბლისკენ, და აივსო სახლი ღრუბლით, ეზო კი სავსე იყო უფლის დიდების ნათებით.
5ხმა ქერუბიმთა ფრთებისა გარეთა ეზომდე აღწევდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როცა ლაპარაკობს იგი.
6როცა უბრძანა სელით შემოსილ კაცს და უთხრა: აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბიმთა შორისო, და ისიც შევიდა და ბორბალთან დადგა,
7მაშინ, გაიწოდა ხელი ერთმა ქერუბიმმა ქერუბიმთაგან ცეცხლისკენ, რომელიც ქერუბიმთა შორის იყო, აიღო და ჩაუდო პეშვში სელით შემოსილს. მანაც აიღო და გავიდა.
8ადამიანის ხელისმაგვარი რამ უჩანდათ ქერუბიმებს ფრთებქვეშ.
9ვიხილე და, აჰა, ოთხი ბორბალია ქერუბიმთა გვერდით: ერთი ბორბალი ერთი ქერუბიმის გვერდით; თარშიშის ქვის მსგავსია ბორბლები.
10შესახედაობით ერთმანეთის მსგავსია ოთხივე ბორბალი, თითქოს ბორბალი ბორბალში იყოს ჩასმული.
11სვლისას ოთხივე მხარეს მიდიოდნენ; სვლისას არ ტრიალებდნენ, რადგან იმ მიმართულებით მიდიოდნენ, საითკენაც თავები ჰქონდათ მიქცეული. სვლისას არ ტრიალდებოდნენ.
12მთელი მათი ტანი, მთელი მათი ზურგი, ყველა მათი ფრთა და ბორბლები ირგვლივ სავსე იყო თვალებით, ბორბლები ოთხივე მათგანისა.
13როგორც ჩამესმა, ქუხილი ერქვათ ამ ბორბლებს.
14თითოეულს ოთხი სახე ჰქონდა: ერთის სახე ქერუბინის სახე იყო, მეორის სახე ადამიანის სახე იყო, მესამის სახე ლომის სახე იყო, მეოთხის სახე არწივის სახე იყო.
15აღიმართნენ ქერუბიმები; ესენი ცოცხალი არსებები იყვნენ, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ვიხილე.
16როცა დაიძრებოდნენ ქერუბიმები, ბორბლები მოძრაობდნენ მათ გვერდით; როცა ფრთებს გაშლიდნენ ქერუბიმები მიწიდან ასაწევად, არ ტრიალდებოდნენ ბორბლები მათი გვერდიდან.
17დადგომისას ისინიც იდგნენ, აწევისას ისინიც აიწეოდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული იყო მათში.
18გასცილდა უფლის დიდება სახლის ზღურბლს და ზედ დაადგა ქერუბიმებს.
19გასვლისას გაშალეს ფრთები ჩემს თვალწინ ქერუბიმებმა და აიმართნენ მიწიდან ბორბლებითურთ მათ გვერდით; შედგნენ უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭეში შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ.
20ეს ის ცოცხალი არსებანი იყვნენ, რომლებიც ვიხილე ისრაელის ღმერთის ქვეშ მდინარე ქებარის პირას, და მივხვდი, რომ ქერუბიმები იყვნენ.
21თითოეულს ოთხ-ოთხი სახე ჰქონდა და ოთხ-ოთხი ფრთა თითოეულს, და ადამიანის ხელისმაგვარი რამ ფრთებქვეშ.
22მათი სახეები იმათი სახეების მსგავსი იყო, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას, მათი შესახედაობაც და თავად ისინიც. თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მიდიოდა.
Next