თავი - 3
Previous1მე ვარ კაცი, ტანჯვის მნახველი მისი რისხვის კვერთხის ქვეშ;
2წამიძღვა და მივყავდი ბნელისკენ, არა ნათლისკენ;
3მხოლოდ ჩემკენ იღერებს და იღერებს ხელს მთელი დღე იგი;
4გამიცვითა მან ხორცი და კანი, შემიმუსრა ძვლები;
5შემომადგა და შემომარტყა ტანჯვა და წამება;
6ჩამსვა წყვდიადში საუკუნოდ მკვდარივით;
7ზღუდე შემომავლო და ვერ გავდივარ, დამიმძიმა ბორკილები;
8კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს ჩემს ვედრებას;
9გზა ჩამიხერგა ლოდებით და დამიხლართა ბილიკები;
10დათვია ის ჩემთვის, საფარში მჯდარი, და ლომი, დადარნებული;
11გზებს გადამაგდინა და გამწეწა, ცარიელი დამტოვა;
12მოზიდა მშვილდი და ისართა სამიზნედ დამსვა;
13გულ-ღვიძლში გამიტარა თავისი კაპარჭის ამონასხლეტი;
14ქვეყნის ხალხის სასაცილო შევიქენი, მათ სამღერელად მთელი დღისთვის;
15სიმწარით გამაძღო და აბზინდა შემასვა;
16კბილები ჩამილეწა ხრეშით, მტვერში გამთელა;
17მშვიდობა წაართვი ჩემს სულს, დამავიწყდა კეთილდღეობა;
18ვთქვი: წამერთვა ღონე და უფლის იმედი;
19გაიხსენე ჩემი განჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი;
20კარგად ვიხსენებ ამას და მიღონდება სული;
21ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი;
22არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები;
23განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი.
24ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი;
25კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის;
26კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან;
27კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში;
28ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი;
29მტვერითაც რომ აუვსო პირი, მაინც ექნება უფლის იმედი;
30თუნდაც მიუშვიროს ლოყა მის მცემელს, გაძღეს გინებით;
31არ გასწირავს საუკუნოდ უფალი;
32კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით;
33რადგან გულით როდი სტანჯავს და აწვალებს კაცისშვილებს,
34როცა ფეხქვეშ თელავენ ქვეყნის პატიმრებს,
35როცა სამართალს უმრუდებენ კაცს უზენაესის წინაშე,
36როცა ჩაგრავენ ადამიანს მის სამართალში, განა ამას ვერ ხედავს უფალი?
37ვის თქმაზე აღსრულდება რამე, თუ უფალმა არ ბრძანა?
38განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?
39რატომ ჩივის ცოცხალი კაცი, ვაჟკაცი, თავის ცოდვებზე?
40გავჩხრიკოთ ჩვენი საქციელი, გავარკვიოთ და უფალს დავუბრუნდეთ;
41ხელებით აღვმართოთ ჩვენი გული ცაში უფლისადმი:
42ჩვენ შევცოდეთ და განვდექით, შენ არ გვაპატიე;
43რისხვით მოიბურე და გვდევნი, გვხოცავ შეუბრალებლად;
44ღრუბლით მოიბურე, რომ აირიდო ჩვენი ლოცვები;
45ნაგვად და სიბინძურედ გვაქციე ხალხთა შორის;
46ხახა დააღეს ჩვენს ჩასანთქმელად ჩვენმა მტრებმა;
47შიში და საფრთხე გვხვდა წილად, ნგრევა და დაღუპვა;
48ცრემლის ნაკადულები სდის ჩემს თვალებს ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო;
49იღვრება ჩემი თვალი განუწყვეტლივ, არ არის შვება;
50ვიდრე არ მოხედავს და არ იხილავს უფალი ციდან;
51ჩემი თვალები სულს მიდარდიანებენ ჩემი ქალაქის ასულთა გამო;
52მომინადირეს ჩემმა მტრებმა როგორც ჩიტი რამ, უმიზეზოდ;
53ცოცხლად ჩამაგდეს ორმოში და ქვები დამაყარეს;
54გადამფარა წყალმა, ვთქვი, დავიღუპე-მეთქი;
55ვუხმე შენს სახელს, უფალო, ორმოს სიღრმიდან;
56ხომ მოგესმა ჩემი ხმა, ნუ წაუყრუებ ჩემს ხვეწნა-ვედრებას;
57შენ ახლოს ხარ, როცა გიხმობ; ამბობ: ნუ გეშინის!
58შენ ესარჩლებოდი ჩემს სულს, უფალო, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე!
59შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, უფალო, მაშ, გაიკითხე ჩემი სამართალი!
60შენ დაინახე მათი შური ჩემს მიმართ, მათი ზრახვები ჩემს წინააღმდეგ!
61შენ გაიგონე მათი გინება, უფალო, მათი ზრახვები ჩემს წინააღმდეგ!
62ჩემს მომხდურთა ბაგეები და ფიქრები ჩემს წინააღმდეგ არის მთელი დღე;
63სხედან თუ დგანან, შეხედე, მათი სამღერელი შევიქენი;
64მიაგე მათ საზღაური, უფალო, მათ ხელთა საქმეთაებრ!
65მოუვლინე მათ გულის სიბნელე, უფალო, და წყევლა შენი!
66რისხვით დაედევნე მათ და მუსრი გაავლე უფლის ცისქვეშეთში!
Next