თავი - 2
Previous1როგორ დანისლა უფალმა სიონის ასული თავისი რისხვით! ციდან მიწაზე ჩამოამხო ისრაელის მშვენება და არ გახსენებია თავისი კვარცხლბეკი თავის რისხვის დღეს.
2შემუსრა, არ დაინდო უფალმა იაკობის სამკვიდრებელნი, დააქცია თავისი წყრომით იუდას ასულის ციხე-სიმაგრენი, მიწასთან გაასწორა; უპატიოჰყო სამეფო და მისი მთავრები.
3მოსტეხა მთელი რქა ისრაელს მძვინვარე რისხვით; მტერს მოარიდა თავისი მარჯვენა და აგიზგიზდა იაკობში როგორც ცეცხლი, ყოვლის მჭამელი.
4როგორც მტერმა, მოზიდა მშვილდი, აღმართა მარჯვენა დუშმანივით და მოკლა მისი თვალის სიხარული; ცეცხლივით დაანთხია თავისი რისხვა სიონის ასულის კარავში.
5მტერივით გახდა უფალი, შემუსრა ისრაელი, შემუსრა მისი პალატები, დაუქცია ციხე-სიმაგრენი და მოაწია იუდას ასულზე ოხვრა და კვნესა.
6დაანგრია მისი ბაღი და კარავი, დააქცია მისი სადღესასწაულო ადგილი; დაავიწყებინა უფალმა სიონში დღესასწაული და შაბათი, შეიძულა თავის მძვინვარე რისხვაში მეფე და მღვდელი.
7შერისხა უფალმა თავისი სამსხვერპლო, შეაჩვენა თავისი საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელში მისი პალატების კედლები; ხმა გაიღეს უფლის სახლში, როგორც დღესასწაულზე.
8გადაწყვიტა უფალმა, დაენგრია სიონის ასულის კედლები, გაჭიმა ძაფი, ხელი არ აიღო განადგურებაზე; დააქცია ზღუდე და კედელი - ერთად არიან დაქცეულნი.
9მიწაში ჩაეფლო მისი ჭიშკრები, მან დალეწა და შემუსრა მისი ურდულები; მისი მეფე და მთავრები წარმართთა შორის არიან; აღარ არის რჯული და მის წინასწარმეტყველებსაც შეუწყდათ უფლისგან ხილვები.
10მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, თავზე ნაცარი აყრიათ და ჯვალოთი არიან შემოსილი; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს.
11ცრემლებმა დამიშრიტეს თვალისჩინი, მეწვის გულ-ღვიძლი, მიწაზე დაიღვარა ჩემი ნაღველი ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო, რადგან ღონემიხდილნი ყრიან ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები ქალაქის ქუჩებში.
12დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში.
13რა ვთქვა შენზე, რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო? რას მიგამსგავსო, რომ განუგეშო, სიონის ქალწულო ასულო? რადგან ზღვასავით დიდია შენი დაქცევა, ვინ არის შენი განმკურნებელი?
14შენი წინასწარმეტყველნი ცრუ და სულელურ ხილვებს ხედავდნენ შენთვის, არ გიმხელდნენ შენს შეცოდებებს დაკარგულის დასაბრუნებლად; მხოლოდ ცრუსა და მაცთუნებელ განაჩენს ხედავდნენ შენთვის.
15ტაშს შემოჰკრავს შენზე ყოველი გზად ჩამვლელი, დაუსტვენს და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე: ეს არის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ სრულქმნილი მშვენებააო, მთელი ქვეყნის სიხარულიაო?
16ხახა დააღეს შენზე შენმა მტრებმა, უსტვენენ, კბილებს ახრჭიალებენ, ყვირიან: ჩავყლაპეთ უკვე! აჰა, ეს დღე, რომელსაც ველოდით, მოვესწარითო, ვხედავთო მას!
17აღასრულა უფალმა განზრახული; აახდინა თავისი ნათქვამი, რაც ჰქონდა ნაბრძანები ძველთაგანვე; დააქცია და არ შეიბრალა; მტერი გაახარა შენზე, რქა აღუმაღლა შენს დუშმანებს.
18მათი გული უფალს შეჰღაღადებს: სიონის ასულის კედლებო, ნიაღვარივით ღვარეთ ცრემლი დღედაღამე; შვებას ნუ მოიცემთ, ნურც შეშრება თქვენი თვალის გუგები.
19ადექი, იღაღადე ღამით, ყოველ სახმილავზე, წყალივით დაღვარე შენი გული უფლის წინაშე; გაიწოდე ხელები მისკენ შენი ჩვილების სიცოცხლისთვის, შიმშილით რომ იხოცებიან გზაჯვარედინებზე.
20მოიხედე, უფალო, და დაინახე, ვის მოექეცი ასე? თუ უჭამიათ დედაკაცებს თავიანთი ნაყოფი, ნალოლიავები ბავშვები? თუ დახოცილან უფლის საწმიდარში მღვდელი და წინასწარმეტყველი?
21ყრიან ქუჩის მტვერში ყმაწვილი და მოხუცი, ჩემი ქალწულები და მოყმეები მახვილით დაეცნენ; დახოცე შენი რისხვის დღეს, დაკალი, არ დაინდე.
22შენ მოიწვიე, როგორც დღესასწაულზე, ჩემი შიშისზარნი ყოველი მხრიდან; და არავინ გაქცეულა, არავინ გადარჩენილა უფლის რისხვის დღეს; ვინც მე ვანებივრე და გავზარდე, მტერმა მოუღო მას ბოლო.
Next