თავი - 4
Previous1როგორ დაიბინდა ოქრო, ფერი იცვალა ბაჯაღლომ; გაფანტულია საწმიდრის ქვები ყოველ გზაჯვარედინზე;
2ოქროს სწორი, სიონის ძვირფასი ძენი, როგორ შეირაცხნენ მექოთნის ნაზელ თიხის ნამტვრევებად!
3ტურებიც კი აწვდიან ძუძუს და აწოვებენ თავიანთ ლეკვებს; ჩემი ერის ასული კი გულქვა გახდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში.
4მწოველის ენა სასას მიეკრა წყურვილისგან; ბავშვები პურს ითხოვენ, მაგრამ არ არის მიმწოდებელი.
5ნუგბართა მჭამელნი ქუჩებში სულს ღაფავენ; ძოწეულში ნახვევნი ნაკელში ყრიან.
6ჩემი ერის ასულის ბრალი აღემატა სოდომის ცოდვას, წამში რომ დაიქცა და ვერა ხელმა ვერ დაიხსნა.
7მათი მთავრები თოვლზე სპეტაკები იყვნენ, რძეზე თეთრები, მათი ტანი ბადახშზე წითელი, მათი გამოხედვა - საფირონი.
8ახლა კი ნახშირის უშავესია მათი სახე, ვერავინ იცნობს მათ ქუჩაში; ძვლებს ეკვრის მათი კანი, ხესავით არის გამომშრალი.
9ხმლით გაწყვეტილნი უფრო ბედნიერნი არიან, ვიდრე შიმშილით გაწყვეტილნი, რომლებიც დაილივნენ მინდვრის საკვებს მოკლებულნი.
10გულმოწყალე ქალები საკუთარი ხელით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, საზრდოდ რომ ჰქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს.
11გადმოსცალა უფალმა თავისი რისხვა, გადმოაფრქვია თავისი წყრომის ალი, ცეცხლი წაუკიდა სიონს და შეაჭმევინა მისი საძირკველნი.
12არ სჯეროდათ ქვეყნის მეფეებს ან მკვიდრებს ამა სოფლისა, თუ მტერი და მომხდური შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში;
13ეს მოხდა მის წინასწარმეტყველთა ცოდვების და მის მღვდელთა შეცოდებების გამო, მართალთა სისხლს რომ ღვრიდნენ მის წიაღში.
14ქუჩებში დაძრწოდნენ, როგორც ბრმები, სისხლში გასვრილნი, და ვერაფერს ეკარებოდნენ სამოსელით.
15შორს უწმიდურნო! უყვიროდნენ, შორს, შორს, არ მოგვეკაროო! ასე გარბოდნენ და დაწანწალებდნენ, ხალხში ამბობდნენ: მეტს აღარ ვაცხოვრებთო აქ.
16თავად უფალმა გაფანტა ისინი, მეტად აღარ მოხედავს მათ; მღვდლებს პატივს არ სცემენ, მოხუცებულთ არ იბრალებენ.
17და კიდევ: დაგვევსო თვალები შემწეობის ამაო მოლოდინში; სათვალთვალო კოშკიდან ვუმზერდით ხალხს, რომელსაც ჩვენი შველა არ შეეძლო.
18ზვერავდნენ ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენს ქუჩებში რომ არ გვევლო. მოაწია ჩვენმა ბოლომ, გასრულდა ჩვენი დღეები, დადგა ჩვენი ბოლო.
19ცის არწივთა უსწრაფესნი იყვნენ ჩვენი მდევრები, მთებზე გვედევნებოდნენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ.
20სუნთქვა ჩვენს ნესტოთა - უფლის ცხებული მათ ორმოშია გამომწყვდეული; ჩვენ კი ვფიქრობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცოცხლებდით ხალხთა შორის.
21იხარე და იმხიარულე, ედომის ასულო, ყველა ქვეყანაში მცხოვრებო! შენთანაც ჩამოივლის თასი: დაითვრები და გაშიშვლდები!
22გათავდა შენი სასჯელი, სიონის ასულო; მეტს აღარ დაგტოვებს დევნილებაში. შენ კი მოგკითხავს დანაშაულს, ედომის ასულო, და გაამჟღავნებს შენს ცოდვებს.
Next